საქართველოს პრეზიდენტმა დე-ფაქტო ლიდერებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით გამოსვლისას, აფხაზებს და ოსებს საქართველოს ევროპული კურსიდან პირდაპირი სარგებლის მიღება შესთავაზა. პრეზიდენტი ამბობს, რომ არაღიარების კურსი არ ნიშნავს იზოლაციონიზმს.
„ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ევროპული კურსიდან პირდაპირი სარგებელი მიიღონ. ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებში, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“.
აფხაზ და ოს თანამემამულეებს მინდა მივმართო იგივე სიტყვებით, რითაც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლის დროს. ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი იქნება.
ასევე, მინდა მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს – ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფო აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა“, - მიმართა აფხაზებს და ოსებს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზების და ოსების იდენტობა და მისი დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას საქართველოს ერთიანობა წარმოადგენს. პრეზიდენტი მიმართავს დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ თუ ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების, და ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევენ მათ იზოლაციაში.
თავისთავად საინტერესოა რას ფიქრობენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე. გახდება თუ არა მარგველაშვილის გზავნილები მსჯელობის საგანი აფხაზურ საზოგადოებაში, სოხუმის მკვიდრი, ანზორ კიახბა ამბობს, რომ საქართველოს პირველი პირების მხრიდან მსგავსი მიმართვა არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის ეს მიმართვა როგორც მოქალაქისთვის, ცუდი არ იყო.
For.ge. ანზორ კიახბას ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით გამოსვლისას, აფხაზებს და ოსებს მიმართა. როგორია თქვენი პოზიცია?
ანზირ კიახბა: ეს არ არის ახალი. იგივე მიმართვას ავრცელბდნენ მისი წინამორბედები. ახალი არაფერი არ გაჟღერებულა, მაგრამ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს მიმართვა ცუდი არაა და მივესამლმები. თქვენ იცით ჩემი პოზიცია - ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა იცხოვრონ.
პრეზიდენტმა მიმართა ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს - ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, გაიზიარებს ანქვაბი საქართველოს პრეზიდენტის ამ რჩევას?
- არ მგონია. მათი რიტორიკიდან გამოდინარე, თავინათ თავს დამოუკიდებლად თვლიან, მაგრამ ფაქტია და ეს ყველამ ვიცით, რომ რუსების გარეშე ვერაფერს გააკეთებენ. იმედი აქვთ, რომ რუსეთის დახმარებით, ძნელად, მაგრამ ეტაპობრივად სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამიტომაც, მსგავსი განცხადება, მათი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი იქნება.
თუმცა, რა ინფორმაციაც ხელისუფლების შიგნიდან მაქვს, ფიქრობენ, რომ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, საქართველოს გარეშე მოახდენენ ევროსტრუქტურებში ინტეგრირებას. რაც შეეხება მოქალაქეების პოზიციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეალური იქნება ქართველებთან ერთად თანაცხოვრების პირობებში.
მოსახლეობაც ასე ფიქრობს?
- ძალიან ძნელია ამის თქმა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს ხელისუფლება, ხოლო მცირედი ნაწილი უფრო პარგმატულად ხედავს აფხაზეთის მომავალს ქართულ სახელმწიფოში. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ არც რუსეთი და არც საქართველო არაა მათვის მისაღები. დამოუკიდებლად უნდა განვითარდნენ როგორც დამოუკიდებელი და ცივილური ერი, დამოკიდებელ სახელმწიფოში. ასე რომ, ფართო საზოგადოებრივი სპექტრია, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია გაჩნია.
ფაქტი ერთია - აფხაზეთი დღეს საკამოდ დაბალი განვითარების დონეზეა, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კუთხით. მოსახლეობის უმრავლესობა საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. დღეს აფხაზეთის მოსახლოება რუსეთის ბიუჯეტის დოტაციურ ასიგნებაზე ფუნქციონირებს. ეს თანხა კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება და არანაირად არ აისახება რიგითი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, მოსახლეობის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სეპარატისტული ხელისუფლების, რას ფიქრობს ამ განცხადებაზე. ამ აღიარებამ აფხაზეთის მოსახლეობა უკეთესობისკენ არ წაგვიყვანა. პირიქით, აფხაზეთის მოსახლეობა დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში.
როგორ ფიქრობთ, დღეს იზოლაციაშია აფხაზეთის მოსახლეობა?
- თქვენ იცით, რომ ბიზნესაქმიანობის განსახორციელებლად აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, გადადიან რუსეთის ფედერაციაში. გარკვეული ნაწილი ენგურს გაღმა, საქართველოში დადიოდა, მაგრამ ბოლო ხანებში, რუსებმა საკმაოდ გაამკაცრეს გადასვლა ენგურზე. იყო შემთხვევა როდესაც მძიმე ავადმყოფებს ხელი შეუშალეს გადასვლაში. რუსეთის სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე სამკურნალოდაც ვერ გადადიან ენგურზე. ამ კუთხით აქ არის გარკვეული ტიპის იზოლაცია.
თუმცა, იყო შემთხვევები, მიუხედავად ამ აკრძალვისა, აფხაზები მაინც გადავიდნენ და ჩავიდნენ თბილისში. ზოგი სამკურნალოდ, ზოგი კიდევ ნეიტრალური პასპოტრების თუ პირადობის მოწმობების მისაღებად. სამწუხაოდ, ბევრი გაკვირვებული დარჩა, ბევრს არც მკურნალობა დაუფინანსეს და არც ნეიტრალური პასპორტები მისცეს. თუ არ ვცდები, მათ განცხადება შეტანილი ჰქონდათ რეინტეგრაციის სამინისტროში, მაგრამ პასპორტი ვერ აიღეს.
როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილის მიმართვა გახდება აფხაზურ საზოგადოებაში მსჯელობის საგანი?
- არ მგონია, ეს მიმართვა დიდი განხილვის თემა გახდეს აფხაზურ საზოგადოებაში.