პარლამენტი პრეზიდენტის სტუმრობის მოლოდინშია

პარლამენტი პრეზიდენტის სტუმრობის მოლოდინშია

პარლამენტი პრეზიდენტის სტუმრობისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მოწვეული სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან.

პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი უწყებას 14:00 საათზე ესტუმრება და სხდომაზე 40 წუთიანი მოხსენებით წარსდგება, რის შემდეგაც, პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკურ დებატებს დაეთმობა.

გამოსვლებისთვის დეპუტატებიც ემზადებიან. პოლიტიკური დებატების ფორმატში, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი დაეთმობათ, ასევე 15-15 წუთიანი გამოსვლის საშუალება ექნებათ ფრაქციებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს კი პოზიციის დაფიქსირება 10-10 წუთში მოუწევთ.

თუ რა საკითხებზე გაამახვილებს გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას, ამის შესახებ კანონმდებლები ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი „რთულ ტესტს“ თავს გაართმევს.

ოპონენტებისგან განსხვავებით, უმცირესობა პრეზიდენტს აკრიტიკებს და სხდომაზე მწვავე საკითხების დასმას გეგმავს.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყურადღებას გაამახვილებს როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე საგარეო პოლიტიკასა და გეგმებზე.

„ცნობილია, რომ პრეზიდენტი ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ მის წინაშე ბევრ მნიშვნელოვან საკითხს დავაყენებთ. მართალია, გიორგი მარგველაშვილი პასიურია და მას იმ საქმეშიც არ ახედებენ რაც ევალება, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემთ და მის მოსმენას ვგეგმავთ“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა, რომლის მსგავსად პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემაზე აპელირებს დავით დარჩიაშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო სცემს პატივს, ვიდრე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი.

„სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობენ, რომელთაც განმტკიცება სჭირდებათ, ისევე როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს სჭირდება პატივისცემა. მართალი გითხრათ, ეს ჩვენ უფრო გვესმის, ვიდრე ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს, რომელთაც პრეზიდენტის სასახლე სათამაშოდ და გასართობად აქვთ გადაქცეული. რაც შეხება თემატიკას, კონსტიტუციური ცვლილებები შეკვეცილია, მაგრამ არა იმდენად, რომ პრეზიდენტს არაფერს ეკითხებოდნენ არც საშინაო და არც საგარეო კუთხით. ალბათ, საუბარი ამაზეც იქნება და თუ პრეზიდენტი სოციალური პრობლემებითაც დაინტერესდება, ეს კარგი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.

საკითხზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ყურადღებას დებატების ფორმატზე ამახვილებს და ამბობს, რომ მსგავსი ფორმატი პირველ რიგში, საზოგადოებისთვის არის საჭირო.

„დებატების ფორმატი ჩვენ დავამკვიდრეთ. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმაც და დეპუტატებმაც ყველა იმ საკითხზე ისაუბრონ, რაც საზოგადოებას აწუხებს. ჩვენი გამოსვლების ძირითადი თემა ის საკითხები იქნება, სადაც ხელისუფლება ბევრად უფრო ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს“, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

გამოსვლებისთვის ემზადებიან უმრავლესობაშიც. მმართველმა გუნდმა რიგი საკითხები გუშინ, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე გაიარა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ ფარგლებში გაიმართება.

ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში უწყებას პირველად ესტუმრება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ასპექტებზე ისაუბრებს, რაც მნიშვნელოვანია. ამას გარდა, მარგველაშვილი ყურადღებას გამოწვევებზე გაამახვილებს, რაც საინტერესო იქნება. გამოსვლებისთვის ვემზადებით. ოპოზიციის განწყობის მიუხედავად, იმედია, შეხვედრა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართება, ისე როგორც ქვეყანას ეკადრება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უწმინდესი მობრძანდება“, - აცხადებს კობახიძე, რომლის მსგავსად, გიორგი მარგველაშვილის ანგარიშს დიდი ინტერესით ელოდება დავით ბერძენიშვილი.

კანონმდებელის პროგნოზით, პრეზიდენტი „რთულ ტესტს“ თავს გაართმევს.

„გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს მეთაურია, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს. ის ქვეყანას უშუალოდ არ მართავს. ამიტომ, მარგველაშვილის გამოსვლას ინტერესით ველოდები. ეს იქნება განსხვავებული სააკაშვილისა და შევარდნაძის მოხსენებებისგან, რადგან ისინი საუბრობდნენ როგორც პირველი პირები. გიორგი მარგველაშვილს რთული ამოცანა აქვს, მაგრამ მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე მის მიერ ათვისებული და შესრულებული იქნება“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ამ დროისთვის, პრეზიდენტის მასპინძლობისთვის მზად არის პარლამენტის სხდომათა დარბაზი, რომელიც საქართველოს დროშის ფერებშია.