„ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია სარწმუნოება და ტრადიცია

„ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია სარწმუნოება და ტრადიცია"

for.ge-ს ინფორმაცია, რომ გიორგი კანდელაკმა ბრიუსელში, საქართველოს ეკლესია რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, დადასტურდა. საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე, პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური ფიგურების პოზიციებზე პასუხი, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს მოსთხოვა.

თუ რა მოხდა ბრიუსელში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:

პარლამენტში თქვენ განაცხადეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური ფიგურები საქართველოს ეკლესიას საფრთხედ მიიჩნევენ. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა საბჭოს სხდომაზე?  

- როდესაც უცხოეთში დავდივართ და კოლეგებს ვხვდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის ეკლესია. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია არის მთავარი სატელიტი, პუტინის დასაყრდენი და ამავდროულად, ევროპული სივრცეში საქართველოს გაწევრიანების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი.

ეს ფიგურები საქართველოს ეკლესიას პირდაპირ აკრიტიკებენ, რაც მე პირადად მოვისმინე. ეს პირდაპირი დარტყმაა ეკლესიაზე, რაც  მიუღებელია. მსგავსი დამოკიდებულება ყოველგვარ საზღვარს სცდება. „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგვიძლია მოვისმინოთ ის, თუ როგორ არიან დაპატიმრებულები ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, მაგრამ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდაა, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის. ეს პოლიტიკური ძალა კი, ამით არის მოტივირებული.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს მივმართავ, ოდიოზური ფიგურების განცხადებები ან დაადასტუროს, ან ამ ფაქტს გაემიჯნოს. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტია არასახელმწიფოებრივი ძალა იქნება.

თქვენ  საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე საუბრობთ, სადაც for.ge-ს ინფორმაციით, ნაციონალმა, გიორგი კანდელაკმა საქართველოს ეკლესია მკაცრად გააკრიტიკა...

- ოდიოზური ფიგურების სახელებსა და გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.  მათი გვარები არაფერს ნიშნავს. მაინტერესებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“  ერთიანი პოზიცია თუ, ეს არის ცალკეული პოლიტიკური ფიგურების ხედვა?!

საბჭოს სხდომაზე, გიორგი კანდელაკმა ეკლესიის პარალელურად, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გააკრიტიკა?

- საუბარი  ეკლესიაზე იყო.

როგორც ცნობილია, კანდელაკის განცხადება თქვენ გააპროტესტეთ, მაგრამ ნატოს წარმომადგენლებს, რა რეაქცია ჰქონდათ?

- ისინი აღშფოთდნენ და მათ ეს ყველაფერი გაუკვირდათ. მათ თქვეს, რომ სასურველია,  ეკლესიის წარმომადგენლებს შევხვდეთ და ნატოს შტაბ-ბინაში მათი მოწვევა მოხდესო.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგ წარმომადგენლებს საქართველოს ეკლესია გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ მსგავსმა კრიტიკამ საჯაროდ პირველად გაიჟღერა. რატომ ესხმიან უმცირესობის ლიდერები თავს საპატრიარქოს?

- როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ჩვენი ქვეყნის სარწმუნოება,  ტრადიცია და ყველაფერი ის, რაც კარგი გაგვაჩნია. მათ ამის დანგრევა სურდათ,  რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდათ.

რაც შეეხება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას... გიორგი მარგველაშვილის მოხსენებით კმაყოფილი ხართ?

- ეს იყო აპარტიული პრეზიდენტის გამოსვლა, რომელსაც პარტიული ნიშნით რაიმე პრეფერენციები არ აქვს. წლების განმავლობაში, პარლამენტის ტრიბუნასთან ისეთი პრეზიდენტი გამოდიოდა, რომელიც პარტიულ მიღწევებზე საუბრობდა. ისინი პრეზიდენტის სხვა ტიპის გამოსვლებს იყვნენ მიჩვეულნი. მათ შორის იმაზე საუბარს, თუ როგორ უნდა აღმოჩენილიყო ყველა ადამიანი ციხეში და ა.შ.  გიორგი მარგველაშვილის მსგავსი გამოსვლა ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რაც  ქვეყნის განვითარებას და ევროპეიზაციას ხელს უწყობს.

თუმცა, უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილოა.  ოპონენტები გიორგი მარგველაშვილს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან რუსეთს „ოკუპანტი“ არ უწოდა...

- ნამდვილად გამიკვირდებოდა, რომ უმცირესობას პრეზიდენტის ანგარიში მოწონებოდა. ეს ხალხი წარმატებად იმას ასაღებს, რომ მათ ტერმინი „ოკუპაცია“ დაამკვიდრეს. ამას სიამაყით არ ვუყურებ, პირიქით, სიამაყით იმას შევხედავადი, ეს კონფლიქტი თავიდან რომ ყოფილიყო აცილებული. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ახალ ხელისუფლებას გვეუბნება, რომ მავრთულხლართებთან დაკავშირებით ჩვენ  ტერმინი  „ბორდერიზაცია“დავამტკიცეთ და ახლა რა ვქნათ, ამბავი ავტეხოთ?

ოპოზიციამ კიდევ ერთი ფაქტი გააპროტესტა - პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა არ დაესწრო. რატომ?

- ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ. რამდენადაც ვიცი, მსგავსი ფორმატი შეჯერებული იქნა. ამაში განსაკუთრებულ ამბავს ნუ ეძებთ.