ვინ აგებს პასუხს? უკრაინულ-ქართული პარალელები

ვინ აგებს პასუხს? უკრაინულ-ქართული პარალელები

ოთხშაბათს დილით, CNN-მა გადმოსცა, რომ კიევის ცენტრში შეტაკებათა შედეგად 21 ადამიანი იყო დაღუპული. მათ შორის პოლიციელებიც და დემონტრანტებიც. როგორც ჩანს, ორივე მხარე იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვაგვარად ასეთი შედეგი არ დადგებოდა და არც იყო აქამდე. 

მსხვერპლის ოდენობა იზრდება, ხოლო სიტუაცია თანდათან ემსაგავსება ეგვიპტურსა და ლიბიურს, რასაც თვეების განმავლობაში ადევნებდა თვალს CNN-ის სისხლიან სანახაობათა მოყვარული აუდიტორია. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარება უკრაინაში დღითიდღე უარესდება. დასავლეთ უკრაინაში, ხელისუფლება, ფაქტიურად დაამხეს, როგორც კი შეიტყვეს, რომ კიევში სერიოზული მსხვერპლია. 

ამ დროს სოჭში გრძელდება ოლიმპიური თამაშები, რაც პრეზიდენტ პუტინის პოსტსაბჭოური სტრატეგიის ტრიუმფს განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ყველა ცდება, ვინც კრემლის მიზნად უკრაინის ევრაზიულ კავშირში შეთრევას ასახელებს; სინამდვილეში პუტინის პროგრამა მინიმუმი იყო, კიევს ხელი არ მოეწერა ევროასოცირებისთვის, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი - დაწყებულიყო სისხლიანი შეტაკება და მთელ მსოფლიოს ენახა დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქი ცეცხლსა და კვამლში. 

სულაც არ არის გამორიცხული, მაიდანზე რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტები მუშაობდნენ და ორივე მხარეს ისროდნენ: როგორც საბრალო ყირგიზეთში, სადაც ამ მეთოდით სულ იოლად მოახდინეს უზბეკურ-ყირგიზული ხოცვა-ჟლეტის პროვოცირება.

როცა იწყება ქაოსი, რუსეთისათვის იგი შესანიშნავი საშუალება, ეს ქაოსი მართოს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს. 

რაც მთავარია, გამოსავალიც არ ჩანს, რადგან გადადგომა იანუკოვიჩისათვის პირდაპირ ციხეში წასვლას ნიშნავს: მან ხომ სწორედ „უფლებამოსილების გადამეტება" დასდო ბრალად იულია ტიმოშენკოს, როდესაც ციხეში გაუშვა? რატომ არ შეილება იმავე ბრალდებით უკვე მის წინააღმდეგ აღიძრას საქმე - თუნდაც მაიდანზე მიტინგის დარბევის გამო? ამავდროულად, ოპოზიცია ვერ დათანხმდება კოალიციურ მთავრობას, რაკი ეს მის დისკრედიტაციას გამოიწვევს: კოალიციური მინისტრთა კაბინეტი ხომ მაინც „პრეზიდენტ იანუკოვიჩის კაბინეტი" იქნება? 
მერედა, როგორ გინდა ეს აუხსნა ათასობით მომიტინგეს, რომელიც თავს სწირავს და ტყვიაზე მიდის კიევის ქუჩებში? 

მცირე შანსი იმაში მდგომარეობდა, რომ პრეზიდენტსა და მის პარტიას მიეღო ოპოზიციის წინადადება 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, რომლითაც პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა (ჩვენი დღევანდელი მარგველაშვილის მსგავსი), ხოლო გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს. მაგრამ მმართველი რეგიონთა პარტია ამას არ თანხმდება, რაკი ეს მათი ხელისუფლების დასასრულსაც ნიშნავს. თან არა მხოლოდ ცენტრში, არამედ აღმოსავლეთ უკრაინაშიც.

ანუ, სიტუაცია ჩიხურია და უკრაინაც თანდათან ეფლობა ქრონიკულ სისხლისღვრაში. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მაინც ოპოზიციის ლიდერად მიჩნეული ვიტალი კლიჩკოა. სწორედ მისმა უპასუხისმგებლობამ გამოიწვია პირველ რიგში სისხლიანი მარაზმი ამ მშვენიერ, მაგრამ არაერთვაროვან ქვეყანაში. 
კლიჩკო რომ ელემენტარულად დეგენერატია, ავტორის მოსაზრება თუ სუბიექტური აზრი არ გეგონოთ: ზუსტად ასე ფიქრობს აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რომელმაც კიევში ამერიკის ელჩთან საუბრისას შინაარსობრივად ის თქვა, რომ ამ კუნთმაგარი და ჭკუასუსტი მოკრივის ადგილი მომავალ მთავრობაში არ უნდა იყოს. 

რატომ? კლიჩკო ხომ არც ფაშისტია, არც ნაცისტი, ევროპაში ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და თუ ვინმეა „პროდასავლელი" უკრაინულ პოლიტელიტაში, პირველ რიგში სწორედ ის. თუმცა, ქალბატონი ნულანდი გულისხმობდა, რომ ჭკუასუსტი და უპასუხისმგებლო იდიოტი, როგორი პროდასავლელ-პროამერიკელიც არ უნდა იყოს, ამერიკას არაფერში გამოადგება და უფრო საფრთხეებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, უპირატესად იაცენიუკსა (იქაური კახა კუკავა) და მის ქალბატონ - იულია ტიმოშენკოსთან ურჩევნიათ იქონიონ საქმე.

რამდენად შეიძლება საქართველოში ისევე განვითარდეს მოვლენები, როგორც უკრაინაში? ჯერ ერთი, ძალზე საეჭვოა ჩვენმა მთავრობამ იანუკოვიჩის მსგავსი ბრიყვული შეცდომა დაუშვას და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, რა საფრთხეებიც არ უნდა შეიქმნას, როგორი ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს რუსეთმა, უარი განაცხადოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს თითქმის გამორიცხულია: მოსკოვმა ევროპა (პირველ რიგში გერმანია) შეიძლება დაარწმუნოს, გადადოს ევროასოცირების გაფორმება საქართველოსთან, მაგრამ ჩვენს მთავრობას, რომელსაც უამრავი „ჩასაფრებული" ჰყავს ქვეყნის შიგნით (თან არა მხოლოდ „ნაციონალები") ვერაფრით აიძულებს ამას. 

მაგრამ თეორიულად რომც დავუშვათ ამგვარი შესაძლებლობა, საეჭვოა თბილისში ისეთივე უბედურება დატრიალდეს როგორც კიევში, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ შორის 2008 წელს გადატანილი უწყვეტი შოკის შედეგად, ქართველთა პასიონარულობის დონე მნიშვნელოვნად დაკნინდა. 

წარმოუდგენელია ქართველებმა შეძლონ ის, რაც შეძლეს უკრაინელებმა, რომლებიც თოვლსა და ყინვაში დგანან „მოლოტოვის კოქტეილებით" ხელში და სამკვდრო-სასიციცხლოდ იბრძვიან საკუთარი ღირებულებების დასაცავად.