ქართული ნიურნბერგის პროცესი დაიწყო. მართალია, პროკურატურაში უამრავი საქმე ჯერ კიდევ თაროზეა შემოდებული, მაგრამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მაშინდელი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას შეუდგა. ნაცების მხილების გარდა, თეა წულუკიანის კომისიის უმთავრესი მიზანი დამნაშავე პარტიის პოლიტიკური სივრციდან საბოლოოდ გაქრობა იქნება.
აღმოჩნდა, რომ ნაცების გასამართლების გეგმა „ქართული ოცნებიდან“ წასული ყოფილი წევრებისთვის არ ყოფილა მიმზიდველი. თინა ხიდაშელი „ამ ცირკში“ მონაწილეობას არ აპირებს, „ცეცხლთან შეთამაშებას“ არ ერიდება და ამბობს, რომ თეა წულუკიანის მუქარის მიუხედავად, არავინ შეშინდება არც დაკავებით, არც დაჯარიმებით კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
ნაციონალ გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიამ კიდევ ერთხელ გაუმძაფრა უხამსი ლექსიკის გამოყენების სურვილი და ამ კომისიაზე მიმსვლელსაც და მომსმენსაც ერთიანად შეუკურთხა. არც დანარჩენი ნაცები ჩამორჩნენ მის პათოსს.
ნაცების უკმაყოფილების ფონზე საგამოძიებო კომისიის მუშაობის კონტურები უკვე გამოიკვეთა. „ქართული ოცნება“ იძიებს 2003 წლის გაყალბებულ არჩევნებს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნაცების მოღალატეობრივ საქმეებს რუსეთის სასარგებლოდ, რაშიც ჩვენი არასამთავრობოები ნაცებს სინქრონულად ეხმარებოდნენ. საუბარია იმაზე, რომ ევროსასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა სარჩელი, რომლითაც საქართველოს ედავებოდნენ ცხინვალის დაბომბვას გრადებით.
„ქართული ოცნება“ აპირებს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ბევრ საიდუმლოს ახადოს ფარდა. კერძოდ, სად გაქრა რუსეთის მიერ გორში მშვიდობიან მოსახლეობაზე გამოყენებული „ისკანდერი“ აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ?! ეს კასეტური რაკეტა ხომ ოქროს მტკიცებულება იქნებოდა რუსეთის აგრესიის სადემონსტრაციოდ, რაც ნაცების რეჟიმმა რუსეთის სასარგებლოდ გააქრო და „ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროვა?!
გარდა ამისა, წულუკიანის კომისია იძიებს 2004 წლის არჩევნების გაყალბებას ნაცების მხრიდან, როცა 60 ათას ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს. ირკვევა, ასევე, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაცებმა ხმები მოპარეს ლევან გაჩეჩილაძეს.
რა იქნება საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი? ამის შესახებ for.ge- ს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ესაუბრა.
იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი უამრავი გახმაურებული, თუ გაუხმაურებელი დანაშაული განუხილველად დევს პროკურატურაში, უნდა შემოიფარგლოს თუ არა ეს კომისია მხოლოდ კონკრეტული გახმაურებული საქმეებით?
- ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ამოცანებში არ შედის კონკრეტული საქმეების განხილვა. მისი ამოცანაა სააკაშვილის რეჟიმის სისტემური დანაშაულებრივი საქმიანობის პოლიტიკური შეფასებაა. თუ ამ პოლიტიკური შეფასების ფარგლებში კონკრეტული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი ნიშნები გამოიკვეთება, ეს მასალები აუცილებლად გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. ამ კომისიის მეორე მთავარი ამოცანაა, თავისი მუშაობის დასრულებისთანავე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ მანქანას, ერთხელ და სამუდამოდ აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში. ამის პრაქტიკა არსებობს უკრაინაში, მოლდოვაში, ამ გზას უნდათ, რომ დაადგნენ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობაა გერმანიაში, რომ მიმართონ საკონსტიტუციო ფედერალურ სასამართლოს, აიკრძალოს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკური საქმიანობა.
არა მარტო ნაცები, არამედ „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაში გადასული ადამიანები ცირკს უწოდებენ ამ კომისიის მუშაობას და არ აპირებენ მასში მონაწილეობას. როგორ უნდა მოხერხდეს ამ ადამიანების მიყვანა კომისიაზე?
- კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყველას შეახსენა, რომ ნებისმიერი ფორმით უარის თქმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუკავშირდება. მან შეახსენა ყველას, რომ მიუხედავად იმისა, იუსტიციის მინისტრად მუშაობის პერიოდში არ ევალებოდა სარალიძის ეპიზოდთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, მის წინაშე წარდგომა და ჩვენების მიცემა, მან ეს გააკეთა. ამდენად, პირადად მე არ მესმის, რა იმუნიტეტი გააჩნიათ დანარჩენებს, რომელთა მიმართაც კომისიას შეკითხვები დაებადება. ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროს, ცესკოს, მთავარი პროკურატურის, შსს-ს წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მიერ მიცემული ინფორმაცია კომისიის წინაშე და არ მესმის, რატომ უნდა აარიდონ თავი ამ კომისიას დანარჩენებმა, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი?!
რა სასჯელს ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა?
- იურიდიულ ასპექტებში არ შევსულვარ და ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გაფრთხილებულები არიან და ამიერიდან თვითონვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. რაც არ უნდა გააფრთხილო ადამიანი, რომ, ვთქვათ, მაგისტრალის, ქუჩის გადაკეტვა სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს, სახელმწიფო დაწესებულების ბოიკოტირება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები არაფრად აგდებენ არც კანონის, არც პოლიციელის სამართლებრივ მოთხოვნას და განზრახ მიდიან კანონის დარღვევაზე, მაგრამ სახელმწიფო ადეკვატურად იქცევა. ვერავის ვერ ასცდება ის, რაც კანონით ეკუთვნის.
ამ კომისიის პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, რა კონტურები გამოიკვეთა? არჩევნების გაყალბება - ეს კარგად დავიწყებული ძველი თემა წამოვა წინა პლანზე, ასევე, ლევან გაჩეჩილაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილიც ამ კონტექსტშია საინტერესო? მაგრამ ის არჩევნები ხომ უკვე გადაგორებულია ნაცების მიერ?
- პირველივე საგნობრივი სხდომა ამის დასტურია, რომ ძალიან ლოგიკურად მიმდინარეობს ყველაფერი, კომისიამ მოისმინა, თუ როგორ იწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოხვედრა, რაც დაკავშირებულია 2004 წლის მარტის არჩევნების უხეშ დარღვევასთან. სხვათა შორის, ეს ფაქტი სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. როგორ იწყებოდა იმ რეჟიმის დანაშაულებრივი „წინსვლა“. ანუ თავიდანვე იწყებოდა გაყალბებული და ხარვეზებით ჩატარებული არჩევნებით. კომისია შეეხო მაშინდელი რეჟიმის ძირითად დანაშაულს, რასაც ჰქვია 2008 წლის აგვისტოს ომი. ანუ კომისიამ დაიწყო ცენტრალური თემებით, მაგრამ იმდენი თემაა კიდევ განსახილველი, რომლებიც ეხება ნაცრეჟიმის სისტემური დანაშაულის ამა თუ იმ ეპიზოდს, რომ აუცილებლად იქნება განხილული. დაანონსდა კიდეც, შემდგომ საკომისიო სხდომაზე ისეთი გვარების მოწვევა, როგორებიცაა ჭიაბერაშვილი, რომელიც 2004 წელს ცესკოს ხელმძღვანელობდა, ქალბატონი მოგელაძე და, რა თქმა უნდა, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც დაკავშირებულია 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან. კომისია არცაა ვალდებული, კონკრეტულ დანაშაულებამდე მივიდეს, მაგრამ სისტემური დანაშაული რასაც ჰქვია, მაგალითად, რაც სტრასბურგის სასამართლომ ოჩიგავას საქმის ეპოზიდში პირდაპირ ჩაწერა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს ადამიანების წამების კუთხით, ასეთ საქმეებზე კომისიამ უნდა გამოუტანოს ზოგადი პოლიტიკური განაჩენი იმ პოლიტიკურ რეჟიმს. ვიმეორებ, თუ ამაში გამოიკვეთება ახალი დანაშაულის ეპიზოდი, ამ ტიპის მასალებს მთავარ პროკურატურას გადავუგზავნით.
რა ზეგავლენას მოახდენს კომისიის დასკვნა უცხოელებზე, რომელთაც სულაც არ აწყობთ მათი მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობოები პოლიტიკურ ავანტიურებში ჩართულნი იხილონ და არც ნაცების მხილებას მიესალმებიან?
- მოლდოვაში, უკრაინაში, ევროკავშირის სივრცეში მსგავს მიდგომას მიმართავენ. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათობით ოპოზიციურ პარტიას უკრაინაში და მთავარ ოპოზიციურ პარტიას მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ არ გვსმენია არცერთი შეშფოთებული აღშფოთება ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან. ამიტომ ყველამ თავის სამზარეულოს მიხედოს და საქართველო როგორც იქცეოდა საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ასევე, გააგრძელებს ამ პოლიტიკას მომავალშიც.