წითელი ხალიჩის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტი უმცირესობას არ მიესალმა

წითელი ხალიჩის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტი უმცირესობას არ მიესალმა

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რიგით პირველი გამოსვლა მთავრობის წევრების, სუფლიორისა და წითელი ხალიჩის გარეშე წარიმართა.  

თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში დიდი პომპეზურობით ხვდებოდა, ამჯერად გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში,  მოკრძალებით გამოირჩევა. გამჭირვალე შენობაში პრეზიდენტისთვის არ დაუფენიათ წითელი ხალიჩები და ის უწყებაში ე.წ. უკანა კარიდან შებრძანდა. სხდომათა დარბაზში კი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად დროზე ადრე გამოცხადდა და პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა.

აღსანიშნავია ერთი დეტალი: თუ 2011 წლის 26 მაისის პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს საჩუქრად თეთრი ჩაფხუტი გადასცა, გიორგი მარგველაშვილი უმცირესობის წევრებს არ მიესალმა, განსხვავებით უმრავლესობის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ხელი ჩამოართვა.

პრეზიდენტის ქმედების საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი მარგველაშვილს არც ფეხზე წამოუდგნენ და არც ტაში დაუკრეს, თუმცა, მათ შორის გამონაკლისი გიორგი ვაშაძემ და გია თევდორაძემ დაუშვეს, რომლებიც მანდატურთუხუცესის მიმართვას - „პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი“ ტაშით შეხვდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი - გიორგი ბარამიძე, გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ხათუნა გოგორიშვილი სხდომათა დარბაზში მას შემდეგ გამოცხადდნენ, როცა ტრიბუნასთან გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიდი მასპინძლობით არც საპატრიარქოს წარმომადგნელებს შეხვდნენ. წმინდა სინოდის წევრები, მათ შორის მეუფე კალისტრატე მხოლოდ დავით ბაქრაძემ და ხათუნა გოგორიშვილმა მოიკითხეს.

სხდომას, რომელიც პოლიტიკური დებატების ფორმატში მიმდინარეობს, არ ესწრებიან სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მთავრობის წევრები. საპატრიარქოს განმარტებით, „პატრიარქს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და, უბრალოდ, სხდომას ვერ ესწრება“. მთავრობის ცნობით კი, სხდომაზე მათი დასწრება სავალდებულო არ იყო.

მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან განსხვავებით, პარლამენტის სხდომას ესწრება უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი, რომლისგან განსხვავებით, მისი ძმა მიხეილ მაჭავარიანი სხდომას არ ესწრება.

რაც შეეხება პრეზიდენტის ანგარიშის შინაარს, მან გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებით გახსნა და მეგობარ სახელმწიფოში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„უკრაინის ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და იმ ზღვარს გადავიდა, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგი გაეღრმავებინა,  ძალადობის გამოყენება მოხდა. უკრაინის ხელისუფლებას ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისთვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება.

„საქართველო ამ გზაზე ძალიან მტკიცედ დგას. 2014 წელს უნდა გარღმავდეს და განმტკიცდეს თანამშრომლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან. ამ თვალსაზრითი სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ვიმოქმედებთ, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომელმაც ყურადღებას საქართველოს უსაფრთხოებაზეც გაამახვილა.

მარგველაშვილი საქართველოს სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის მშენებლობას ნატოში ხედავს.

„დაცული სახელმწიფო, დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება - ეს ნატოს უმთავრესი სტანდარტია, რომლის მიმართულებითაც უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ჯარისკაცები გმირულად მსახურობენ (ISAF) მისიაში.   მისიაში მონაწილეობა გაგრძელდება, ხოლო 2015 წელს, ქვეყანა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. 2014 წლის სექტემბერში დაგეგმილია ნატოს სამიტი, სადაც საზოგადოება და ხელისუფლება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ელოდება“, - დასძინა მარგველაშვილმა.

გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სტაბილური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად დარღვეული ტერიტორიული და საზოგადიებრივი მთლიანობა რჩება.

„ის, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა განხორციელდეს, უმნიშვნელოვანესია და ასევე უმნიშვნელოვანესია ამ კურსის უცვლელობა. ამ კურსის გაგრძელების პროცესში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესში გაერო-ს და ეუთო-ს როლი გაააქტიურდეს და ეს ხალხი  თავინთ საცხოვებელ ადგილებს დაუბრუნდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ტრიბუნიდან დე-ფაქტო ლიდერებს მიმართა.

მარგველაშვილმა აფხაზებს და ოსებს საქართველოს ევროპული კურსიდან პირდაპირი სარგებლის მიღება შესთავაზა.

„არაღიარების კურსი იზოლაციონიზმს არ ნიშნავს. ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ეროპული კურსიდან პირდაპირი სარგებელი მიიღონ. ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებში, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრატეგიით „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი იქნება. ასევე, მინდა მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს – ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი, ერთიანი სახელმწიფო აკავშირებს“, - აცხადებს მარგველაშვილი.

 ოკუპირებული ტერიტორიების პარალელურად, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ცდილობს რუსეთს აჩვენოს, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით, რუსეთში არცერთი პრობლემა არ გვარდება.

„ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად სტაბილური საქართველო, საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას, ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიც კეთილმეზობლობაა, ოღონდ იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე.  ახალმა ხელისუფლებამ  წინამორბედების აგრესიული რიტორიკა შეცვალა, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა. შარშან, დიალოგის ახალი ფორმატი გავხსენით, მაგრამ მავთულხლართების მშენებლობამ და 11 კილომეტრიანი საზღვრის ზონის გადაწევამ ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

აღნიშნული საკითხების გარდა, პრეზიდენტმა ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება.

„თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. დიახ, შემწყნარებლობა უპირველესად სწორედ ქრისტიანული ფასეულობა და ტრადიციაა. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციების და ქართული ტოლერანტობის პირობებში. ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც პატრიარქის მიერ მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებული სიტყვები გაიხსენა, როდესაც მისმა უწმინდესობამ მუსლიმებს პრობლემების შექმნის შემთხვევაში საპატრიარქოში მისვლა და მუსლიმანური წესით ლოცვის იქ აღვლენა შესთავაზა.

გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა ქართულ ტრადიციებზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისათვის აშენდეს.

„ასეთ სახელმწიფოს მე ვხედავ როგორც თავისუფლების, ტოლერანტობის, შესაძლებლობათა, შემოქმედების, შრომის, თანხმობის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას. როდესაც ტრადიციებზე ვსაუბრობ, აქ მხოლოდ ფორმალურ ტრადიციებს არ ვგულისხმობ, არამედ  ტრადიციათა იმ სულზე ვსაუბრობ, რომელიც მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გასდევს. ამ ტრადიციებში მე პროგრესისკენ სწრაფვას, განახლებას, აღორძინების ნიჭს მივიჩნევ“, - დასძინა პრეზიდენტმა, რომელმაც საკუთარი სიტყვა წინამორბედისგან განსხვავებით, სუფლიორის გარეშე წარმოსთქვა.

ამ წუთებში, პარლამენტში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.