„გადადგეს გიგი უგულავას მთავრობა და დავამტკიცებთ ბიუჯეტს“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა.
მანვე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობის წევრების დღევანდელ შეთავაზებაზე. საქმე ისაა, რომ საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას შესთავაზა, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი თავად უმრავლესობამ დაწეროს. უმცირესობის სახელით ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების“ თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა გააკეთა.
ამის საპასუხოდ, მიხეილ ქავთარაძე აცხადებს, რომ უმცირესობის ახალი ინიციატივა მათთვის სიუპრიზია, თუმცა მათ მიერ შეთავაზებულ ყველა ვარიანტს კოლეგებთან ერთად განიხილავს. ქავთარაძემ აქვე დასძინა, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სევდია უგრეხელიძე მოსახლეობასთან ერთად გეგმავდა, ახლა კი ბიუჯეტის შედგენა ისევ საკრებულოს გადაულოცა.
For.ge მიხეილ ქავთარაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ რეგლამენტის მიხედვით, კანონი მათ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნების შეტანის შესაძლებობას აძლევს.
„ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ თბილისის მთავრობას და მათი გადადგომა მოვითხოვეთ. სევდია უგრეხელიძე ამბობდა, შევხვდებით საზოგადოებას და მათთან ერთად დავგეგმავთ ბიუჯეტსო. სინამდვილეში, გიგი უგულავა ამას 2008 წლიდან აკეთებდა, ესაა „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისელებთან ერთად“, თუმცა კარგად ვიცი, როგორც იგეგმება ეს ბიუჯეტი ნაციონალების კოორდინატორებსა და გამგებლებთან ერთად. ბიუჯეტს პროექტს უნდობლობა მესამედ გამოვუცხადეთ. ამიტომ ჩვენ შევადგინოთ ბიუჯეტი და სევდია უგრეხელიძემ და მისმა გამგებლებმა ხარჯონ იგი, მე, როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ნამდვილად არ მივიღებ ამაში მონაწილეობას. არანაირად არ მივცემთ საშუალებას, ბიუჯეტი ხარჯონ. კარგად ვიცი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბიუჯეტი მივიღოთ. საკრებულოს ბიუჯეტის ფორმირების არანაირი უფლება არ აქვს. დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა საკრებულოსთან შეთანხმებით, რომელსაც საზოგადოება ენდობა.
არ იფიქროთ, რადგან უგულავას სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, ის აღარ მართავს დედაქალაქს. სწორედ ეს ადამიანი მართავს სიტუაციას. თქვენც კარგად ნახეთ, როგორი ჩართვა გაუკეთდა გადაცემაში „რეაქცია“ გიგი უგულავას და მისი მხრიდან დიდაქტიკურ ტონში მიდიოდა საუბარი. ის არის დღევანდელი უმცირესობის, ქალაქის ხელმძღვანელობის და საქალაქო სამსახურების მმართველი.
კი ბატონო, უკეთეს ბიუჯეტს იმსახურებს თბილისი და ამაშიც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ მთავარი პრობლემაა ხარჯვითი ნაწილი, ასევე, მთავარი პრობლემაა საქალაქო სამსახურის უფროსები და გიგი უგულავა, რომელიც ჯერ კიდევ მერია”, - აღნიშნა მიხეილ ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის 1/12 არის 60 მილიონი და თბილისისთვის ყოველთვიურად ეს თანხა პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისია.
For.ge თბილისის საკრებულოს წევრს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თემურ გრიგალაშვილსაც ესაუბრა. მან განმარტა, რომ მიხეილ ქავთარაძისა და ირაკლი შიხიაშვილისგან განსხვავებით, მერიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დამტკიცება. თუ ბიუჯეტი დამტკიცდება, მაშინ შეიძლება გადადგომაზე საუბარი.
„სევდია უგრეხელიძემაც აღნიშნა, ასეთ პირობებში გადავდგებითო. თანამდებობა უნდა დატოვონ იმ ადამიანებმაც, მათ შორის, შიხიაშვილმა, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში საკრებულოში მიატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“. საუბარია 14 დეპუტატზე. მათი ფუნქცია დედაქალაქის საკრებულოში სკამებისთვის ბრძოლაა. თუ შიხიაშვილი აცხადებს, რომ არ ენდობა დედაქალაქის მთავრობას ხარჯვით ნაწილში, დამტკიცდეს ბიუჯეტი, თვითონვე შეადგინონ ბიუჯეტის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, 2/3-ით მივიღოთ ეს ბიუჯეტი და შემდგომ, ყოველგვარი ეჭვები რომ გაიფანტოს, ხარჯვით ნაწილში თუ არ გვენდობიან, გადადგნენ თვითონაც და, შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობაც შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს“, - გვითხრა თემურ გრიგალაშვილმა.
მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ მიხეილ ქავთარაძეს მოაქვს ხელოვნური მიზეზები, რათა ბიუჯეტი არ დაამტკიცოს, განხორციელდეს ფედერალური მმართველობა და თუნდაც ორი-სამი კვირით შიხიაშვილმა დედაქალაქის ხელისუფლების ხელმძღვანელად იგრძნოს თავი.
მისივე თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება კარგი ინიციატივაა, დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტში საამისოდ გაითვალისწინა კიდეც თანხები, თუმცა შიხიაშვილის ამბიციებმა ბიუჯეტიც ჩააგდო და მასთან ერთად ჩავარდა ავარიული სახლების გამაგრების ინიციატივაც.
„ბატონი ქავთარაძე არათანმიმდევრულია თავის განცხადებებში, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. გვაბრალებენ, თითქოს, დედაქალაქის მოსახლეობას არ ვაცნობთ ბიუჯეტის პრიორიტეტებს. სინამდვილეში, დედაქალაქის მთავრობა აცნობს მოსახლეობას ამ პრიორიტეტებს, ეს ფართო განხილვის საგანია და დღესაც გრძელდება განხილვა. ამ ეტაპზე დედაქალაქის მერია მოსახლეობას ბიუჯეტის 850-მილიონიან პროექტს აცნობს“, - აღნიშნა გრიგალაშვილმა.
ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი საკრებულოს სხვა წევრები. „ქართული ოცნება“ ადასტურებს, რომ თბილისის ბიუჯეტის არცერთი ვარიანტი არ დამტკიცდება“, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, „ოცნების“ მიზანია საკრებულოს დათხოვნა და თბილისში წინასაარჩევნოდ პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. ამის შესაძლებლობას ხელისუფლებას „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი აძლევს“. უფრო მეტიც, „თავისუფალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას და ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყნის სრული მონოპოლიის დამყარებას გეგმავს.
ცნობისთვის, თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ორჯერ ჩავარდა - გასული წლის 29 დეკემბერს და მიმდინარე წლის 12 თებერვალს.