თუ უკრაინა გაიხლიჩა, საფრთხე ევროპასაც ელის

თუ უკრაინა გაიხლიჩა, საფრთხე ევროპასაც ელის

კიევის ცენტრში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია რჩება, დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი, გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს სნაიპერები ესვრიან. როგორც აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, მთელი სამყარო აღშფოთებით აკვირდება იმ ძალადობას, რომელის უკრაინაში ვითარდება. „აშშ აკვირდება მოვლენათა განვითარებას და ყველანი ველით, რომ ძალადობა შეწყდება“, - აღნიშნა ნორლანდმა.

როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდევ უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გაჩნდა პროგნოზები, რომელიც უკრაინის, როგორც სახელმწიფოს შესაძლო დაშლას არ გამორიცხავენ - იდეა, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის.

„ის უკრაინა, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა. ის ხელოვნურად ჩამოაყალიბეს ლენინმა და სტალინმა. ასეთ უკრაინას, როგორც ერთ მთლიანობას, არსებობა შეუძლია მხოლოდ გარკვეული გარე ცენტრის პირობებში, რომელიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს მის სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა ასეთი ცენტრი არ არსებობს. ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი და ვაშინგტონიც კი ვერ აიძულებენ უკრაინელებს, რუსებს, ყირიმელ თათრებს, უნგრელებს, რუსინებს გვერდიგვერდ იცხოვრონ“, - განაცხადა მოძრაობა „ინტერნაციონალნაია როსიას“ აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლავ სტრემიდლოვსკიმ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის დაქუცმაცება რუსეთის ხელისუფლების ოცნებაა.

„ბატონი პუტინი, როგორც მის წინამორბედთა შორის ყველაზე თავხედი პოლიტიკოსი, ცხადია, ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ყირიმის თემას ის გამოიყენებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ვინმე გააჟღერებდა ნატო-ს თემას, მაგრამ როგორც ჩანს, გაუჭირდა და დროზე ადრე დაავალა „ყირიმის რადას“, რომ გამოეცხადებინა უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის პერსპექტივა, თუ ხელისუფლებას ქვეყანაში ხელში აიღებდა ოპოზიცია“.

ცისკარიშვილი თვლის, რომ საამისო საფუძველი მეტ-ნაკლებად მომზადებულია, რადგან წლების განმავლობაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინას შორის არსებული განსხვავებები მხოლოდ ღრმავდებოდა რუსეთის ხელშეწყობით და ჰარმონიზაციისკენ რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმის ვალდებულებას უკრაინის ხელისუფლება არ გრძნობდა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია რამის თქმა და მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ.

„შემიძლია დავეყრდნო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტების განცხადებას და შეშფოთებას, რომელიც მათ გამოთქვეს ჯერ კიდევ თვენახევრის წინ, როდესაც უკრაინაში ჯერ მხოლოდ იძაბებოდა მოვლენები. მათ შეშფოთება გამოხატეს, რომ შესაძლოა, უკრაინა აღმოჩნდეს სამოქალაქო ომის ზღვარზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის დაშლა. იუშჩენკო პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთს პირდაპირ გამზადებული აქვს საქართველოს სცენარი უკრაინისთვის. რადგან უკრაინის პრეზიდენტები ამ საშიშროებას ხედავდნენ, როგორც ჩანს, ამ საფრთხეს ძალზე რეალური საუძველი აქვს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მზადდებოდა თუ არა ქართული სცენარი უკრაინისთვის, ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია, მაგრამ ხათუნა ლაგაზიძე გარკვეულ პარალელებს ხედავს.

„მინდა გავიხსენო რუსეთის პრეზიდეტის ყოფილი მრჩევლის, ილარიონოვის განცხადებები ოლიმპიადის დაწყების წინ, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთი სწორედ ოლიმპიადის დროს დაიწყებდა უკრაინაში გადამწყვეტ მოვლენებს. ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, პეკინის ოლიმპიადის დროს საქართველოში მოხდა რუსეთის შემოჭრა.

სწორედ ამ სცენარს ხატავდა ილარიონოვი - რუსეთი პირდაპირ შეჭრას მოერიდებოდა და პირველ ეტაპზე ამას გააკეთებდა თვითონ უკრაინელების ხელით. შემდეგ უკვე სიტუაციის ესკალაციის კვალობაზე შეიძლება, იტვირთოს მშვიდობისმყოფელის როლი, ისევე როგორც თავის დროზე სამხრეთ ოსეთში და ჩვენ მივიღოთ გაყოფილი უკრაინა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ტრაგიკული, მაგრამ რეალური სცენარია“,- მიიჩნევს ლაგაზიძე.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უკრაინის გახლეჩა მხოლოდ სამოქალაქო ომის შედეგად არის შესაძლებელი, მაგრამ იმას რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება მიეცეს არა სამოქალაქო ომის, არამედ აჯანყების კვალიფიკაცია.

„უკრაინის ტერიტორიული გადანაწილების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ სამოქალაქო ომის შედეგად. ჯერჯერობით, ეს პროცესი საბედნიეროდ, არ მიდის. აჯანყებიდან სამოქალაქო ომზე გადასვლა ხელეწიფებათ მხოლოდ რუსეთის და უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წინასწარ უნდა გამოუტანოს განაჩენი მათ, იმ შემთხვევისთვის, თუ ასეთ ქმედებებს ადგილი ექნა.

ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უკვე საკმაოდ მწვავე შეფასება მისცა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამრიკამ უკრაინის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ისინი ასევე ვეღარ მიიღებენ აშშ-ის ვიზებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდება.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მშვიდობიანი მოლოდინი ამ პროცესებისა, ჰორიზონტზე შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, თუ დღევანდელი, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რომ უკრაინის ხელისუფლების იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ არსებული სიტუაციის შექმნაში და მომიტინგე ადამიანების დახოცვაში, გამოეცხადოს სრულიად კონკრეტული სანქციები ინდივიდუალურად, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით. ცისკარიშვილის შეფასებით, ეს სანქცია უნდა ითვალისწინებდეს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწფოების ტერიტორიებზე გადაადგილების შეუძლებლობას, ასევე ამ ტერიტორიებზე არსებული საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

სამაგიეროდ, სანქციების ნაცვლად პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე ფიქრობს რუსეთის პრემიერი, როგორც მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინელ პარტნიორებთან ყველა მიმართულებით. ყველაფერს ვიღონებთ, რათა შევასრულოთ ის დაპირებები, რომელიც მათ მივეცით. ამავდროულად, ამისთვის აუცილებელია, რომ თავად პარტნიორებიც ტონუსში იყვნენ და უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური და ეფექტური იყოს“.

იმის მიუხედავად, რომ დასავლეთი შეშფოთებასა და აღშფოთებას არ ინანებს, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, ქმედითი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ჩანს.

„გაოგნებული ვარ ამ ეტაპზე დასავლეთის უსუსურობით. გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთის გულარხეინობამ გამოიწვია ის, რაც გვაქვს“ , - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე, თუმცა სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, როგორ განვითარებას მიიღებს უკრაინული პროცესები

„ახლა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ვიტყოდი, რომ ეს გახლავთ უკვე შეიარაღებული აჯანყება და არანაირი მშვიდობიანი პროტესტის სახე მას არ აქვს. ამდენად, იგი აფრთხობს არა მარტო უკრაინის ხელისუფლებას და მოსახლეობას, არამედ ევროპის მოსახლეობასაც. რადგან ასეთი გაშმაგებული მოსახლეობა არ ეტევა ევროპული ხასიათის ჩარჩოში. არ გამოვრიცხავ, თუკი ევროპაში დაიწყება ფიქრი, საკუთარ სამეზობლოში იხილოს ამდენი გაბრაზებული და აღვირახსნილი ქმედების უნარის მქონე მოსახლეობა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

სადამდე შეიძლება მივიდეს მოვლენები, თუკი დასავლეთი უფრო აქტიური არ გახდება, ცალსახაა მაგრამ ცისკარიშვილი თვლის, რომ დღეს რუსეთს უკრაინაზე ზემოქმედების უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია.

სოსო ცისკარიშვილი: „რასაკვირველია, საფუძველი აჯანყებისა, შექმნა უკრაინის ხელისუფლებამ და ეს გადაწყვეტილება მას დამოუკიდებლად არ მიუღია. ეს იყო სრულიად მკაფიო ზეწოლის შედეგი პრეზიდენტ პუტინის მხრიდან, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. უკრაინა გახდა საქართველოს შემდეგ მეორე ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომლის გადაწყვეტის ერთპიროვნული სადავეები გააჩნია რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს. ანალოგიური, საკმაოდ პესიმისტური მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მოლდოვასაც თავისი დნესტრისპირეთით, რომელსაც დღეს ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებს“.

ხათუნა ლაგაზიძე კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა უკრაინის დაშლის სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, პროცესები მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცით არ შემოიფარგლოს. მისი შეფასებით, დღეს ფაქტობრივად, მიმდინარეობს ყოფილი საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლის მეორე ეტაპი.

ხათუნა ლაგაზიძე: „ორი სრულიად სხვადასხვა ხედვა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს არის ამარიკის ნეოკონსერვატორების ხედვა, რომელიც რუსეთის დაშლას ითვალისწინებს და მეორე - რუსული ხედვა, რომელიც არ დაკმაყოფილდება უკრაინის დაშლით და საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას გულისხმობს. თუ რუსეთს ეს სცენარი გაუვიდა, ის აუცილებლად გადაინაცვლებს ევროკავშირის შუაგულში. საინფორმაციო წანამძღვრები რუსეთმა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვეა, აშკარად მიმნდინარეობს იმისი პროპაგანდა, რომ უნგრეთი შეიძლება იყოს ის ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ცენტრიდანულ პროცესებს ევროკავშირი და ამაში სერიოზულად უწყობს ხელს რუსეთს უნგრეთის ეგზოტიკური პრემიერი.

არ მესმის, რომელი ახლო აღმოსავლეთის რესურსები დააკომპენსირებს ამერიკისთვის და ევროკავშირისთვის იმ დანაკარგს, რომელიც შეიძლება მან უკრაინის სახით მიიღოს. აქ მხოლოდ ევროკავშირში ცენტრიდანული პროცესების ინიცირებამდე არ მივა საქმე, მხოლოდ ეს არ იქნება რუსეთის აქტივობის შედეგი. უკრაინის დაშლამ შეიძლება დომინოს პრინციპით გამოიწვიოს ეთნიკური სეპარატიზმის მომძლავრება ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ეთნიკური ნაციონალიზმის, რომელიც არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ბოლო ათწლეულებია თითქოს მიჩუმდა ეს პრობლემა, მაგრამ თუ უკრაინა გაიხლიჩა, ამას აუცილებლად ავტომატურად მოჰყვება დასუსტებული და მიწაზე გართხმული ევროკავშირში ცენტრიდანული ტენდენციების დაწყება - არა მარტო ევროკავშირის, არამედ მისი წევრი სახელმწიფოების შიგნით. გარწმუნებთ, რომ რუსეთი ამაზე წავა“.