აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო პროცესი კიევისა და ბრიუსელის მონაწილეობის გარეშე დაიწყო, რაც უკრაინის და ევროპის პროტესტის მიზეზი გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის და ევროკავშირის ჩართვას ითხოვს და ამბობს, რომ არ მიიღებს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის ჩართულობის გარეშე იქნება მიღებული.
ტრამპის დაწყებულ პროცესს ბრიუსელიდან შეფასებები მოჰყვა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მომლაპარაკებლებს შეუთვალა, რომ ევროპის ზურგს უკან მიღებული ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს. საკმოდ მწვავე იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის“.
უკრაინაში ომის დასრულების პირობებს ნატოს წევრი სახელმწიფოები მიუნხენში განიხილავენ. ერთმანეთს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ევროპელი ლიდერები ხვდებიან. BBC წერს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში, კიევის ჩართვამდე, ევროპელი ლიდერები ეცდებიან, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყონ.
ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ პუტინთან ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება განიხილეს, მაგრამ არ შესრულდა.
„უკრაინისა და ევროპის გარეშე მოლაპარაკებები ცუდი იდეაა. იმედი მაქვს, ტრამპს ასეთი აზრი არ აქვს. ევროპის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თანაბარი პარტნიორები არიან. მე არ მინდა ვიყო ის ადამიანი ისტორიაში, ვინც დაეხმარა პუტინს ჩემი ქვეყნის ოკუპაციაში. აშშ მხოლოდ საუბრობდა უკრაინის NATO-ში შესვლაზე, არასოდეს დაგვინახავს მათგან ქმედებები. მათგან არასოდეს მსმენია, რომ ნატოში ვიქნებით, არასდროს! თუ უკრაინისთვის NATO არ იქნება, ჩვენ შევქმნით NATO-ს უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონიანი არმია, თუ არ ვიქნებით NATO-ში - ეს არის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია.
მიუნხენში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, ჩვენ გვახსოვს, რაც გაფორმდა, აქ არ გავიმეორებ. ჩვენ არ გვყავს ერთმანეთთან მეომარი ორი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციამ ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე, ისინი ჩვენ თავს დაგვესხნენ. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი, ჩვენ გვჭირდება, რომ აშშ ჩვენს მხარეს იყოს. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს რესურსებზე, მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ მოხვდნენ ოკუპანტების ხელში, ამიტომ მზად ვარ მინერალებზე შეთანხმება განვიხილო“, - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე.
„სავარაუდოდ უკრაინა ვერ აღადგენს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხიც“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი.
პიტ ჰეგსეტმა მოკავშირეებთან თანამშრომლობაში ცვლილებები დააანონსა და განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან კონტინენტზე ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივად არ გაგრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ პუტინი და ზელენსკი მომლაპარაკებელ ჯგუფებს აკომპლექტებენ. მხარეების შეხვედრის ადგილად ერ-რიადი დასახელდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ კარგია, თუკი ევროპა და ევროპელი ლიდერები ხვდებიან, რომ მათ გარეშე მოლაპარაკება არ უნდა წარიმართოს. მისი აზრით, ეს ევროპის გამოღვიძებას და გამოფხიზლებას ნიშნავს, შესაბამისად, კარგი იქნება თუკი უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.
„ერთიანად ევროპის აქტიურობა და ხმამაღალი განცხადება, - „არავითარი მოლაპარაკება უკრაინაზე უკარინის გარეშე და ევროპაზე ევროპის გარეშე არ იქნება“ - წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის იმის ნიშანი, რომ საერთოდ, აშშ რომ გავიდეს ყველაფრით ამ ომიდან, ევროპა არ აპირებს უკრაინის მარტო დარტოვებას. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი ერთს ამბობს და მისი წარმომადგენლები, გარემოცვა სრულიად სხვადასხვას. ამიტომ ეს არის ტრამპი და მისგან ასეთი ეპატაჟური და არასტაბილური მოქმედებები გამორიცხული არ არის. მისი საქციელის და განცხადებების პროგნოზირება და კომენტირება რთულია. არავინ იცის, როდის რას გააკეთებს. მე მაინც მიმაჩნია, რომ ის რუსებს ცუდი და კარგი პოლიციის როლს ეთამაშება. თავის გარემოცვას სხვას ალაპარაკებს, თავად სხვას ამბობს. რაღაცა სტრატეგიის ნაწილი მგონია, რაც ლოგიკას არ არის მოკლებული.
ჩემი გადასახედიდან, ტრამპი ცდილობს გამარჯვების გვირგვინი არავის დაუთმოს და თავად იყოს წარმატების და გამარჯვების ეპიცენტრში, აპლოდისმენტიც თავად მიიღოს. ამიტომ არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელი ლიდერების ჩართვა არ უნდა. ევროპას სრულად შესწევს ძალა უკრაინა ისე გააძლიეროს, რუსეთს არ მისცეს საშუალება ომის წარმატებით დასრულების. სტრატეგიულ დონეზე ძალიან რთულია კონკრეტულად ვთქვათ, გამარჯვება და დამარცხება რა არის. რუსეთმა საკუთარი პოტენციალი რომ აღიდგინოს, ომის დასრულებიდან 6 დან 10 წლამდე სჭირდება. ეს ის პერიოდია, რომელშიც ევროპა უკრაინას უნდა დაეხმაროს და გააძლიეროს, რათა რუსეთს არ ჰქონდეს იმის თავი, რომ უკრაინაზე ეს აგრესია გააგრძელოს. ამიტომ მე არ მგონია, რომ ევროპამ ტრამპს ასე დამოუკიდებლად თამაშის უფლება ბოლომდე მისცეს“, - ამბობს კაპანაძე.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, გენერალი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ორივე მხარეს სულის მოთქმა სჭირდება და შესაბამისად, პუტინის ინტერესშიც შედის ამ ომის სწრაფად დასრულება.
„პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად ომი კი არ დასრულდება, ცეცხლი შეწყდება. ეს იქნება ასეთი პოზიცია, რომ არც უკრაინა და არც რუსეთი არ იქნება თანახმა, რომ ომის ამ მოცემულობით დასრულება მოხდეს. ანუ არ მოხდება, როგორც საქართველოს შემთხვევაშია - არაღიარება. თუმცა რუსეთი ამ დაკავებული ტერიტორიების ნაწილს გააკონტროლებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ სულის მოთქმაა საჭირო და უკრაინა თავის დროს უნდა დაელოდოს, როგორც ეს ყარაბაღის შემთხვევაში აზერბაიჯანმა გააკეთა. რუსეთს ახლა სულის მოსათქმელად 10 წელი მაინც დასჭირდება. ამ დროში კი უკრაინის აღდგენა და განვითარება უნდა მოხდეს. ამიტომ სიტყვა - „ომის დასრულება“ არასწორია, რადგან ომი უფრო გაიყინება და აქ სწორედ ცცეხლის შეწყვეტაზე იქნება მოლაპარაკებები. რაც შეეხება ზელენსკის, მან თავისი ნიშა დაიკავა და თუკი ახლა ის არჩევნების გზით შეიცვლება, შესაძლოა, ეს პროცესს წაადგეს კიდეც“, - ამბობს კაპანაძე.