"ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერი ფიქრობს,რომ მათი დგომა "ოცნების" გვერდით არ დაფასდა

"ვფიქრობ, ღარიბაშვილის მიმართვა - სადაც "ოცნების" მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის მათ მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისთვის და აცხადებს, რომ არც ერთი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა და იბრძოლა უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება, იმით არის გამოწვეული, რომ "ქართულმა ოცნებამ" და კერძოდ ღარიბაშვილმა, შეამჩნიეს საზოგადოებაში გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულება, რომ გახშირდა იმედგაცრუებაზე საუბარი - "ქართული ოცნების" ბევრმა მხარდამჭერმა დაიჩივლა, რომ მისი დგომა "ქართული ოცნების" გვერდით არ დაფასდა. ზოგადად, დღეს მთავრობაში და პრობლემა ნამდვილად არსებობს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ახლა "ოცნების" მხარდამჭერები ღარიბაშვილს.

"ვფიქრობ, ეს დაპირება გრძელვადიანი იქნება. თუკი გრძელვადიანი არ იქნება და მხოლოდ საარჩევნოდ გადაიდგა რამე ნაბიჯები, მომავალი არჩევნებიც ხომ წინ არის. იქ კიდევ უფრო დიდი იქნება კრიტიკული დამოკიდებულება და დაპირებების არშესრულებაზე კიდევ უფრო მწვავე იქნება რეაქცია. ასე რომ, სასურველია - თუ აუცილებელი არა, _ რომ ის რაც ითქვა ღარიბაშვილის ტექსტში, გახდეს მათი მუდმივი მდგომარეობა და არ იყოს სეზონური. დღეისთვის ამ დაპირებების შესრულების რესურსი მზამზარეული ნამდვილარ არ არის. მაგრამ როდესაც პატარძალი უკვე ფეხმძიმედაა, ეს უკვე აჩენს განწყობას ოჯახში, რომ ბედნიერება მოვა ახალი სიცოცხლის დაბადებით. რაღაც ნიშნები თუკი მიეცემა საზოგადოებას, რომ ამ "ქართული ოცნება" რთული ამოცანების შემსრულებელია, ხალხი ამით უკვე კმაყოფილი იქნება. ყველა ამოცანის ბოლომდე გადაწყვეტის აუცილებლობა არჩევნებამდე ნამდვილად არ დგას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ასეთ ნიშნებსაც ვერ ხედავს დღეს საზოგადოება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"თუკი ხელისუფლებამ გააგრძელა ის კურსი რაც ადრე ჰქონდა, როცა მიაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად არის და უშეცდომოდ მუშაობენ, მაშინ მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი მომავალი ელის. გახსოვთ, ალბათ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დამონიდებულება ექპსერტებისა და ჟურნალისტების მიმართ - მისმა დამოკიდებულებამ მაშინ აჩვენა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად ასეთი კურსი ჰქონდა - ფაქტობრივად კრიტიკის კრიტიკა იყო. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა და ამის ნიშნებიც არის, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგდებს თავს ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის. "ნაცმოძრაობა" მათ წინააღმდეგობას ნამდვილად ვერ გაუწევს, თუმცა ნებისმიერი ახალი გამოჩენილი ფიგურა, რომელიც იმედს გააჩენს საზოგადოებაში წაიყვანს "ოცნების მხარდამჭერებს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი უცბად ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას თუ აგრძნობინებ მოძრაობას, სურვილს, დაპირებების შესრულების მცდელობას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხალხის დიდი ნაწილი ისევ შენი მხარდამჭერია. სამწუხაროდ, ამ მოძრაობას საზოგადოება ვერ გრძნობს. როდესაც ორკესტრი ცუდად მუშაობს, ეს შეიძლება ორკესტრის ბრალი იყოს და შეიძლება დირიჟორის. იმისდა მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი როგორ მოსთხოვს მთავრობას ამა თუ იმსაკითხების გადაწყვეტას, იმაზეა დამოკიდებული მინისტრები რიოგორ ამოქმედდებიან. ღარიბაშვილს რომ შეუძლია გადაეწრა პრობლემები, რაც აქამდე მთავრობის სხვა წევრებსაც შეეძლოთ გადაეჭრათ, უკვე ვნახეთ - ფუფუნებისკენ მიმავალ გზაზე თვითონ მინისტრები უარს ვერ ამბობდნენ, მაგრამ პრემიემა გადაჭრა ეს პრობლემა, თუმცა ორგანიზაციული ხარვეზი ბევრია", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.