ტრამპის ავი მზერა, მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკის საკონსულოებსაც გადასწვდა

ტრამპის ავი მზერა, მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკის საკონსულოებსაც გადასწვდა

სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს მასშტაბით რიგი საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. დახურვის საფრთხე ემუქრება საკონსულოებს გერმანიასა და საფრანგეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოითხოვა საკონსულოებისგან ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

NBC News-ის ინფორმაციით, შესაძლო დასახურთა ჩამონათვალშია საკონსულოები ევროპაში, კანადაში, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ზოგიერთი საკონსულო გადახედვის ქვეშ დააყენეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც სთხოვეს, შეეფასებინათ მათი შესაბამისობა ტრამპის დღის წესრიგთან - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

ამ ჩამონათვალში ჯერჯერობით არ ჩანს საქართველო. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას, წესით, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რატომ გაიზარდა საქართველოში ანტიამერიკული განწყობა და როგორ შეუწყვეს ამას ხელი ამერიკის ყოფილმა და მოქმედმა ელჩებმა, მათ შორის სწორედ საკონსულომ. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის და ასევე, უცნობია დახურვის დრო, თუმცა ოფიციალურ თბილისს აქვს მოლოდინი, რომ ტრამპის მიერ დაანონსებულ სეკვესტრში საქართველოში მოქმედი საკონსულო და დიპლომატიური წარმომადგენლობა მოხვდება.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან გერმანიასა და საფრანგეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის თემა, პოლიტიკური გზავნილია ამ ქვეყნების ამჟამინდელი ხელისუფლებების მისამართით, რომლებთანაც ქართველიშვილი ვერ ხედავს პერსპექტივებს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რაღაცა პოლიტიკური ხიდების გაბმის. მისი თქმით, ეს ის ხელისუფლებებია, რომლებიც ბაიდენის ადმიანისტრაციის ჩინურ ვერსიებს წარმოადგენენ ტრამპისთვის და თავისი ადგილი მიუჩინა საგარეო პოლიტიკაში.

„არაერთი განცხადება იყო გაკეთებეული და არაერთი ქმედება არის იმ მიმართულებით, რომ ტრამპი არ ჩქარობს არანაირი პოლიტიკური ურთიერთობების და ოფიციალური შეხვედრების გამართვას ურსულა ფონ დერ ლაიენთან თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის სხვა მაღალჩინოსნებთან, არც თვითონ და არც თავისი ადმინისტრაციის ცალკეული წარმომამდგენლების სახით. პირიქით, აფართოებს თავისი ურთიერთობებს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ცალკეულ პოლიტიკისოებთან, რომლებშიც ტრამპი ხედავს ხვალინდელ სახელისუფლებო პერსპექტივას იმ კუთხით, რომ მისი ადმიანისტრაცია მისთვის ფასეულობით თანახვედრაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებთან ხვალინდელ ურთიერთობებს დაალაგებს.

ასე იქცევა ის არა მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებით, არამედ ბრიტანეთთან მიმართებით. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დიდი სიმპატიებით უყურებს რეფორმატორების პარტიის მომავალს ბრიტანეთში და მათი ლიდერის ნაიჯელ ფარაჯის მომავალს, რომელზეც შესაძლოა, ფსონიც კი გაკეთდეს და მისი სახით უახლოეს მომავალში ვიხილოთ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ასევე უყურებს საფრანგეთის და გერმანიის ამჟამინდელ ხელისუფლებას, როგორც ხვალინდელ ექს-ხელისუფლებას, რომელთანაც არ ჩქარობს ურთიერთობების დამყარებას. უბრალოდ, ამ განცხადებით მიანიშნა რა დამოკიდებულებები აქვს ამ ხელისუფლებებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი და ბლოგერი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადების უკან იმალება ორი მიზეზი. პირველი - საფრანგეთი და გერმანია არის წამყვანი ქვეყნები ევროპაში და მისი მიზანია ამ წამყვან ქვეყანაში ლიდერების შეცვლა.

„ყველანაირად მოუჭერს ხელს, დაამცირებს, არაფრად ჩააგდებს და ისე წაიყვანს ვითარებას, რომ ეს ლიბერალები გავიდნენ პოლიტიკიდან. მეორე, პატარ-პატარა ქვეყნებსაც ამის ქვეშ მოაყოლებს. ეს არის საჩვენებელი და რეალურად უნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ლიდერები არ მოსწონს, შეიცვალოს. ერთ-ერთი ქმედი საშუალება არის დიპლომატიური წარმომადგენლობის გამოწვევა. ტრამპის მიზანია ყველგან შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი ჯგუფი, როგორიც ტრამპს უნდა, ანუ კონსერვატიულად განწყობილი.

რაც შეეხება საქართველოს, არ ვფიქრობ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ცვლილება იქნება, რადგან საქართველოში არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ტრამპის კურსთან თანხვედრაშია, ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კარგად განწყობილი და დაპირისპირებული ბაიდენის ადმინისტრაციასთან. საქართველოსთან დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის ფაქტორი, რუსეთთან მოლაპარაკებას მოახერხებს თუ არა. თუ რუსეთთან მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან, მაშინ ჩვენ მოვხვდებით შეთანხმების ნაწილში. მაგრამ თუ ვერ მოილაპარაკეს, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში გაგრძელდეს ამათი დაპირისპირება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილი.