შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი გიგა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი 3 მჭიდითა და 22 საბრძოლო ვაზნით, ერთი ნიღაბი, ერთი წყვილი ხელთათმანი და ქამარი მჭიდის 2 ჩასადებით; ხოლო დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდითა და 165 საბრძოლო ვაზნით. ასევე ამოღებულია საინიექციოდ გამზადებული 2 შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება.

სამინისტროს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავების მომენტში გიგა ბ. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).