ამერიკა და საქართველო ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ

ამერიკა და საქართველო ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. ეს მოწვევა საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულადმა დეკემბერში ჩამოიტანა, როდესაც ის თბილისში იმყოფებოდა. მას შემდეგ მიმდინარეობს ამ ვიზიტის მომზადება. ეს, ირაკლი ღარიბაშვილის, პრემიერ-მინისტრის ამპლუაში, პირველი ვიზიტია აშშ-ში.

22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატსა და თეთრ სახლში.

„ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. მისი მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით და ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო გამტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი იქნება ახალი, მაღალი ათვლის წერტილი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში“, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც განიხილება ყველა სპექტრი ჩვენი ურთიერთობების, ეკონომიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების და დარწმუნებული ვარ, საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის დინამიკა კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეხვდეს.

„დეტალები არ ვიცი, თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტთანაც იყოს შეხვედრა. რაც შეეხება ამერიკას, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრები უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას.

„პრემიერს ექნება შეხვედრა თეთრ სახლში და შესაძლებელია სხვა საინტერესო შეხვედრებიც იყოს, რომლის თაობაზეც მე ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგანაც თეთრი სახლის პროტოკოლთან შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალები იქ გამართული შეხვედრებისა წინასწარ არ იყოს გამჟღავნებული“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტრო დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ,პრემიერის ვიზიტი ამერიკაში მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გამო.

„პრემიერ-მინისტრის ამპლუაში ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში პირველი ვიზიტია და ისეთ სტრატეგიულ, მეგობარ და მხარდამჭერ ქვეყანასთან და ისეთი მნიშვნელობის მქონე ქვეყანასთან, როგორიც აშშ-ა, მე მგონი, ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის. პრემიერი აშშ-ში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. არის შეხვედრები ადმინისტრაციაში, კონგრესში. უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრები იგეგმება ანალიტიკურ ცენტრებში“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს აფასებენ ქართველი ექსპერტები. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ და იგეგმება ნატოს სამიტი, ექსპერტები თვლიან, რომ თავისთავად ცხადია ქვეყანას სჭირდება ამერიკის შეერთბული შტატების, ევროკავშირის და სტრატეგიული პარტნიორების უფრო აქტიური მხარდაჭერა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკამოდ დიდ დროს უთმობს ამ ვიზიტს საქართველო და ამერიკა.

„ერთ კვირაზე მეტი გაგრძელდება ეს ვიზიტი, რაც ძალიან საინტერესოა. აშკარად, მოკლე დროში გადაწყდა ეს ვიზიტი, ფაქტიურად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე გადაწყდა საქართველოსთან ეს დიალოგი. უკრაინის ფონზე დიალოგი საქართველოსთან და დიალოგი არ იქნება მხოლოდ ქართულ პროცესებზე, ალბათ, უფრო გლობალური მნიშვნელობის თემები წამოვა წინა პლანზე. ამ გლობალური მნიშვნელობის თემებში ლაპარაკი იქნება საქართველოს ადგილზე.

სავარაუდოა, რომ სწორედ ის საფრთხეები, რაც უკრაინაში გამოჩნდა რუსეთის მხრიდან, იქნება ძირითადი თემა. ალბათ, ქართული მხარე დასავლეთს მოსთხოვს უფრო გააქტიურებას ამ ზეწოლის დაბალანსებისთვის. მეორეს მხრივ, ამერიკული მხარე დარწმუნდება საქართველოს დასავლურ ორიენტაციაში, რასაც კითხვის ნიშნები მოჰყვება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიზიტი აშშ-ში იმისათვის, რომ რეალურად უმაღლეს დონეზე გაირკვეს საქართველო-ამერიკის დღევანდელი ურთიერთობის სახე და ხარისხი. როგორც ლაგაზიძე აცხადებს, დასავლელი დიპლომატები ძალიან უკამყოფილონი არიან საქართველოს ხელისუფლების პასიურობით, მათ შორის ოფიციალური თუ არაოფიციალური კონტაქტების ნაკლები ინტენსივობით. როგორც ექსპტერი ამბობს, ქვეყნის აქტივობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

„კონკრეტულად, ასოცირების ხელშეკრულების წინ და უკრაინის მოვლენების ფონზე, პრემიერის ვიზიტი კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სახის დახმარება შეიძლება გვქონდეს ამერიკიდან და ევროპიდან რუსეთის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში. ეს არის ქვეყნის ხელისუფლების და უსაფრთხოების ნომერ პირველი ამოცანა.

ჩვენ ძალიან კონკრეტული პასუხი უნდა მივიღოთ იმ კითხვაზე -  რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს დასავლეთი ამ რეგიონში, ჩვენი ევროპული ღირებულებების და საკუთარი ინტერესის დასაცავად. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ვინმე დაგვიცავს. ან ვინმეს ვჭირდებით თუ მათი ინტერესები არ დევს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ და დასძინა - უნდა ვიცოდეთ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ, თუ შეიძლება გვქონდეს რეალური დახმარების იმედი“.