კანონპროქტი, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევს

კანონპროქტი, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევს

ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნება გათავისუფლებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილების მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი სახელმწიფოსგან პასუხს არ მიიღებს.

იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც - ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს. 
როგორც აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განმარტავს, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სახელმწიფო თანახმა არ არის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნული პირი იქნას მივლენილი. ასეთი შემთხვევების დროს, დიპლომატიური პრაქტიკა ითვალისწინებს გაგზავნილ მოთხოვნაზე არა პირდაპირ უარს, არამედ პასუხის გაჭიანურებას, რაც შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ან საერთოდ არც გამოიგზავნოს პასუხი. 
„გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან სამუშაოდ მივლინებამდე დიპლომატიური თანამდებობის პირები იღებენ თანამდებობრივ სარგოს, თუმცა რეალურად არც უწევთ ფუნქციის განხორციელება, ან რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულება“, - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში. 

რა გახდა ამ კანონის მიღების აუცილებლობის მიზეზი, საგარეო საქმეთა სამინსიტროში განმარტავენ, რომ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო სხვადასხვა გარემოებების გამო აჭიანურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის თანხმობის გაცემას.

„ხშირად ეს პროცესი ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რადგან არ არსებობს ამისთვის ცალსახად დადგენილი ვადები. სწორედ მსგავს შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს პროცესის გაჭიანურებასთან (და ეს ხშირად რამოდენიმე თვე გრძელდება), აღნიშნული ცვლილების თანახმად, სამინისტრო უფლებას იტოვებს გადახედოს მის მიერ წარდგენილ კანიდატს, შეცვალოს ან საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წარადგინოს იგი. კანონპროექტში ცვლილებების განხორციელება განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება ალტერნატიული კანდიდატურის წარდგენის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.

For.ge-ს კითხვაზე არის ისეთი ქვეყნები, სადაც აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი პასუხი სამინისტრომ არ მიიღო? - მაია ფანჯიკიძის უწყებაში კონკრეტული ქვეყნების დასახელებისაგან თავს იკავებენ, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მათ მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატი მიიჩნიოს არასასურველ პირად გენკონსულის ან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

„უარის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა არცერთი ქვეყანა არ არის ვალდებული გვაცნობოს კონკრეტული მიზეზი, რის საფუძველზეც უარი ეთქვა ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იცავს მოქმედი კანონმდებლობის ყველა იმ მოთხოვნებს და პროცედურებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა გენკონსულისა ან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის ნაწილში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძელ ქვეყნასთან შეთანხმებისა და თანხმობის გარეშე არ ახდენს მსგავსი სახის ინფრომაციის განსაჯაროებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან“, - განუცხადეს for.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს, რომლის განცხადებით, თუ პირი ვერ იღებს აგრემანს, მისი როგორც დიპლომატის აკრედიტაცია ქვეყანაში ისედაც ვერ ხდება.

„მაგრამ სამი თვის შემდგომ უკვე თანამდებობიდან განთვისუფლების შესახებ, ეს უნდა ვკითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. ბუნებრივია, მეც მებადება კითხვები. კიდევ ვიმეორებ, თუ კი მომწვევი მხარე არ იძლევა თანხმობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისედაც არ მისცემენ მას აკრედიტაციას იმ ქვეყანაში.

უბრალოდ, მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ აგრემანი ვინმესთვის არ მიეცათ. არის ქვეყნები, რომლებიც აგვიანებენ ხოლმე ამ თანხმობას, მაგრამ მაინც საკამოდ მალე ჩამოდის მოწვევა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიაროთ კონსულტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბუნებრივია კანონპროექტის ინიცირების პროცესში გამოიკვეთება უკვე რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.