საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე, ნაციონალმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს საპატრიარქო მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საპატრიარქოში ანტიდასავლური ძალები არიან, რომლებიც ქვეყნის ევროპულ სვლას ხელს უშლიან.
საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირას ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც უმრავლესობის მხრიდან - ზურაბ აბაშიძე, ირაკლი სესიაშვილი და თედო ჯაფარიძე დაესწრნენ, ხოლო უმცირესობა გიორგი კანდელაკითა და გიორგი ბარამიძით იყო წარმოდგენილი.
როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, გიორგი კანდელაკმა გამოსვლისას საპატრიარქო საქართველოს „საფრთხეებს“ შორის დაასახელა და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გააკრიტიკა.
for.ge-სთან საუბარში კანდელაკი ადასტურებს, რომ ბრიუსელში საპატრიარქოსთან დაკავშირებით ისაუბრა, თუმცა, ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გააკრიტიკა და ის იმ პიროვნებად მიიჩნია, რომელიც „საქართველოს ევროპულ სვლას ხელს უშლის“.
კანდელაკის მტკიცებით, საბჭოს სხდომაზე მას პატრიარქზე არაფერი უთქვამს.
„პატრიარქზე საუბარი არავის მხრიდან არ ყოფილა. მათ შორის არც ჩემი მხრიდან. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე განიხილავდნენ იმას, თუ როგორ შეიძლება არ დავუშვათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის საფრთხის შექმნა და რა მუშაობა უნდა გასწიოს მთავრობამ იმისათვის, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას. იმიტომ, რომ დღეს, ჩვენს საზოგადოებაში ანტიდასავლური ძალები არიან გათამამებულები და ისინი ცდილობენ, რომ ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამ კონტექსტში მიმოხილული იყო ის, თუ ვინ არიან ანტიდასავლური ძალები“, - აღნიშნავს კანდელაკი.
დეპუტატის ცნობით, მან გამოსვლისას საპატრიარქოში არსებული ანტიდასავლური ძალები ქვეყნის საფრთხედ მიიჩნია.
„არ არის დასამალი, რომ ეკლესიის გარკვეული ნაწილი, რომელიც მაგალითად ამბობს, რომ 2008 წელს, საქართველოს ღმერთმა ბომბები გამოუგზავნა, ეს ნაწილი მოიაზრება იმ კომპონენტად ეკლესიისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ იდეას და რუსეთში ხედავს ერთმორწმუნე მოკავშირეს. ეს ეკლესიისთვის სამწუხარო და საწყენია. გამოსვლის დროს, კონკრეტულად აი ის თქვი, რაც თქვენ გითხარით“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა, რომელმაც ყურადღება პარლამენტში არსებულ გამოფენაზე გაამახვილა, სადაც მის მიერ წარმოდგენილი ოკუპაციის ამსახველი ფოტო-მასალაა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომას მმართველი გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ ამ საკითხზე ამ დრომდე არ უსაუბრიათ.