დავითაშვილის შემდეგ, უმრავლესობა გაჩეჩილაძემ დატოვა

დავითაშვილის შემდეგ, უმრავლესობა გაჩეჩილაძემ დატოვა

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ „მუქარა“ შეასრულა და საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. გია გაჩეჩილაძე გადაწყვეტილების მიზეზებზე ღიად არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გადაწყვეტილება „წმინდა პოლიტიკური“ საკითხებიდან გამომდინარე მიიღო.

თუ რას გულისხმობს გია გაჩეჩილაძე „წმინდა პოლიტიკურ“ საკითხებში, ამის გარკვევა for.ge-სთვის ძნელი აღმოჩნდა, რადგან „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„საპარლამენტო უმრავლესობას ვტოვებთ და ყველა არენაზე დამოუკიდებელ მოქმედებას ვაპირებთ. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი არის ურთიერთდამოკიდებულება უმრავლესობის შიგნით. მოგეხსენებათ, რომ კოალიციაში „მწვანეთა პარტიას“ არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაცია ვართ. ჩვენს პარტიაში პროფესიონალები და იდეოლიგიის ერთგულნი ვართ. როგორც ჩანს, ეს ვიღაცეებისთვის მიუღებელია“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მმართველ გუნდსა და გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირიპირება სექტემბერში, პარტიების დაფინანსების საკითხზე დაიწყო და მაშინ, დეპუტატი „დაიმუქრა“, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უმრავლესობას დატოვებდა, მაგრამ კანონმდებელი ამჟამად, დაფინანსების საფუძველზე წარმოშობილ კონფლიქტს კატეგორიულად უარყოფს.

„პარტიის დაფინანსება არავითარ შუაში არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკურ ნიადაგზე იქნა მიღებული. „მწვანეთა პარტია“ მომავალ კვირას, საკუთარ მიზნებსა და მოქმედების ტაქტიკაზე ისაუბრებს, მაგრამ არჩევნები მოვა და გარკვეულ საკითხებზე, შემდეგ გავამახვილებთ ყურადღებას“, - დასძინა გაჩეჩილაძემ, რომლის საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ „მწვანეთა პარტიის“ პრეტენზიები ფინანსებს უკავშირდება.

საგანელიძის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს პოზიცია ჰქონდა, რომ „მწვანეთა პარტიისთვის“ დაფინანსების გზა გამონახულიყო, რაც კანონის რეგულაციებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

„ბატონ გიას, დიდი ხანია გარკვეული პრეტენზიები და პრობლემები აქვს. პრობლემას დაფინანსების საკითხი წარმოადგენდა. ამას გარდა, ალბათ, ბატონ გიას სურვილი აქვს, რომ „მწვანეთა პარტიამ“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს და საკუთარი ძალები მოსინჯოს. მას წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა საგანელიძემ, რომლის მსგავსად, „თავისუფალი-დემოკრატი“ ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ კოალიციას კოორდინაციის პრობლემა არ აქვს.

ჩიქოვანის შეფასებით, გია გაჩეჩილაძემ გადაწყვეტილება ინდივიდვალურად მიიღო და ეს პოლიტიკური შეფასების საგანი არ უნდა გახდეს.

„იმ მიზეზებს არ ვიზიარებ, რაც მან ჩამოთვალა. ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობის ფარგლებში კოორდინაციის პრობლემაა. ყველას ერთი აზრი არ გვაქვს, გუნდში კამათი და დისკუსიაც ყოფილა, მაგრამ გუნდურობის შენარჩუნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა for.ge-ს ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძე რიგით მეორე დეპუტატია, რომელმაც მმართველი გუნდის რიგები დატოვა. შემოდგომაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან, კობა დავითაშვილი წავიდა.

რაც შეეხება დაფინანსებთან დაკავშირებით გაჩეჩილაძის პრეტენზიებს, შემოდგომაზე, პარლამენტმა „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის გათვალისწინებით, საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ 14-მა კვალიფიციურმა სუბიექტმა მიიღო და იქედან გამომდინარე, რომ „მწვანეთა პარტიას“ უკანასკნელ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერი არ ჰქონდა გადალახული, ის დაფინანსების მიღმა დარჩა.