ქართული მართლმსაჯულება: შინაურის ხელით

ქართული მართლმსაჯულება: შინაურის ხელით

კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლი გახდები თუ დამსახურებულ სასჯელს მიიღებ, საქართველოში იმაზეა დამოკიდებული თუ სად დგახარ ამ ქვეყნის პოლარიზებულ პოლიტიკაში. მაგრამ ეს ორივე შემთხვევაში მოსალოდნელი იყო. 17 თებერვალს ქუთაისის სასამართლომ ყოფილ პრემიერმინისტრს და ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ვანო მერაბიშვილს ფინანსების უკანონო მითვისების ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის თანაბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს, დიდი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.  

ჯერ კიდევ სასამართლოს დაწყებამდე, მერაბიშვილმა თქვა, რომ შედეგი წინასწარ განსაზღვრულია. ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, განაჩენი ადასტურებს იმას, რომ მთავრობა ასრულებს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ დაპირებას. მას შემდეგ რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ყოფილი ჩინოვნიკების სამართლებრივი დევნის სერიაში, მერაბიშვილის პროცესი ბოლო და ყველაზე დიდია. 

მთავრობამ პროცესების მონიტორინგის მიზნით გარე დამკვირვებლებიც მოიწვია, მაგრამ ამან არ შეამცირა უცხოელების წუხილი. როგორც, უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აღნიშნავს, პროკურატურის ოფისმა ბრალი წაუყენა 35 ყოფილ ჩინოვნიკს ისეთ დანაშაულებებში, რომელიც მერყეობს წამებიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე, თანაც ისე, რომ არ განმარტავს რა კრიტერიუმებით (თუკი რაიმე კრიტერიუმით) ხელმძღვანელობს. გამოძიებათა პროცესში მათ დაკითხეს 6 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ეს აძლიერებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. გასული წლის მაისში მერაბიშვილის დაპატიმრებით, ის, როგორც პოლიტიკური ძალა მოხერხებულად განეიტრალდა. 

მისმა პროცესმა ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. რატომ იმართებოდა სასამართლო განხილვები ქუთაისში და არა თბილისში, სადაც მერაბიშვილი არის დაპატიმრებული? ოფიციალური მიზეზი ასეთია: რადგან გამოძიება ქუთაისში დაიწყო, სასამართლო პროცესიც იქ უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ მოსამართლე იქ შეიძლება უფრო ემორჩილებოდეს მთავრობის ხაზს. მთავრობის ჩინოვნიკებს ეჭვი აქვთ, რომ ბევრი წამყვანი მოსამართლე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს. მეტიც, იყო თუ არა მართლაც აუცილებელი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა? ისეთი არგუმენტები, როგორიცაა ის, რომ არსებობდა მისი გაქცევის რისკი, ან ის, რომ იგი დააშინებდა მოწმეებს, ძალიან სადავო გახდა. და ბოლოს, დამკვირვებლები შეშფოთდნენ, როდესაც მთავრობამ ყურად არ იღო მერაბიშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ მას დეკემბერში მთავარი პროკურორი დაემქურა. გამოძიება, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა, სუსტად გამოიყურება. 

როგორც სექტემბრის ანგარიშში ევროკავშირის სპეციალურმა ელჩმა თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, სასამართლო სისტემას მართლაც სჭირდება რეფორმა. წინა მთავრობის დროს, დაშინებული სასამართლოების არსებობის პირობებში გამამართლებელი განჩენები იშვიათი იყო. საპროცესო გარიგებების სისტემას ბოროტად იყენებდნენ, და განაჩენები დრაკონული გახლდათ. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდას მოჰყვა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რიცხვი საგრძნობლად დიდია. მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, განსაკუთრებით პროკურატურის უწყებაში. 

წუხილი მოიცავს პრობლემების სპექტრს სასამართლო პროცესებიდან პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებამდე. გასულ კვირაში, თბილისში მოქმედმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ პოლიტიკოსთა წინასწარ პატიმრობაში აყვანის ფაქტი მუნიციპალური არჩევნების წინ, რომლის ჩატარებაც წელს მოგვიანებით იგეგმება. ანალოგიურად, დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მოქმედ მერს, გიგი უგულავას, რომელსაც ბრალად საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა ედება, უფლებამოსილება შეუჩერა. 

საქართველოს მყიფე დემოკრატიის განმტკიცებას სჭირდება წონასწორობა წარსულ დანაშაულებათა გამოძიებასა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შორის. პრინციპი, რომლის თანახმად, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა - კარგი პრინციპია. მაგრამ სამართლიანობის ერთგულებას მთავრობის მხრიდან თავისი საფასური აქვს. მიუხედავად „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ შეცდომებისა ის 2012 წლის ოქტომბერში ოფისიდან წავიდა, როდესაც არჩევნები წააგო და მხოლოდ ამის შემდეგ იგრნო კანონის მძიმე ხელი. საფრთხე იმაშია, რომ მომავალი პოლიტიკოსები შეიძლება ასე აღარ მოიქცნენ.