დასაბამიდან ყველა ომის მიზანი გარკვეულ სივრცეზე საკუთარი გავლენის (დომინირების) მოპოვებაა. ბრძოლების დასრულების შემდეგ როგორ გამოიყენებს გამარჯვებული მოპოვებულ უფლებას - სრულად გაანადგურებს არსებულ მოსახლეობას და მიიერთებს ტერიტორიებს, აქცევს ვასალად და მართავს ადგილობრივი რენეგატების მეშვეობით თუ მფლობელობის რაიმე სხვა ფორმას შეარჩევს, ეს უკვე შემდგომი საკითხია. ამ ეტაპისათვის გავიხსენოთ კლაუზევიცის განმარტება „...ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა. ესენია დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება“.
ანუ ომი ძალადობრივ დაპირისპირებაზე აგებული საკუთარი ნების რეალიზაციის პროცესია. სხვა სიტყვებით, ომის მთავარი ამოცანა - მოწინააღმდეგის ნების გატეხვა - მისი წინააღმდეგობის გაწევის სურვილისა და უნარის მოსპობაა.
არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, პირველი ომი, დაახლოებით მე-12 ათასწლეულში ქრისტეშობამდე, საკვების ნაკლებობის გამო, მდინარე ნილოსის ნაპირებთან, ჯებელ საჰაბში, დაფიქსირდა. მას შემდეგ ომები, მახასიათებლების მიხედვით, მრავალჯერ და მრავალმხრივ შეიცვალა.
ცალკეულ ომს უნიკალურს მისი სუბიექტური მახასიათებლები - სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის თავისებურებები ხდის, რომელიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელია. შესაბამისად, ომებს 21-ე საუკუნის სამხედრო თეორიაში, სუბიექტური მახასიათებლებისა და ნიშნების ევოლუციის მიხედვით ყოფენ მსოფლიო, ლოკალურ, სამოქალაქო, კონვენციურ, ბირთვულ, ჰიბრიდულ და სხვა სახის ომებად.
თანამედროვე ეგრეთ წოდებული მეოთხე თაობის ომისათვის დამახასიათებელია კონფლიქტთა კულტურული ასპექტების მნიშვნელობა, ჩახლართული, რთული ფსიქოლოგიური ოპერაციები და ბრძოლა საინფორმაციო ნაკადის მანიპულაციის გზით. კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი, თანაბარმნიშვნელოვანი აქტორი - მთავრობა, არმია, და ხალხი ჰყავს. არმია, სახელმწიფოს სახელით, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის, იბრძვის. ანუ, ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ებრძვიან არის შეიარაღებული ძალები. მეოთხე თაობის ომის წარმართვის მეთოდების დამახასიათებელი ნიშანია ფსიქიკაზე ზემოქმედების მეთოდები, მანიპულირება ოპონენტის მიერ ინფორმაციის აღქმასა და სწორად გააზრება-განსჯის უნარზე. წინა პლანზე გამოდის არაპირდაპირი და არალეტალური იძულების მეთოდები – რბილი ძალა, ეკონომიკური სანქციები, საინფორმაციო ომი. სწორედ ისინი, ტრადიციული ომის ინსტრუმენტებთან ერთად, განსაზღვრავენ შეიარაღებული კონფლიქტის ინტენსივობას, რადგანაც, მსგავსი ოპერაციის საზღვრებში მოქმედების ობიექტი ხდება როგორც სამხედრო მოსამსახურე, ისე სამოქალაქო პირი.
თანამედროვე, ეგრეთ წოდებულ „ჰიბრიდულ“ და განსაკუთრებით „პროქსი“ ომებში, „ტრადიციული“ სუბიექტური მახასიათებლებისა და აქტორების - შეიარაღებული ძალების, ჯარების სხვადასხვა სახეობების - როლი მკვეთრად მცირდება და იზრდება მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის როლი, რომელიც საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მტრის პოტენციურ მოკავშირედ მოიაზრება.
ტერმინი „ჰიბრიდული ომი“(ინგლ. HIBRID WARFARE) შედარებით ახალია და ზოგიერთი განმარტებით ნიშნავს მტრული მოქმედების სახეობას, რომლის დროსაც თავდამსხმელი მხარე არ იყენებს კლასიკურ სამხედრო მეთოდებს, არამედ თრგუნავს ოპონენტს ფარული ოპერაციების, დივერსიების, კიბერშეტევების მეშვეობით, ამავდროულად ხელს უწყობს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედ აჯანყებულებს.
ამგვარი სახის ომს „შემეცნებით ანუ კოგნიტიურ ომსაც“ უწოდებენ. კოგნიტიური ომი (COGNITIVE WARFARE) - ომი, რომლის დროსაც ბრძოლის ველი ადამიანის გონება ხდება. ის წარმოადგენს ომის არატრადიციულ ფორმას, რომელიც იყენებს კიბერნეტიკულ ინსტრუმენტებს მტრის შემეცნებითი პროცესების შესაცვლელად; ის აღვივებს ცრურწმენებს, რეფლექსურ განსჯას, იწვევს აზროვნების მცდარი მიმართულებით განვითარების პროვოცირებას.
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან თანდათანობით თავი იჩინა ორმა მოვლენამ:
1. თუ მანამდე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა მონარქის, მისი გარემოცვის, ოლიგარქების მცირე ჯგუფების მიერ, მასობრივი დემოკრატიის გამოჩენით, სცენაზე გამოვიდა მასობრივი ადამიანი, დაიწყო მასობრივი მოძრაობები.
2. იდეების გავრცობა ფრესკების, სურათების, სკულპტურის, ქადაგების, იარაღის ძალის მეშვეობით, თანდათანობით ჩაანაცვლა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებმა - გაზეთმა, რადიომ, ტელევიზიამ, ინტერნეტმა.
მასობრივი მოძრაობისა და მასობრივი კომუნიკაციის თანხვედრამ შექმნა მასობრივი გადაწყვეტილების მიღებისა და ზემოქმედების შესაძლებლობა, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლეს როგორც ბიზნესმა (პროდუქციის შეთავაზება, ბოიკოტი, „შავი PR“...), ასევე პოლიტიკამ (არჩევნები, რეფერენდუმი, საპროტესტო აქციები...).
როგორც საკუთარი, ისევე სხვა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და ქვეცნობიერზე ზემოქმედება გახდა. კოგნიტიურ ომში უმნიშვნელოვანესი ბიჰევიორიზმული მიდგომაა, როგორც ქცევითი მოვლენების, რეაქციების ერთობლიობა გარე ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე. სპეცსამსახურები, შესაბამის სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ დაინტერესებული ქვეყნის მოსახლეობის აღქმების, აზრებისა და წარმოდგენების ფორმირებაზე და გარკვეულწილად მართონ მათი გრძნობები და სურვილები, ანუ მოახდინონ მათი ქცევების პროვოცირება.
ამრიგად, თანამედროვე ომის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოწინააღმდეგის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ქცევების პროვოცირება-მანიპულირებაა, მათი გონების კონტროლის მეშვეობით. ამასთან, თუ ფრანკოს გენერლებისათვის მეხუთე კოლონა მხოლოდ დამატებითი ძალა იყო, დღევანდელი რეალობისათვის მსგავს დაჯგუფებებს უმთავრესი ფუნქცია აკისრიათ დაინტერესების სივრცეში მოხვედრილი ქვეყნის მოსახლეობაში გაურკვევლობის დასამკვიდრებლად და მმართველი ძალის ნების დასათრგუნავად.
გასაგებია, რომ მეხუთე კოლონა ზეციდან და უცბად არ წარმოიქმნება. მისი შექმნა-გააქტიურება სხვადასხვა მიმართულების სპეცსამსახურებს ეკისრებათ, რომელთა საქმიანობის შედეგი მოწინააღმდეგის ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზებაა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს წინააღმდეგობა შესაძლებელია ისეთ მასშტაბებში გადაიზარდოს, რომ მივიღოთ თანამედროვე დაპყრობითი ომის ყველაზე „ნატიფი“ ფორმა - ფერადი რევოლუცია. შედეგად მიიღება „გულშემატკივარი“ ქვეყნის მიერ შერჩეული და კონტროლირებადი ხელისუფლება, სააკაშვილისა და ზელენსკის მსგავსი ოდიოზური ფიგურების ხელმძღვანელობით.
საზოგადოებაზე ზემოქმედების მეთოდი საინფორმაციო ნაკადის მეშვეობით საკმაო ხნისაა. ჯერ კიდევ ძვ. წ V-IV საუკუნეების საბერძნეთში ცნობილი იყო სოფისტური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოებისათვის ფაქტები ისეთი ფორმით მიეწოდებინათ, რომ მათ მცდარი დასკვნები გამოეტანათ და ორატორის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ.
XXI საუკუნეში, საზოგადოების დიდ მასებზე ეფექტური ზემოქმედებისა და მანიპულირებისათვის, თითქმის მეცნიერულ დონეზე დამუშავებული მეთოდების საფუძველზე აგებული, საინფორმაციო შეტყობინებების სისტემური მიწოდება - პროპაგანდაა.
ტერმინი პროპაგანდა (ლათ. propaganda, გავრცელების ქვემდებარე) - საწყისი არსით ფაქტების, არგუმენტებისა და სხვა ცნობათა სისტემატური გავრცელებაა. ტერმინის ინტენსიურად გამოყენება პაპის, გრიგორი XV-ს დროს დაიწყო (Sacra Congregatio de Propaganda Fide).
თანამედროვე გაგებით „პროპაგანდა“ უბრალოდ ინფორმაციის - ფაქტების, არგუმენტების და სხვა ცნობათა მხოლოდ გავრცობას აღარ გულისხმობს. პროპაგანდის ძირითადი მიზანი მოსახლეობის ანგაჟირება, დაინტერესება, აზროვნების მიმართვა სასურველი მიმართულებით, ანუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობის ფორმირება და მისი ქცევების მართვაა განსაზღვრულ დროის პერიოდში.
პროპაგანდა განისაზღვრება რამდენიმე მხრივ:
- პირველ რიგში, როგორც აქტივობა, რომლის მიზანია ცოდნისა და ღირებულებების გავრცელება, რათა ხელი შეუწყოს გარკვეული შეხედულებებისა და ემოციური მდგომარეობის ფორმირებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების სოციალურ ქცევაზე; ხშირ შემთხვევაში ძნელია განასხვაო პროპაგანდა განათლებისაგან.
-მეორეც, როგორც აქტივობა, რომლის მიზანია გარკვეული კლასების, პარტიებისა და სახელმწიფოების იდეოლოგიისა და პოლიტიკის გავრცელება;
– მესამე, როგორც მასობრივი ცნობიერების მანიპულირების საშუალება.
ამ პოზიციებიდან პოლიტიკური პროპაგანდა გაგებულია, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაციული და ფსიქოლოგიური გავლენა“.
რატომ მოქმედებს პროპაგანდა ადამიანზე, საზოგადოებაზე?
პროპაგანდა მუშაობს იმიტომ, რომ ეს ადამიანის ბუნებაა. ადამიანის პროპაგანდის ქვეშ მოქცევის მიზეზი მისი ტვინის (გონების) ფიზიოლოგია, ემოციონალური სტრუქტურაა.
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა შეიცნოს სამყაროს სურათი, გაიგოს ნებისმიერის საგნის, მოვლენის ფორმა და შინაარსი - ეს არის ადამიანის ბუნება, მისი ტვინის (გონების) ფიზიოლოგიური, ემოციონალური შემადგენელი. ადამიანს არ შეუძლია სამყაროს სურათის გარეშე ცხოვრება, გაგება, შეგრძნება, აზროვნება.
ადამიანებს აქვთ სამყაროს შეცნობის და გაგების დაუშრეტელი-უკიდეგანო სურვილი, მაგრამ განსხვავებული უნარი.
საბოლოოდ შეცნობა ხდება გონების მეშვეობით, მაგრამ გონების ხანგრძლივი დაძაბვა საკმაოდ მძიმე და დამღლელია. (გავიხსენოთ, რამდენი ფურცლის წაკითხვა შეგვიძლია შეუსვენებლად, ჩაძინების გარეშე - ა) მხატვრული ლიტერატურის ბ) სამეცნიერო ნაშრომის...). ამასთან, რაც უფრო მწირია ადამიანის კრიტიკული აზროვნება და ინტელექტის კოეფიციენტი (დიპლომების რაოდენობა მთავარი კრიტერიუმი არ არის...), მით უფრო ნაკლებ კრიტიკულად შეიცნობს ის მიწოდებულ ინფორმაციას. თუ გავიხსენებთ ოქროს კვეთას, ნებისმიერი მთელი სამ არათანაბარ მზარდ ნაწილად იყოფა, მოცემულ შემთხვევაში - უარესობისაკენ. შესაბამისად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწოდებულ ინფორმაციას იოლად იღებს.
თუ ადამიანის სამყაროს შეცნობის და გაგების უნარი არც ისე დიდია და ინდივიდუალური უნარ ჩვევების გამო მას ნაწილობრივ მაინც უჭირს გონებაში სრულფასოვანი სამყაროს სურათის ჩამოყალიბება, მისთვის გაცილებით იოლი და კომფორტულია მიიღოს სხვის მიერ მოფიქრებული, აწონ-დაწონილი, წარმოდგენილი, გაზიარებული გამოსახულება სადაც ყველა სიტყვა, იდეა, კონცეპტი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ინტერპრეტირებულია.
რაც მეტჯერ მიიღებს ადამიანი ერთი და იგივე ინფორმაციას, თუნდაც სახეშეცვლილს და სხვადასხვა ფორმით, მით მეტი იქნება აღნიშნულ ინფორმაციასთან კავშირის სიძლიერე.
გამოარჩევენ პროპაგანდის მოქმედების 4 პრინციპს:
ა) შერჩევითი ფაქტები (შერჩეული ფაქტები, ფაქტების შერჩევა-სელექცია)
ბ) კონტექსტის მოცილება (დეკონტექსტუალიზაცია)
გ) ახალი კონტექსტის შექმნა (რეკონტექსტუალიზაცია) (ფრეიმინგი)
დ) მოსაზრების წარმოჩენა ფაქტად
ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, განსაკუთრებით სხვა სახელმწიფოების მხრიდან, პოლიტიკური პროპაგანდა გამოიყენება ექსტრემისტული იდეების, შეხედულებების, დამოკიდებულებების, ექსტრემისტული იდეოლოგიის ღირებულებების დანერგვის, ექსტრემისტული პოლიტიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პროგრამების მოქმედების მიზნით.
სოციალური ჯგუფებიდან, მანიპულირებისათვის ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდობაა. გერმანელი მეცნიერის კარლ მანგეიმის აზრით, ახალგაზრდობა, თავისი ბუნებით, არც პროგრესულია და არც კონსერვატული, ის პოტენციურად მზადაა ნებისმიერი წამოწყებისათვის.
„ახალგაზრდობა არის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი, რომელიც გამოიყოფა ასაკობრივი მახასიათებლების მიხედვით, განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობით, რასაც განაპირობებს სოციალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები“. (იგორ კონი)
აღნიშნული და სხვა მიზეზების გამო, მოსახერხებელია, ახალგაზრდების ექსტრემისტული იდეოლოგიით მანიპულირება.
სოციალურ ჯგუფებზე ექსტრემისტული იდეოლოგიით მანიპულაციური გავლენა გულისხმობს მთელი რიგი საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას.
მანიპულირების მეთოდების დახვეწა მუდმივი პროცესია. თანამედროვე მეთოდებიდან გამოარჩევენ უოლტერ ლიპმანის Walter Lippmann; „ხაზს“, ჯონ დიუის John Dewey „მიდგომას“, ელისაბედ ნოელ-ნეიმანის Elisabeth Noelle-Neumann კონცეფციას, ედვარდ ბერნეისის Edward Louis Bernays; სწავლებას....
ლიპმანი წიგნში „საზოგადოებრივი აზრი“ პროპაგანდის გავლენას პლატონის გამოქვაბულს ადარებს. წიგნის ეპიგრაფად ლიპმანმა აირჩია ფრაგმენტი პლატონის "სახელმწიფოდან" გამოქვაბულის აღწერით, სადაც დაბადებიდან მოთავსებული ტუსაღები იძულებულნი არიან მთელი ცხოვრება დააკვირდნენ მხოლოდ სამყაროს ჩრდილებს, მაგრამ არა თავად სამყაროს. რადგანაც ტუსაღებს არასოდეს უნახავთ საიდან წარმოიქმნებიან აჩრდილები, მათ არ შეუძლიათ ჩრდილებზე უფრო რეალურის არსებობის წარმოდგენა.
თანდათანობით იხვეწება მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ ნევროლოგიური პროცესების, მეტყველების და ქცევის შაბლონებს შორის ურთიერთკავშირების ძიებას, ასევე მათზე ზემოქმედების შესაძლებლობას, სპეციალური ტექნიკით, სასურველი მიზნების მისაღწევად. ამ მეთოდს ნეიროლინგვისტიკურ პროგრამას უწოდებენ. ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება (NLP, Neuro-linguistic programming) - არის მოდელების, ტექნიკის და ოპერაციულ პრინციპთა კომპლექსი, რომელიც გამოიყენება პიროვნების განვითარებისა და მასზე ზემოქმედებისთვის, მოდელირების ეფექტიანი სტრატეგიის მეშვეობით.
არანაკლებ საყურადღებო და მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ეხება პროპაგანდას, არის მისი გავრცობის საშუალებები და შესაძლებლობები.
ცივი ომის პერიოდში ფართოდ გამოიყენებოდა ტერმინი „გავლენის აგენტი“, რაც იმ პერიოდის განმარტებით, დაახლოებით შემდეგს ნიშნავს: ,,სპეცსამსახურებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული, საზოგადოებაში გარკვეული პოზიციისა და ადგილის მქონე პირი, რომელსაც პირადი უნარების მეშვეობით შეუძლია მიზანმიმართულად გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისათვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე“.
თანამედროვე ეპოქაში ცალკეული „გავლენის აგენტით“ აღარავინ კმაყოფილდება. დღეს მოქმედებაში ერთმანეთთან სისტემურად დაკავშირებული და სინქრონულად მოქმედი მთელი რიგი „გავლენის ორგანიზაციებია“.
დღეს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების და მისი მანიპულირების მიზნით ძლიერი ქვეყნები სხვა ქვეყანაში ქმნიან პროპაგანდის გავრცელების ორგანიზაციების სისტემას: საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზია, გაზეთი, რადიო, ინტერნეტი), საგანმანათლებლო დაწესებულებებს (საბავშვო ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები), საქველმოქმედო-ჰუმანიტარული მისიებსა და ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ცალკეული კომერციული სტრუქტურებს. ფართოდ გამოიყენება მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, სპექტაკლები, სამეცნიერო, კულტურისა და სპორტული სფეროს წარმომადგენლები...
უკვე დახვეწილი ტექნოლოგიის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, იოლად მოსახერხებელია ყველა ჩამოთვლილი საშუალების ერთდროული, სინქრონული ამოქმედება.
საქართველოს მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში, საკანონმდებლო დონეზე, მოხერხდა ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათ წინააღმდეგ მოქმედების მაქსიმალური შეზღუდვა.
სწორედ სისტემური პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარების, მანიპულირების მეთოდებით გონივრულად სარგებლობის გამო მათი ფუნქციონირება მისაღები გახდა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვისაც, ვინც ლამაზად შეფუთული შეთავაზებების მიღმა ვერ შეამჩნია ამ ორგანიზაციების ჭეშმარიტი, ვერაგული მიზნები.
2016-2018 წლებში, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ და მისი მხარდამჭერი 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციათა კასკადი, რომელსაც ღია მხარდაჭერას უცხადებდა პოლიტიკური პარტიებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი. შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ნარკოლიბერალიზაციის შესახებ, რასაც მოყვა ნარკომომხმარებლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, როგორც ვაჟების, ისე გოგონების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.
2021 წელს, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა გაეუქმებინა კომპანია „ენკა რინიუებლზ“-თან დადებული ხელშეკრულება. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „რიონის ხეობის გადარჩენისათვის“, მთელი რიგი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების“, მასმედიის საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე პირის მხარდაჭერის საფუძველზე მოახერხა საზოგადოებრივი განწყობის ფორმირება „ნამახვან ჰესის კასკადის“ აშენების საწინააღმდეგოდ, რასაც ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა. შედეგად პროექტი შეჩერდა, ქვეყანაში ვერ აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო არბიტრაჟით 400 მილიონამდე დოლარით დაჯარიმდა...
საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2024 წლის გაზაფხულზე, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული „გავლენის ორგანიზაციების“ კონტროლის პირველ, „მოკრძალებული“ ნაბიჯს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამ ორგანიზაციებისა და მისი უცხოელი პატრონების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, რაც გადაიზარდა თბილისის ქუჩებში ხანგრძლივ და მწვავე საპროტესტო გამოსვლებში.
ამ პროცესის გაგრძელება იყო 2024 წლის არჩევნები. აღნიშნული ორგანიზაციები შეეცადნენ არჩევნებზე დაფიქსირებული რამდენიმე ცალკეული ინციდენტი ზოგად და სისტემურ მოვლენად წარმოეჩინათ, არჩევნების მათთვის არასასურველი შედეგი არ ეღიარებინათ, არჩევნები არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი გამოეწვიათ.
მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის შეუძლებელი შეძლო და მოახერხა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია წარმოუდგენლად კოლოსალური შესაძლებლობების მქონე სხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებული შემოტევისათვის და მათი ადგილობრივი მხარდამჭერთათვის, მაგრამ ქვეყანაში დარჩა მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვინც გულწრფელად დარწმუნებულია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ადამიანს არანაირად ვნებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ზღუდავს დემოკრატიას, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად გაყალბდა... ანუ, დაინტერესებულმა მხარემ მოახერხა საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის „პლატონის გამოქვაბულში“ გამომწყვდევა.
კვლავ შეუზღუდავად ფუნქციონირებს სხვა ქვეყნებიდან მართული ყველა ის ორგანიზაცია და მასმედიის საშუალება, ვინც ცდილობს მაქსიმალურად რადიკალურ-ექსტრემისტულად განაწყოს მოწყვლადი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც უკვე ჰქონდა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე მცდელობა და კვლავ მზადაა ახალი იერიშისათვის.
ამრიგად, პროპაგანდა კოგნიტიური ომის უნივერსალური იარაღია. აგრესორს არ ჭირდება ძვირადღირებული შეიარაღება, საკუთარი ჯარის სისხლისმღვრელ ბრძოლაში გაგზავნა, თავისი ვერაგული ზრახვების სააშკაროზე გამოტანა... პირიქით, „მეგობრისა“ და „გულშემატკივარის“ ნიღაბს ამოფარებულს შეუძლია მისი დაინტერესების სფეროში მოქცეული ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის განწყობის ფორმირება, მათი ქცევების პროვოცირება და შესაბამისად საკუთარი გავლენის გაძლიერება აღნიშნულ სივრცეზე.
აშკარა ხდება, იმისათვის რომ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უპირველესი ამოცანა ხდება დაიცვა ადამიანის, ქვეყნის მოქალაქის გონება სხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებული ექსპანსიური შტურმისაგან.
თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლება უკვე დგამს სერიოზულ პრევენციულ ნაბიჯებს საკანონმდებლო ბაზისა და სტრუქტურულ-ორგანიზაციული სისტემის სრულყოფისაკენ სხვა ქვეყნების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მინიმალიზირებისა და საკუთარი სუვერენიტეტის გამყარებისათვის. მოვლებები ადასტურებს, ამ პროცესში, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს მმართველი ძალის მიერ შერჩეულ კურსს, რომლის შედეგადაც, უდავოდ იზრდება ალბათობა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა მნიშვნელოვნად განიმტკიცოს სუვერენული საფუძვლები და მივაღწიოთ დიდი წინაპრების ნანატრ მდგომარეობას, როდესაც „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.