ქართველი ანალიტიკოსები for.ge-სთან საუბრისას „დიფ სთეითის“ შესუსტების პირველ ნიშნებს უკვე ხედავენ. მათი აზრით, ამის ინდიკატორია აშშ-ის გატრუნული საელჩო, რომელიც თუ აქამდე დამტუქსავი უფროსი ძმის როლს ირჩევდა, დღეს ტრამპის ადმინისტრაციიდან წამოსული დირექტივების მოლოდინის რეჟიმში და დამკვირვებლის პოზიციაშია. „დიფ სთეითის“ გავლენების შეკვეცის მეორე ნიშანია, ასევე, არასამთავრობოებისთვის განკუთვნილი უცხოური დაფინანსების 90 დღით გაყინვა და იუსაიდის პროგრამების შეჩერება. ასევე, დასრულდა სოროსის გლობალისტური ორგანიზაციების დაფინანსება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ უახლოეს ხანში ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ სხვა არაერთი გადაწყვეტილებით გაგვანებივრებს, რითაც ჩვენი ქვეყნის ამყირავებლების განზრახვებს ხელი შეეშლება და მცირე ერების სუვერენიტეტი დაცული იქნება გარე ჩარევისგან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ასე ჩქარ ვადაში შეიძლება არც გვქონოდა „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების მოლოდინი, ჯერჯერობით არ ჩანს ამის ნიშნები, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით. მამუკა მდინარაძის აზრით, „დიფ სთეითის“ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ კვლავ იმავე ძალებით მიმდინარეობს, რადგან მათი აგენტები კვლავ აგრძელებენ მცდელობას, ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ იქით დაამუნათოს ქართველი ხალხი, აი, როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ „ვაჟკაცურად“ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო.
„ის, რაც ხდება საქართველოს ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“, - ამბობს მამუკა მდინარაძე, რომლის აზრითაც, აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხიც ანალოგიურად ფიქრობს, რომ „დიფ სთეითის“ ქსელები საქართველოში იმავე საქმიანობას აგრძელებენ, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მისი აზრით, საჭიროა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი სცენ, ამისთვის დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.
ჩანს თუ არა „დიფ სთეითის“ შესუსტების პირველი ნიშნები საქართველოსა და მსოფლიოში? ტრამპმა მოახერხა თუ არა ამ ფესვებგადმული სისტემის მორყევა?
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშნები თანდათანობით მსოფლიოშიც ჩნდება და საქართველოშიც, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკა ამის საბაბს იძლევა.
თამარ კიკნაძის აზრით, ამის ერთ-ერთი ნიშანია დაფინანსების 90 დღით შეჩერება, რომელიც იუსაიდის გზით ეძლეოდათ არასამთავრობოებს. ჩვენ კარგად ვიცით, სად მიდიოდა ეს დაფინანსებები, ძირითადად რევოლუციების მოწყობას ხმარდებოდა.
„ტრამპი თავის დანაპირებს ასრულებს, მიდის იზოლაციონიზმის პოლიტიკისკენ, რაც იმის იმედს იძლევა, რომ რადიკალურად შეიცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ინფორმაცია გაანალიზებული ჰქონდა, ძალიანაც სწორად მოიქცნენ ორი კანონის შემოტანით, უფრო მეტიც, გამორჩეულად მოიქცა საქართველო ამ თვალსაზრისით, რადგან ძირითადი კანონები, რაც გენდერულ საკითხებს შეეხება, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ქვაკუთხედია. გაუკუღმართებული გენდერული პოლიტიკა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოს სთავაზობდა, კაცობრიობისთვის დამღუპველი იყო. ის ედიქტიც, რომელიც მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ, ადამიანის არსებობის ქვაკუთხედია. რელიგიურ-სოციალური დოქტრინა, რომელსაც ათი მცნება სთავაზობს ადამიანებს, იმისთვისაა, რომ ადამიანი გახდეს ადამიანი და არ იყოს ცხოველი. ისინი კი პირიქით იქცეოდნენ - ადამიანს გაცხოველებას სთავაზობდნენ. ამ ანტისაკაცობრიო „ღირებულებებზე“ იდგა „დიფ სთეითი“, ეს მათგან ნაკარნახევი იყო. ძალიან კარგია, რომ დღის წესრიგი შეცვლილია და ჩვენც დავუბრუნდით ნორმალურ ყოფას“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
მანვე განმარტა, რომ გვინდა-არ გვინდა, ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს თავის ღირებულებებს სთავაზობს. ამდენად, დღის წესრიგის ცვლილება ფუნდამენტურია მთელი მსოფლიოსთვის. თამარ კიკნაძე მოელის, რომ პირველ ნაბიჯებს ნელ-ნელა მოჰყვება სხვა რეაქციებიც, იმავე ევროპაში, ალბათ, ელიტებიც შეიცვლება, რადგან ახლანდელი ევროპული ელიტები არ პასუხობენ ევროპელი უბრალო ადამიანების მოთხოვნებს.
„ვთვლი, რომ პირველად პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა“,- მიიჩნევს პოლიტოლოგი.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენების შესუსტება საქართველოს მაგალითზე ნამდვილად ჩანს.
„ამის დასტურია ის, რომ ამერიკის საელჩო დუმს, გატრუნულია და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მზია ამაღლობელი ერთხელაც არ უხსენებიათ. არადა, ეს იქნებოდა ლაკმუსის ქაღალდი, ყოველდღიურად კელი დეგნანი იყვირებდა ამ ქალბატონის შესახებ... ის, რომ იუსაიდის ხაზით დაფინანსება ამ ეტაპზე შეწყდა 90 დღით და აღარ შედის ქვეყნებში ფინანსური ნაკადი, ეს უკვე „დიფ სთეითის“ შესასუსტებლად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებია. იუსაიდის არც ერთი წარმომადგენელი განცხადებას არ აკეთებს. თუ ღია და კარგ საქმეს აკეთებდნენ, რატომ მალავენ? რატომ ეწინააღმდეგებოდნენ „გამჭვირვალობის კანონს“, როცა ეს კანონი მათ ქვეყანაში შესანიშნავად მოქმედებდა და სწორედ ამ კანონის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ჯო უილსონს კეზერაშვილი უხდიდა ფულს, ხოლო გიული ალასანიამ მილიონ დოლარამდე გადაუხადა ლობისტურ კომპანიას, არიქა, მსოფლიოში გაავრცელეთ, ჩემი შვილი შიმშილობს და კვდებაო. თუმცა „Fact checker“- ები ჯერ კიდევ დარჩნენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგმა თქვა, გავაუქმეო, ჩვენამდე თითქოს არ მოუღწევია ამ გაუქმებას და ინერციით მუშაობენ კინწურაშვილები და სერგო კაპანაძეები“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მისივე შეფასებით, „დიფ სთეითის“, ამ ბიუროკრატიული მანქანის შესახებ, ამას წინათ შეერთებული შტატების გამოჩენილმა მეცნიერმა რობერტ კაპლანმა ილაპარაკა. მან აღნიშნა „დიფ სთეითის“ დადებით მხარეებზეც, რომ ეს ბიუროკრატიული მანქანა აჩერებდა გიჟურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, პრობლემა იყო ის, რომ გადაწყვეტილებების და მათი აღსრულების 80% „დიფ სთეითის“ ხელში რჩებოდა. პეტრე მამრაძის თქმით, ახლა უკვე პანტა-პუნტით აჩერებენ მოსამართლეები ტრამპის ზოგიერთ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი არ სრულდება, ვნახოთ, რა იქნება მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ განსხვავებით ტრამპის პირველი ვადისგან, ახლა ტრამპს გვერდში დაუდგა სილიკონის ველის ჯგუფი, როგორც მათ უწოდებენ - „ოცეულის კომიტეტი“, უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ხედვით მსოფლიოს განვითარებაზე, თუნდაც იგივე ილონ მასკი. სულ სხვა ავტორიტეტი აქვთ ამ ადამიანებს.