„ოცნების“ რუსეთისკენ სვლის ნარატივი რადიკალებმა „აღმოსავლური დიქტატურით“ ჩაანაცვლეს

„ოცნების“ რუსეთისკენ სვლის ნარატივი რადიკალებმა „აღმოსავლური დიქტატურით“ ჩაანაცვლეს

დასავლეთის ბოიკოტის ფონზე ცდილობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი სტრატეგიული პარტნიორების შეძენას აზიის მიმართულებით და რა არის „ოცნების“ პოლიტიკის ლოგიკა? პრემიერმა ბოლო პერიოდში აზიის ქვეყნებში არაერთი ვიზიტი განახორციელა. ის ახლაც დუბაიში იმყოფება, სადაც 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაა ჩასული. 

რიგით მე-12, მსოფლიო მთავრობათა სამიტს დუბაი მასპინძლობს, სადაც საქართველოს პრემიერი ერთ-ერთი საპატიო სტუმარია. ოპოზიციისთვის კი პრემიერის ვიზიტები იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურს ცვლის. თუმცა ოპოზიიცის კრიტიკის ფონზე დუბაის მთავრობათა სამიტზე დამსწრეთა სია შთამბეჭდავია.

მას დაესწრება აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი; დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები ტონი ბლერი და ბორის ჯონსონი; Google-ის აღმასრულებელი დირექტორი; ინდონეზიის, პოლონეთისა და შრი-ლანკის პრეზიდენტები. 13 თებერვალს, ილონ მასკი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სახელწოდებით „მოსაწყენი ქალაქები, ხელოვნური ინტელექტი და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი“. სამიტს ასევე უმასპინძლებენ მსოფლიო დონის ცნობილი ექსპერტები. სამიტს სულ 6000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

ირაკლი კობახიძე საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყუარდღებას. მისი თქმით, საუბარია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაზე, სოციალურ თანასწორობაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. პრემიერის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობის მაგალითია ის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო-პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები, სტაბილური ბიზნესგარემო. ირაკლი კობახიძემ სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე - ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობა და პროექტები ხელს უწყობს, საქართველო ციფრული ჰაბი გახდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დერეფნის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ბუნებრივად აქვს ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, საქართველოსა და მისი პოტენციური პარტნიორებისთვის დადებითი ბენეფიტების მომტანია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველომ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე შანსი უნდა გამოიყენოს და ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში საკუთარი როლი და მნიშვნელობა გაზარდოს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ ამას აკეთებს პრემიერი კობახიძე და მისი მთავრობა, რაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის დასავლეთში მიუღებელია.

„ევროპის და ზოგადად, დასავლეთის განაწყენების რეალური მიზეზი სწორედ ესაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო დროს, ნაბიჯების გადადგმა აღმოსავლეთისკენ დაიწყო. ამიტომ დაიწყო ეს ანტიქართული პროპაგანდის ისტერია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ფაქტია, რომ მათი მთავარი პრობლემა ჩინეთია და საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს არ პატიობენ. ისევ დაჟინებით ამბობენ, თითქოს საქართველო რუსეთისკენ არის შებრუნებული, ოღონდ ვერაფრით ასაბუთებენ რაში გამოიხატება საქართველოს რუსეთისკენ სწრაფვა.

მხოლოდ ახლახან, კონგრესმენმა უილსონმა ახსენა ჩინეთი. მან წამოაყენა საკითხი, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ჩინეთის და ირანის დიქტატისკენ მიაქანებს. ჩვენს ოპოზიციას და უილსონს ერთიდაიგივე სცენარისტი ჰყავთ და ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯები გააშავონ, რომელიც ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური მოგების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ახლა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთისკენ სვლის თემა დღის წესრიგიდან მოხსნან, რადგან ეს ბრალდება ვერაფრით გაამყარეს. რახან დაინახეს, რომ აღმოსავლეთისკენ ხელისუფლება მოძრაობს, დაიწყეს საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება დიქტატურისკენ მიდის“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, პირველი კითხვა ჩნდება - ვინც დიქტატორულ ქვეყნებთან თანამშრომლობს, ის დიქტატურას ემხრობა? საყვარელიძე ამბობს, რომ ეს იარლიყი არ გამოვა, რადგან ამერიკას საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა ჰქონდა. ასევე ტრამპი აპირებს ჩინეთთან თავად ითანამშრომლოს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს, თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, სადაც მოგებას და კარგ პირობებს ნახავს, იქ ითანამშრომლოს.

„ეს კრიტიკოსები უფრო არაბებთან, ყაზახებთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე აპელირებენ, თუმცა ჩინეთს ასე პირდაპირ ვერ ასახელებენ, რადგან ჩინეთთან ურთიერთობა უპრიანი და მომგებიანია, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს ალტერნატივა იქ, სადაც მას არ ეჩხუბებიან და მგონი, ეს პოზიცია გასაკვირი არ არის.

თავის დროზე ანალოგიური ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა გადადგა და კარგად იცის ოპოზიციამ ეს ნაბიჯი. 2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილი დასავლეთს ბოიკოტის რეჟიმში ჰყავდა. 22 თვე არსად არ დაუპატიჟიათ და არსად არავინ შეხვედრია. შეტრიალდა სააკაშვილი და ირანთან ურთიერთობაზე წავიდა. დასავლეთში, როგორც კი დაინახეს, რომ სააკაშვილს ალტერნატიული შესაძლებლობები ჰქონდა, თანაც ისეთი, რომელიც მათთვის არ იყო სასურველი, მთელი ევროპის ქვეყნები სააკაშვილის კარებთან დალაგდა. ასე რომ, ეს მანევრი, რომ თუ ვიღაცა გეჩხუბება, შენ შეტრიალდე და მის კონკურენტთან ჰარმონიული ურთიერთობა გააბა, მოულოდნელი არ არის“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, უამრავი ქვეყანაა, რომლის დემოკრატიას არ აღიარებენ დასავლეთში, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჩვეულებრივად აქვთ. საყვარელიძე ამბობს, რომ ევროპა მშვენივრად თანამშრომლობს რუსეთთან, თანაც სანქციების პირობებში ჩუმად და შავი ხვრელების მეშვეობით, მიუხედავად მისი უკრაინაში შეჭრისა და აგრესიული გეოპოლიტიკური მოქმედებებისა.

„მაშ, როგორ ხდება, რომ რუსეთს ანგარიშს უწევენ? ალბათ, ვიღაც იფიქრებს, ჩვენ რუსეთის მსგავსი დიდი ქვეყანა არა ვართ, დიდი ეკონომიკური შესაძლებლობით, მაგრამ საქართველოც თუ თავის მნიშვნელობას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გაზრდის, დაიწყებს ვაჭრობას ყველასთან, რატომაც არა, დასავლეთიც იძულებული გახდება ანგარიში გაგვიწიოს, რადგან ისინი მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება, საქართველო მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა“,-ამბობს საყვარელიძე.