„როგორც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია ჯიუტად არ იმჩნევს, ახალ პარლამენტს, მთავრობა და ახალ პრეზიდენტს, ისე ევრობიუროკრატია არ იმჩნევ ტრამპს და მის გზავნილებს“

„როგორც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია ჯიუტად არ იმჩნევს, ახალ პარლამენტს, მთავრობა და ახალ პრეზიდენტს, ისე ევრობიუროკრატია არ იმჩნევ ტრამპს და მის გზავნილებს“

აშშ ნატოს მიადგა. თავდაცვის მდივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. პიტ ჰეგსეტი მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დროა გამოწვევას უპასუხონ და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს მათ თავდაცვაზე მეტი თანხა დახარჯონ.

„ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ თავისუფალი იყოს ნებისმიერი აგრესიისგან, თუმცა სწორედ მეზობელმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ყველაზე დიდი ინვესტიცია ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაში. ჩვენი ვალდებულება ნათელია: ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“, - წერს პიტ ჰეგსეტი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მივიდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი ხელმძღვანელობს. როგორ დასრულდება ნატოსა და აშშ-ის ურთიერთობა, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

for.ge „ხალხის ძალის“ წევრს, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, ნატოს ამ ფორმით არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ?

დავით ქართველიშვილი: ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ე.წ. რაიმშტაინის კლუბის მორიგი სხდომა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებამ შექმნა. ყოველ ჯერზე ამ კლუბის შეხვედრის თავმჯდომარე, წამყვანი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივანი და პირველი შეხვედრაა ამ კლუბის, რომელსაც თავამჯდომარეობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. პენტაგონის ახალი შეფი უბრალოდ ესწრება, აკვირდება და ხმას არ იღებს.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამ პოზიციით რაიმშტაინის კლუბს უგზავნის საკუთარ პოზიციას - ეს არაა ჩვენი თავის ტკივილი, ეს არის თქვენი, ევროპის კონტინეტის თავის ტკივილი, დაწყებული ბრიტანეთით და გაგრძელებული გერმანიით, საფრანგეთით და ა.შ. ის ამბობს, რომ ეს არის ნატოს ევროპული წარმომადგენლობის თავის ტკივილი, რომელმაც საკუთარ თავს, საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოებას და ამ ორგანიზაციის ევროპის კონტინეტზე გაძლიერებას თავადვე უნდა მიხედოს. ეუბნება, თქვენ თვითონვე უნდა გაძლიერდეთ თქვენს კონტინენტზე, რომელიც შორის არის ამერიკის კონტინენტისგან და მათ შორის უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ჩვენს გარეშე; ჩვენ ამაში და არც ევროპის კონტინენტზე ნატოს გაძლიერებაში ცენტრსაც კი არ ჩავდებთ, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის ეკონომიკური სიძლიერის გაცხადებულ პოლიტიკას. მოკლედ, მიდის ამ პასუხისმგებლობის გადალაგება, მათ შორის ფინანსურის, თვითონ ევროპელების მხრებზე.

როგორ გაუმკლავდება ამ პასუხისმგებლობას ევროპა?

- ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი-ერთში მიდის და პარალელი მინდა გავავლო, როგორც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია ჯიუტად არ იმჩნევს, რომ საქართველოში გვყავს ახალი პარლამენტი, ახალი მთავრობა, ახალი პრეზიდენტი და მიმდინარეობს აპელირება ზურაბიშვილზე როგორც პრეზიდენტზე, პარალენტისა და მთავრობის არალეგიტიმურობაზე, მიდის მცდელობა ხან ტექნიკური მთავრობა შექმნან, თუ პოლიტიკური პლატფორმა და ა.შ. ევრობიუროკრატია, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს, ჯიუტად არ იმჩნევენ არც დონალდ ტრამპს, როგორც ახალ პრეზიდენტს და მის გზავნილებს, რომელიც ეხება მის საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

ცდილობენ, ინერციით გააგრძელონ თავისი უაზრო პოლიტიკა, ისევე, როგორც ამას აკეთდებდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში. არაფერი, არც ერთი გზავნილი და განცხადება არ ისმის იმის შესახებ, რომ მათ უწევთ და მოუწევთ გადაფორმატება თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტების, ტრანსფორმაცია და გადატვირთვა იმ ახალი რეალიების გათვალისწინებით, როდესაც დღე არ გადის, რომ ტრამპმა თავისი ახალი ხედვები არ გააცნოს მთელ მსოფლიოს და ევროკავშირს.

ბრიუსელი კვლავ მიუნხენის კონფერენციებით არის დაკავებული, სადაც ექს-პრემიერებს და ექს-პრეზიდენტებს მათ შორის საქართველოდან, ეპატჟება იმისთვის, რომ რაღაცა მორიგი სულელური პერფორმანსები გამართონ ამჯერად მზია ამოღლობელის განთავისუფლების გარშემო, რამაც ჩაანაცვლა სააკაშვილის ციხიდან გამოშვების თემები. დღევანდელი ბრიუსელი აცდენილია იმ ახალ რეალობას, რომელსაც ცალკე საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ბრიუსელს ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით, ცალკე ამერიკის ახალი პრეზიდენტი.

როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს ბრიუსელი უარს საქართველოსთან გადატვირთვის პოლიტიკაზე და ბრიუსელის ამ პოლიტიკამ რამდენად შეიძლება დააზარალოს ქვეყანა?

- ამ რეალობის იგნორის პოლიტიკით, რა პოლიტიკას ატარებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, აუცილებლად ევროკავშირს მიიყვანს ორი მოცემულობიდან ერთ-ერთის არჩევამდე. პირველი არჩევანი იქნება თვითონ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების, პოლიტკური ელიტების ბუნტი ბრიუსელის წინააღმდეგ, რომლებიც, ალბათ, მოითხოვენ საკუთარი ქვეყნებისთვის უფრო მეტ ავტონომიურობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. ან მეორე, უარესი გზა ევროკავშირისთვის, როდესაც იმ დონემდე გაჯიუტდება ევრობიუროკრატია, რომ ამ ავტონომიურობაზე, ამ სუვერენიტეტის და თავისუფლების მინიჭებაზე თავის წევრი ქვეყნებისთვის უარს განაცხადებს და მაშინ ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, ალბათ, დაიშლება და ალბათ, ეს დაშლა ოფიციალურად და იურიდიულად 2030 წლისთვის გაფორმდება.

არ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ ჩვენი პატარა საქართველოს, პატარა ხელისუფლების უდიდესი სიბრძნე, როდესაც ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე 40 დღით ადრე, 28 ნოემბერს, ევროკავშირთან და იმ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის დაპაუზებაზე განვაცხადეთ, რომელთანაც ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანას არანაირი სასიკეთო პერსპექტივა არ შეიძლება რომ ჰქონდეს.

ევროკავშირს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, რომ ორი შესაძლო გზიდან ერთ-ერთი თავად აირჩიოს - ან შეცვალოს დამოკიდებულება უპირველესად საკუთარი ორგანიზაციის წიაღში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციას მომავალი არ უწერია. ჩვენი მხრიდან კი მისწრაფებებზე და ევროინტეგრაციაზე საუბარს იმასთან, რომლის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ ამ სიგიჟისგან განთავისუფლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ქვეყნის გაძლიერების მიზნით. ამიტომ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის.