სამშაბათს მოსკოვის სასამართლოში რადიკალი ოპოზიციური ლიდერის, სერგეი უდალცოვის პროცესი დაიწყო. მას ბრალად ედება ქართველი პოლიტიკოსის დაფინანსების გამოყენება პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დესტაბილიზაციის მცდელობისათვის.
ეს საქმე მოსკოვში, 2012 წლის მაისში ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით არჩევის საღამოს დაწყებული სისხლიანი პროსტესტითაა ინსპირირებული, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
არეულობა ახალგაზრდული ანტიპუტინისტური მოძრაობის ასეულობით წევრისა და ლიდერის დაპატიმრებით დასრულდა. საპროტესტო ტალღა 2011 წლის დეკემბერში ჩატარებულმა საეჭვო საპარლამენტო არჩევნებმა გამოიწვია, რომელშიც მცირე უპირატესობით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
37 წლის უდალცოვსა და მის თანამებრძოლ ლეონიდ რაზვოზჟაევს მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და "რუსეთის ფედერაციაში სოციოპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაში" ედებათ ბრალი. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"არაფერ კარგს არ მოველი ამ პროცესისაგან", - განუცხადა რეპორტიორებს უდალცოვის ადვოკატმა ვიოლეტა ვოლკოვამ სასამართლოს შენობის გარეთ.
"სერგეი აბსოლუტურად მშვიდობიანი მისწრაფებების პოლიტიკოსია", თქვა მან, "ახლანდელი პოლიტიკური რეჟიმი ამ გზით ახდენს ოპონენტებზე ზეწოლას".
უდალცოვს საპროტესტო მოძრაობის მხოლოდ მცირე ნაწილი ემხრობა, თავად კი მკაცრი ნაციონალისტური იდეების მიმდევარია - საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მოღვაწეობით არის აღფრთოვანებული - ეს ყოველივე კი დიდ ქალაქებში (განსაკუთრებით მოსკოვში, სადაც ოპოზოციის მხარდაჭერა ყველაზე მაღალია) მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
მაგრამ პუტინის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უდალცოვის საქმე თვალნათლივ ცხადყოფს, თუ როგორ იყენებს კრემლი სასამართლოს და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს განსხვავებული აზრის ჩანასახშივე გასანადგურებლად.
უდალცოვსა და რაზვოზჟაევს 2012 წელს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ტელევიზია ნტვ-მ - რომელიც გიგანტი ენერგოკომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაშია - ეთერში გაუშვა პროპაგანდისტული ფილმი, რომელსაც თითქოს ზამთრის საპროტესტო აქციების ლიდერების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის უნდა აეხადა ფარდა.
ერთ-ერთი საეჭვო შავ-თეთრი კლიპი თითქოს უდალცოვისა და ქართველი მაგნატი-კანონმდებლის, გივი თარგამაძის შეხვედრას ასახავდა, რომელშიც ისინი რუსეთის ხელისუფლების დამხობის გზებს განიხილავდნენ.
თარგამაძე პუტინის მოსისხლე მტრის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეა, რომელმაც 2008 წელს იომა რუსეთთან და რომელიც პოლიტიკურ მოსკოვს მისი დასავლეთთან ინტეგრაციის მისწრაფებების გამო აღიზიანებს.
სახელმწიფო პროკურორები ამ ორ განსასჯელს თარგამაძის ფინანსური დახმარებით რუსეთის რკინიგზისა და ნაგებობების წინააღმდეგ შეტევის დაგეგმვაში სდებენ ბრალს.
რუსეთმა თარგამაძის დაპატიმრება მოითხოვა, მაგრამ საქართველო დღემდე უარს ამბობს მის ექსტრადირებაზე.
უდალცოვი, რომელიც 2013 წლის თებერვლის შემდეგ შიდა პატიმრობაში იმყოფება, არ უარყოფს თარგამაძესთან შეხვედრისა და მისგან ფულის მიღების ფაქტებს, მაგრამ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს "ფაბრიკაციას" უწოდებს.
"არანაირ დამნაშავედ თავს არ ვგრძნობ", განუცხადა მან მოსკოვის ოპოზიციურ გაზეთ "ნოვაია გაზეტას" სამშაბათს დაგეგმილი პროცესის წინ.
"ჩემი აზრით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ რაიმე უკანონობა ჩავიდინეთ, ან რაიმე მოტივი გვქონდა არეულობის ორგანიზებისათვის".
40 წლის რაზვოზჟაევი ბრალის წაყენებისთანავე უკრაინაში გაიქცა.
მოგვიანებით ის კვლავ მოსკოვში გამოჩნდა და განაცხადა, რომ რუსულმა სპეცრაზმელებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად დაგეგმილი ოპერაციის წყალობით ის მოსკოვიდან გაიტაცეს.
რუსულმა სპეცსამსახურებმა რაზვოზჟაევის მოტაცების ფაქტი უარყვეს, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ ამ ფაქტის შესახებ.
foreignpress.ge