მსოფლიო ყურადღება ახლა საუდის არაბეთისკენ არის მიმართული, სადაც ისტორიული შეხვედრის ორგანიზება მიმდინარეობს. აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დაიწყება. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი გაემგზავრნენ.
ადგილზე უკვე იმყოფება რუსეთის დელეგაცია, რომელსაც საგრეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საუდის არაბეთის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასპინძლობით, იგი მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს. შეხვედრის დღის წესრიგი ასეთია - სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი დღეს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა იქნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს გარდა რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას დაესწრებიან თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება უკრაინის ხელისუფლების გარეშე მიმდინარეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა გამორიცხა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე თქვა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობა საბჭოთა კავშირის შექმნის დროს მოხდა, როცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში შეიყვანეს.
„როგორ დავუთმოთ, რუს ხალხთან ერთად, თუ ადამიანების გარეშე? მხოლოდ იშვიათ წიაღისეულ ლითონებთან ერთად?“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
თავის მხრივ ჩნდება კითხვა - რა სურს ვლადიმერ პუტინს? ამ კითხვას კი The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში - სტივ უიტკოფი მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა. მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აქვე აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.
ერთია, რომ ზელენსკის სურს ომის დასრულება, მაგრამ როგორც ჩანს, ზელენსკის რა სურს ეს ნაკლებად აინტერესებს „დიფ სთეითს“, რომელიც დღეს დასავლეთშია გამაგრებული და ამასვე ადასტურებს უკრაინის კონსტიტუციის თანახმად არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებს არ აღიარებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე საქმის კურსში არ იყო.
„უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ. საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ეროკავშირსა და ამერიკას შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე ერთი ომის ნაცვლად რამდენიმე ომი მივიღოთ. პოლიტიოლოგის შეფასებით, თავისთავად ეს დაპირისპირებაც მოულოდნელი იყო და ვიცე-პრეზიდენტის ძალიან მკვეთრი და მკვახე გამოსვლა ზრდილობის საკითხი არ არის.
„არ გამოვრიცხავ იმას, რომ ტრამპის ინტერესში იყოს ევროპას თვითონ ათქმევინოს ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობაზე უარი. ვიცით, რომ იკრიბება ევროპული სახელმწიფების ლიდერები, რეალური შეკრების მოტივი არის ამერიკასთან ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ არ აწუხებს არც უკრაინის თემა ტრამპს. თქვა კიდეც, რომ ევროპელების საქმეა სადამდე მოხდება უკრაინის ოკუპაციაო და საერთოდ, ევროპის ოკუპაციასაც მოახდენს თუ არა მერე რუსეთიო. ისევ და ისევ ფრაზებს შორის ტივტივდება კითხვა - მე რა შუაში ვარ? „ხელებიც დამიბანია“-ს პროცესს ვაკვირდებით ახლა“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება საუდის არაბერთში მიმდინარე შეხვედრებს, სადაც მონაწილეობას არ ღებულობს უკრაინა, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, ზელენსკი თავს იშტერებს, რაც შეიძლება პოლიტიკაში.
„თავის მოსულელება - ეს ერთი მხარეა და არის კიდევ მეორე მხარე - „ხელები დამიბანია“ და ეს მეორე მხარე, მგონი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან „ხელები დამიბანია“-ს პოზიცია ადრეც ჰქონდა ტრამპს, მაგრამ ევროპასთან ურთიერთობა ასეთი სიმწვავით არ დამდგარა.
ახლა ის განსხვავებაა, რომ ამ ევროპიდან, რომელიც ირიბად, ომის მომხრე გამოდის - „გაგრძელდეს ომი ზელენსკის გამარჯვებამდე“, ფაქტობრივად, ომის უსასრულობაში გადაყვანას ნიშნავს და ეს ტრამპს არ აწყობს. ომში გაკეთებული ფული (ომში ფული ჩნდება, როგორც იარაღის გაყიდვით, ასევე ატკატების გაკეთებით და ა.შ.) მიდის დემოკრატების და ტრამპის კონკურენტების სალაროში, ანუ ლიბერალების სალაროში. ისედაც, დღევანდელი ევროპა ლიბერალების ცენტრი გახდა. ამერიკიდან ბაიდენის გადაგდების შემდეგ ლიბერალიზმი გადავიდა ევოკავშირში.
ერთი-ერთი ამ ომის გაგრძელების ძირითადი ფაქტორი არის თვითონ ზელენსკი, ის ითხოვს გაგრძელებას და ამიტომ არის, რომ ტრამპს არ უნდა ზელენსკის შეშვება შერიგების პროცესში თანაბარ მხარედ. ის ეცდება გააჩეროს შერიგება და ამიტომ, ტრამპს უნდა, რომ რიგ-რიგობით დაელაპარაკოს მხარეებს და მერე თვითონ იპოვოს შერიგების ფორმულა. თუ ტრამპმა იპოვა ისეთი ფორმულა, რომლითაც ამ ფინანასური ნაკადის გადინება ლიბერალებისაკენ შეწყდება, მაშინ შეიძლება ომის თემაც არ იყოს მისთვის მნიშვნელოვანი. ანუ, არ იყოს მნიშვნელოვანი რომ მაინდამაინც დღეს დამთავრდეს ომი. შეიძლება თვითონაც ჩაიქნიოს ხელი და გაწელოს ომის დამთავრება. მაგრამ დღეს ძალიან ეჩქარება მისი დასრულება ლიბერალური საბრძოლო შტაბის ევროპაში გადმოსვლის გამო და იმის გამო, რომ ამ საბრძოლო შტაბში ფინანსური ნაკადები სწორედ ფრონტიდან მიდის და ამ ფრონტის გახანგრძლივება უნდა ზელენსკის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.