21 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მიწვეული არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. მიწვეული პირები დღეიდან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისი გაფრთხილებაც მოაყოლა - „ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“.
წამყვანი თემა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები, მაგრამ მოცემულმა პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოფარგლული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც კომისიას ექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან ჩართული იყვნენ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, მოუწევთ კომისიის წინაშე პასუხის გაცემა.
მოწვევა ჯერ მიუღია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს ნათია მოგელაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მივა არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან, რომ აუხდინოს მრავალწლიანი „ქართული ოცნება“ და მისცეს მასთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა.
„კომპლექსებისგან გაბოროტებული წულუკიანი, როგორც ქალი, როგორც დედა და როგორც, უბრალოდ, ადამიანი, ყოველთვის რაღაცნაირად მეცოდებოდა. აგერ უკვე 13 წელია, ჩემი პირადი ბოღმა აქვს, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვინც არაერთხელ აჩვენა რომ მისი ე.წ „ძლიერი“ ქალის იმიჯი მხოლოდ მითია და მისი სისუსტის შესანიღბად მორგებული ნიღაბი, რომლის უკან ძალიან სუსტი, ბოღმა და გაბოროტებული ადამიანი იმალება“, - წერს ნათია მოდებაძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე მოუსმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შს მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პროცესებზე და კომისიას რამდენიმე ხმაურიანი ინფორმაციაც მიაწოდა. კერძოდ, ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად, იყენებდა კასეტურ იარაღს, ჩადენილია ომის დანაშაულები. მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოება. სულ რამდენიმე დღეში აგვისტოს ომიდან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში საქმის წარმოების დასაწყებად. რაც შეხება ICC-ს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისმა პროკურორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წინასწარი მოკვლევა. ძამაშვილის თქმით, ომიდან რამდენიმე დღეში სამი საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო, რათა გამოეკვლია, რეალურად რა მოხდა აგვისტოს ომის დროს. მისივე განცხადებით, ეროვნულ დონეზე პროკურატურამ დაიწყო ამის გამოძიება.
„პირველი განვითარება ამ საქმეში, სანამ რომელიმე სასამართლოში რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგინდებოდა ან შიდა გამოძიების ეტაპზე რაიმე გარემოება დადგინდებოდა, ორი თვეც არ იყო გასული, პირველი დოკუმენტი, რაც ჩნდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელშიც შეფასებულია ფაქტობრივი გარემოებებიც და, გარკვეულწილად, სამართლებრივი შეფასებაც არის მოცემული ომთან დაკავშირებით.
საქართველოსთვის საყურადღებო იყო ორი მიმართულება, რომელმაც, გარკვეულწილად, გავლენაც მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე: პირველი - ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. აქვე საუბარია, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც, დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა.
მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული - იქ საუბარია, რომ, მათ შორის, ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები. ეს არის პირდაპირ ჩაწერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს, რომ რუსეთის დელეგაციამ, სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის რუსეთის მხარე, ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს, რაც იყო, მათ შორის, მე-5 და მე-11 პუნქტებში“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
კიდევ ერთი სკანდალური საკითხი, რაზეც ძამაშვილმა ისაუბრა, ეხებოდა მტკიცებულებების გაქრობას. აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულებები არ იყო საქმეში, მათ შორის „ისკანდერის“ ნაწილიც, რომელიც წლების შემდეგ მოიპოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
„მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება რაც უნდა ყოფილიყო - საქართველოს სოფლების, ქალაქების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მხრიდან, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია წლების შემდეგ ნულიდან ამ მტკიცებულებების მოპოვება. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ეს „ისკანდერის“ დაკარგვის ნაწილიც. „ისკანდერი“ შეიძლება ზოგადად ჟღერდეს, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, რატომ იყო ე.წ. ოქროს მტკიცებულება, რათა ჩვენი სიმართლე დაგვედგინა. „ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა 2008 წლის 12 აგვისტოს.
12 აგვისტო არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს, უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული, ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი. გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და, ფაქტობრივად, იქ არის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით. ფაქტობრივად, ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი.
საქმეში როდესაც ჩავიხედეთ და ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული ვიდეოკადრები და ფოტომასალა, რომლებზეც წლების განმავლობაში რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული, რადგან თუ რეალურად ეს ჭურვი საქართველოში ჩამოვარდა, აუცილებლად მისი ნარჩენებიც უნდა გვქონოდა ქართულ მხარეს.
წლები დასჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, რომ ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია, საქართველოში დაებრუნებინა და ჩვენ მოგვესწრო, ვიდრე ეს სასამართლოები გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ, მოგვესწრო ამ ოქროს მტკიცებულების წარდგენა. მათ შორის დაგვჭირდა ისეთი მტკიცებულების მოძიებაც კი, როგორიც იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომელიც აფიქსირებდა ბიძგებს და, მათ შორის, განარჩევდა მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ბიძგებს. ამ გარემოებების ერთობლიობით წლების შემდეგ მოხერხდა იმის დადასტურება, რომ ქართული სოფლებიც იბომბებოდა რუსეთის მხრიდან და „ისკანდერიც“ იყო ნამდვილად გამოსროლილი“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ანალიტიკოსის დავით ზარიდიაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, თუკი პირველი სხდომით ვიმსჯელებთ, შედარებით მსუბუქად დაიწყო. მისი თქმით, კომისიის წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ცალსახად დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების დაცვა საერთაშორისო სასამართლოებში, იქნებოდა ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თუ ჰააგის ტრიბუნალი, ფაქტობრივად - არ წარმოებდა.
„უარესიც: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივად თავად ქმნიდა სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ და შეგნებულად მალავდა ისეთ მტკიცებულებებს, რაც გადამწყვეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის სასამართლო დავების წარმოების დროს. ეს ყველაფერი ისედაც კარგად იყო ცნობილი, თუმცა, ბუნებრივია, დროებითი საგამოძიებო კომისია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა ერთგვარ სისტემატიზაციას ამითი იწყებს.
რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია და შედარებით მსუბუქი სისტემური ბოროტმოქმედებანია. მოსალოდნელია, რომ კომისიის საქმიანობა მეტად და მეტად გაღრმავდება, ეტაპობრივად მთლიანად აეხდება ფარდა რეჟიმის დანაშაულებრივ ხასიათსა და უმძიმესი სისტემური ბოროტმოქმედებების „ანატომიას“. მათ შორის, ყველაზე ამაზრზენი ბოროტმოქმედების - აგვისტოს ომის უბედურების, რაც არ უნდა მომხდარიყო და ეროვნულ ინტერესებში მოქმედი ყოველი ხელისუფლება, თუკი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებდა, მას თავიდან აიცილებდა. ბოლომდე ნათელი გახდება ამ უმძიმესი ეროვნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები“, - ამბობს ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გამოიკვეთება სააკაშვილის რეჟიმის მძიმე ბრალეულობა, რასაც აქამდეც ობიექტური გამოძიება და სამართლებრივი შეფასება უთუოდ სჭირდებოდა.
„ამდენი ხანი ზედაპირზე დევს და საჯარო სივრცეშიც არაერთი უტყუარი, სრულიად მკაფიო, დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, რომ აგვისტოს ომი არა მხოლოდ რუსეთის დანაშაულებრივმა აგრესიამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეგნებულად, ბოროტი განზრახვით და დიდი ალბათობით, გარეშე მტრული ძალების ნების კარნახით, კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშმა დარღვევებმაც განაპირობეს, რამაც მოვლენათა განვითარების ულმობელი ლოგიკის გარდაუვალი აუცილებლობით საომარი ესკალაცია წარმოშვა და საბოლოო შედეგად საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ კრახამდე მიგვიყვანა.
სამშობლოს ღალატის „ანატომია“ - უკრაინაშიცა და საქართველოშიც ერთი და იგივეა. შემზარავი პათოლოგია, რომლის არსიცაა სახელმწიფოს გადაგვარება დანაშაულებრივ რეჟიმად, გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული ფერადი რევოლუციების იმპულსითაა გამოწვეული. ამ თვალსაზრისით ჯერ იყო ე.წ. ვარდების, შემდეგ კი უკრაინის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუცია. შემდეგ კი პირიქით: უკრაინამ „გადაგვასწრო“ - ჯერ იქ იყო მაიდანი, რაც აქაც სცადეს. თანაც, სულ ცოტა, 4-ჯერ მაინც. მაგრამ ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახლა, გეოპოლიტიკური „მოდუს ვივენდის“ ძირფესვიანი ცვლილების გამო, მათი, ე.ი. ზელენსკის მოქმედი რეჟიმისაც, რაც სააკაშვილის რეჟიმის კლონია და პირიქით - „სამარცხვინო ბოძზე გაკვრა“ ცხადია, სიმბოლურად, მაგრამ სამუდამოდ, მხოლოდ დროის ამბავია!“, - წერს დავით ზარდიაშვილი.