ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ევროპასთან ურთიერთობებს რადიკალურად ცვლის, რამაც მათ შორის გარკვეული უთანხმობა წარმოშვა. კონკრეტულად, ერთ-ერთი საკითხი ეხება უკრაინა-რუსეთის ომს, სადაც ევროპისა და ამერიკის პოზიციები განსხვავებულია - მაშინ, როდესაც ტრამპი პუტინთან დიალოგს განიხილავს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მშვიდობა სურს, ევროპა ამას შეუძლებელს უწოდებს. ამასთან ერთად, ტრამპის მიერ გატარებული რეფორმები ეხება სავაჭრო პოლიტიკასაც. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ ადგილი აქვს გეოპოლიტიკურ გადაადგილებებს, ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურის შექმნასა და ახალი პოლიტიკური თამაშის წესების შემოღებას.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სწორედ დღეს ყალიბდება მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც საკმაოდ რთული იქნება პოზიციების შეჯერება და შეთანხმების მიღწევა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ გადაიაზრა იმ საკითხების მთელი წყება, რაც აქამდე აკავშირებდა ევროპას და აშშ-ს, განსაკუთრებით უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული ვითარება, რადგან სწორედ დღეს უკრაინის ომია ცენტრალური საკითხი, რაც ევროპასა და აშშ-ს შორის არის ერთგვარი განხეთქილების ვაშლი. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ ეს ომი დაასრულოს, თან ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ და მისაღებად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ამავე დროს, ევროპის განსხვავებულ პოზიციას ვხედავთ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ომის გაგრძელების სურვილი. თუ ომი ისე დასრულდა, როგორც მონახაზია გაკეთებული, შეიძლება მთავარი მიზანი, რაც ამ ომში ევროპამ გამოაცხადა, რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, მიუღწეველი დარჩეს. ევროპა შესაძლოა ამ ომიდან გამოვიდეს სახედაკარგული. მეორე საკითხია ურთიერთობების ეკონომიკური პაკეტი და ასევე, სატარიფო ომი, რომელიც მან ევროპასთან წამოიწყო, რაც უკავშირდება აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
სწორედ ახლა ყალიბდება უსაფრთხოების ის არქიტექტურა არა მარტო ევროპაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს მყარი და წამყვანი პოზიცია და ამ პოზიციების შეჯერება ასეთი მარტივი არ არის. არავის ეგონოს, რომ ტრამპის და პუტინის ერთი სატელეფონო ზარით გადაწყდება ეს საკითხი. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი არის და ამას დასჭრიდება რამდენიმეთვიანი ძალისხმევა, ვიდრე ყველა დაინტერესებული მხარე, მეტ-ნაკლებად ერთმანეთისთის მისაღებ კონსენსუსამდე მივა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე - ახალი გეოპოლიტიკური გადაადგილების შედეგად, სად არის საქართველოს ადგილი?! ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ დღეს ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება აქტიურიად მუშაობდეს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან და მეტი სიცხადე შეიტანოს საგარეო პოლიტიკაში.
„ეს რთული განსასაზღვრია, რადგან საქართველო, ერთი მხრივ, შეიძლება გახდეს გაცვლითი მონეტა, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, პირიქით მოხდეს, რომ აშშ-მა არ დათმოს ეს რეგიონი, მათ შორის საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ მას შავი ზღვის აუზში აქვს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები. საქართველოს საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული და ამიტომაც აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ მრავალვექტორული პოლიტიკა - ეს მას აძლევს ლავირების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დათმობილ იქნა დასავლეთის მიერ - ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ ის არსებობს.
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ვერ ვხედავ, რომ აქტიური მუშაობა მიდიოდეს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, ელჩიც კი არ გვყავს ჯერ დანიშნული ამერიკაში. ასე რომ, ამ პერიოდში ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ აქ ისე არ აურიოს სიტუაცია, რუსეთს მისცენ საბაბი, აქ განახორციელოს დესტრუქციული ქმედებები, სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით, რაც არ არის გამორიცხული თუ მოხდა ისე, რომ ხელისუფლება შეიცვალა ანტიკონსტიტუციური გზით და ხელისუფლებაში მოვიდნენ, მკვეთრად ანტირუსულად განწყობილი ძალები“, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.