კრიტიკა ევროპას ევროპის შუაგულიდან - აშშ-ს ვიცე პრემიერმა ჯეი დი ვენსმა მსოფლიოს უთხრა, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლების პრობლემებია და კონტინენტი ფუნდამენტურ ღირებულებებს სულ უფრო შორდება. ვენსი ევროპის მთავარ საფრთხედ არა რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევს, არამედ, თავად ევროპას.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, ვენსმა რუმინეთში არჩევნების გაუქმება ახსენა და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა - ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დი ვენსმა დაასახელა მასობრივი მიგრაციაც, რომელიც, მისი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნა.
„არგუმენტი იყო ის, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ რუმინეთის არჩევნებში შეაღწია, მაგრამ ჩემს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებ, მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ. შეგიძლიათ მიიჩნევდეთ, რომ არასწორია, როდესაც რუსეთი ცდილობს სოციალური მედიის რეკლამებით თქვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა.
გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით არის, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ – ვიქცევით თუ არა საკმაოდ მაღალი სტანდარტების მიხედვით?“, - ამბობს ვენსი.
ევროპელმა ლიდერებმა ევროპაში ჩასული ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტისგან კრიტიკა ღიად მოისმინეს, რაზეც კრიტიკული რეაქცია ჰქონდათ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში განაცხადა, რომ ვენსის შეფასებას უმცირესობის ხმების ჩახშობასთან დაკავშირებით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთელი ევროპის დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მან ისაუბრა დემოკრატიის გაუქმებაზე და, თუ სწორად გავიგე, პირობები ევროპის ზოგიერთ ნაწილში ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა. ბატონებო და ქალბატონებო, ეს მიუღებელია“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლას ბრწყინვალე უწოდა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსს ეთანხმება და ამბობს, რომ ევროპა სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას კარგავს.
„ქართული ოცნებისთვის“ ვენსის გზავნილები კარგად ნაცნობ თემებს ეხება - საკითხებს, რაზეც მმართველი გუნდი ევროკავშირს ყოველთვის საპასუხოდ აკრიტიკებდა. უმრავლესობაში დაინტერესდნენ, შეაფასებენ თუ არა მათი ოპონენტები ანტიდასავლურ რიტორიკად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ანალოგიურ გზავნილებსაც.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვიცე პრეზიდენტის განცხადება იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გრძელდება. საყვარელიძე აცხადებს, რომ ლიბერალებმა აშშ პოზიციების წაგების შემდეგ თავი ბრიუსელში გაიმაგრეს. ამიტომაც არის, რომ ტრამპი ევროკავშირის ლიდერებს არ ელაპარაკება და ევროპის ლიდერებს ცალ-ცალკე ურეკავს.
„გვახსოვს, ტრამპზე ლიბერალების მიერ რამხელა შეტევა და ზეწოლა იყო. მისი მოკვლაც კი სცადეს, რაც ბოლოს არ გამოუვიდათ. ტრამპმა გააცნობიერა, რომ ლიბერალები ყოველთვის და ყველგან შეუტევენ, იქნება ეს ამერიკაში თუ ევროპაში. ყველამ კარგად დაინახა, რომ ტრამპის და მისი გარემოცვის ხელი ამერიკაში უკვე მუშაობს და მათ ამაში ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა აქვთ. თუმცა ლიბერალებმა შტაბი ახლა ბრიუსელში გაიმაგრეს და ამიტომაც ტრამპმა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტი ევროპისკენ გადმოიტანა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მისმა მოადგილემ ჯეი დი ვენსიმ ევროპას ევროპის გულიდანვე თითი უქნია. ბაიდენის წასვლასთან ერთად ამერიკაში ეს ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური მუხტი ჩაქრა და ამან ევროპაში მთლიანად გადმოინაცვლა. დღეს ტრამპისთვის მტერი უკვე ევროპაა. შეტევა თავდაცვის ყველაზე კარგი საშაულებაა და შეტევის ხაზი გადის იმაზე, რომ ის უტევს არა ევოპის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირს, მათ ბიუროკრატიას და ლიდერებს. ტრამპმა თქვა კიდეც, რომ ევროკავშირი ცუდად გვექცევაო. ამიტომაც თქვა, რომ ვეცდები ევროპასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არა ევროკავშირთანო. ის დემონსტრაციულად ავალებს თავის მოადგილე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტს, რომ არ შეხვდეს გერმანიის მოქმედ კანცლერ შოლცს, რომელიც ბაიდენის გულმხურვალე მხარდამჭერი და პოლიტიკის გამტარებელი იყო. სამაგიეროდ ვენსი გერმანიაში ხვდება ულტრამემარჯვენე პარტიას, რომელშიც მასკის მეგობრები არიან და ტრამპიც მათ მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს. ანუ ტრამპი ახლა ცდილობს ევროპის ქვეყნებში მხარი კონსერვატორულ ფრთას დაუჭიროს და მათი გამარჯვება ცალკეულ ქვეყნებში მოხდეს. ამ ბრძოლის ხაზებს ვაკვირდებით და ტრამპი მოქმედებაზეა გადასული, როგორც ამერიკული პოლიტიკის ცვლილებით, ასევე ევროპულით. ის ცალკეული ევროპის ქვეყნების ლიდერების გადაბირებას ცდილობს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ტრამპი ბაიდენის პოლიტიკაზე, მით უმეტეს ევროპაში, პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამიტომ ცდილობს, რომ ეს პოლიტიკა დამარხოს. ამის ნათელი მაგალითია რუსეთ-უკრაინის ომი.
„სწორედ ამ ომის და დაპირისპირების გაგრძელებაა უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული ფული მხოლოდ უკრაინაში არ დახარჯულა. ანუ ის პირდაპირ ამხელს კორუფციულ სქემებს, რომელიც ამერიკაში უკრაინის ომის პარალელურად იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს. იგივე სიტუაციაა ევროპაშიც, რომლებიც ასევე უკრაინას ფულით ეხმარებიან. აქაც დიდი კორუფციული სქემები და ქვედა დინებებია. ეს ტრამპმა ძალიან კარგად იცის. ამიტომ უქნევს თითს მისი მარჯვენა ხელის ვენდის მეშვეობით. მას მიუნხენის კონფერენციაზე ათქმევინა, რომ სჯობს, ევროპა და ევროკავშირის ეს ლიბერალური ელიტა ცოტა ჭკუით იყოს, თორემ მათ ამერიკისგან მხარდაჭერა ნაკლებად ექნებათ. შეშინებულმა ევროპელებმა კი თამაში დაიწყეს და ამერიკის გასაბრაზებლად თამაშში ჩინეთი შემოიყვანეს და ტრამპს დაემუქრნენ, რომ ჩინეთისკენ გავიხედავთო“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება ამ დიდ აჟიოტაჟში საქართველოს ბედს და ტრამპის პოლიტიკას კავკასიის მიმართ, საყვარელიძე ამბობს, რომ საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ყურადღების ცენტრში ჯერ არ ვართ. ეს კარგია, რადგან როცა სპილოები ჩხუბობენ, სჯობს ჭიანჭველა ფეხებში არ მოედოს. საყვარელიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართულებით, ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯია, რადგან შესაძლოა, ტრამპი საქართველოთი კარგა ხანი კიდევ არ დაინტერესდეს.