„გაიღვიძეთ!“ - უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს და ევროკავშირს ამ სიტყვებით მიმართავს. ვლადიმერ ოგრიზკოს თქმით, უკვე თითქმის სამი თვეა, უკრაინელი ხალხი თავისუფლების, დემოკრატიის, საკუთარი ღირსების უფლებას იცავს, რასაც სისხლი მოჰყვა. ასეთ პირობებში „ჩაურევლობის პოლიტიკა“ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან გამოიყურება, როგორც თვალხილული ღალატი. მანვე უკრაინული გოლოდომორის 1932-1933 წლები გაიხსენა, როცა ევროპელებისა და ამერიკელების წინაპრები ანალოგიურად დუმდნენ...
„თქვენი პოლიტიკოსები მშვენიერ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისა და კრემლისთვის ეს ცარიელი ხმაა. მათ მხოლოდ ძალის ენა და რეალური მოქმედებები შეუძლიათ გაიგონ. ისინი უკრაინელების წამებას გააგრძელებენ, მაგრამ იქნებ, თქვენ სწორედ ამისკენ ისწრაფვით?“- აცხადებს უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ინტერესდება, იქნებ, ევროკავშირსა და ამერიკას უკვე სხვა ღირებულებები აქვთ?! იქნებ, მათ საიდუმლო მოლაპარაკებები აქვთ მოსკოვთან უკრაინაზე პროტექტორატის თაობაზე?
პრესაში უკვე ვრცელდება პუბლიკაციები, რომ წუხელ, მაიდნის სისხლიან ღამეს, იანუკოვიჩს უცილობლად მოინახულებდა კადაფის აჩრდილი. სწორედ მისი ბედისწერა უნდა ედგას თვალწინ თანამედროვე დიქტატორს. ბოლო მონაცემებით, გუშინ შუადღიდან კიევში განვითარებულ მოვლენებს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით ადამიანი კი დასახიჩრდა.
უკრაინელი ხალხის ტრაგედიის პარალელურად, გააქტიურდნენ ნაციონალებიც - მიხეილ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დემონსტრაციის სისხლიან დარბევაზე უფლება 2 მილიარდად იყიდა და არცერთი ხელისუფლება არ ღირს იმად, რომ მას ჩაებღაუჭო, ესროლო საკუთარ ხალხს. ამის სიმბოლოდ მან საკუთარი თავი გაიხსენა, როცა საქართველოში ქუჩის აქციებისას გადადგა, თუმცა სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ იღვრებოდა სისხლი რუსთაველის გამზირზე ყოველი მსხვილმასშტაბიანი აქციისას.
უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარე, ტელეიმედის ყოფილ დირექტორს გიორგი არველაძეს „იმიტირებული ქრონიკა“ გაახსენდა და არ დამალა „მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც „იმიტირებულ ქრონიკაზე“ ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ. ცხადია, არც გიორგი არველაძეს დაუკონკრეტებია, ქართველი ხალხის ნაცვლად, სინამდვლეში, ვინ ჩავარდა „ეროვნულ პანიკაში“ და რამ ათქმევინა პოეტ გიზო ნიშნიანიძეს, ნაციონალების შემხედვარე წითელი ხიდიც კი გაწითლდებოდა, ისე უკანმოუხედავად გარბოდნენ ამ ხიდის გავლით აგვისტოს ომის დროსო.
როგორ აფასებენ ევრომაიდნის „რევოლუციას“ ქართველი ექსპერტები? რატომ ცდილობს უკრაინული მოვლენებისგან დისტანცირებას პუტინი და რატომ არ აპირებს იანუკოვიჩისთვის რჩევის მიცემას? რატომ მიიჩნევს ჟირინოვსკი, რომ უკრაინას მხოლოდ გაყოფა გადაარჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლიანი დაპირისპირებები ყოველ 2-3 წელიწადში განმეორდება.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის უცნაურია ევროპის პოზიცია და ქალბატონი ეშტონის განცხადება, რომ თურმე ის მშვიდად დაელოდება, როდის მოაწერს უკრაინა ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგს აინტერესებს, რომელ სიმშვიდეზეა საუბარი, როცა ადამიანები იღუპებიან და მხოლოდ 30 მეტრი ჰყოფს სპეცრაზმ „ბერკუტს“ მომიტინგეებისგან?! პარალელურად, მოხალისეთა რაზმები იქმნება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში იანუკოვიჩის დასახმარებლად, დასავლეთ უკრაინაში კი ემზადებიან მომიტინგეების დასახმარებლად, ქალაქი ჩაკეტილია და მიტინგის დარბევაზე აღარც არის საუბარი, არამედ საუბარია, რომ ეს უკვე კლასიკური სამოქალაქო ომია.
პოლიტოლოგის აზრით, თუ ევროპამ და ვაშინგტონმა მკვეთრი პოლიტიკა დაიკავეს (და არა ისეთი, როგორც 1956 წელს უნგრეთთან დაკავშირებით), მაშინ იანუკოვიჩი დათმობაზე წავა, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, შემოიღებს 2004 წლის კონსტიტუციას. თუ არადა, დნეპროპეტროვსკის სამხედრო-საპარაშუტო დივიზიის ნაწილის 160 მებრძოლი უკრაინაში ჩავა მშვიდობიანი დაწესებულებების „დასაცავად“.
„საყურადღებოა, რომ რუსულ პრესაში ტერმინი „მაიდანი“ უკვე გაქრა, მხოლოდ „თავისუფლების მოედანს“ აცხადებენ, რადგან „მაიდანი“ უკვე საკრალურ ცნებად გადაიქცა. იანუკოვიჩის ოპერაციას მოსკოვმა მისცა ფორმულირება - „ანტიტერორისტული ოპერაცია“. ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც ხდება უკრაინაში, ეს საქართველოსთვის საჩუქარი არ არის, სიკეთეს ვერ მოგვიტანს. ალბათ, შედეგს მომავალ კვირას ვიხილავთ. ამ კვირაში შეიძლება, შეთანხმდნენ კლიჩკო და იანუკოვიჩი, მაგრამ იანუკოვიჩი პრინციპზე დგას და ზავზე თანახმა არაა, სანამ მაედანს მომიტინგეები არ დატოვებენ. თავის მხრივ, იანუკოვიჩის მიერ შეთავაზებულ კაპიტულაციას თუ დათანხდება შეიარაღებული ოპოზიცია, მაშინ ისინი დამარცხდებიან“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
უკრაინული მოვლენებისგან პუტინის დისტანცირების შესახებ პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პუტინი დღეს ყველაფერს აკეთებს, დასავლეთმა არ ჩააშხამოს სოჭის ოლიმპიადა. უფრო მეტიც, პუტინი სულელი არ არის, ის არ გაიშიფრება და ასე ღიად იანუკოვიჩის გვერდით არ დადგება, მაგრამ, როგორც კი სერიოზული მოლაპარაკება დაიწყება მშვიდობის აღდგენაზე, პუტინი მაშინ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას. თუმცა, პუტინის სათქმელს ამბობენ დუმის დეპუტატები, ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვენ.
გიორგი არველაძის მიერ ნახსენებ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, რასაც საქართველოში პანიკა მოჰყვა და ერთი ხანდაზმული ადამიანიც ემსხვერპლა, სოსო ცინცაძე უტაქტობად მიიჩნევს იმაზე საუბარს, ვინ უფრო მებრძოლია_დასავლეთ უკრაინელები თუ ქართველები, თუმცა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გადადგომა აქ არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი მაშინ გადადგა, როცა მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა გამარჯვების შანსით. მისგან განსხვავებით, დღეს რომ იანუკოვიჩი გადადგეს, მას აღარაფრის შანსი არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო ომი მთელი თავისი სიძლიერით გაჩაღდება, ყირიმი უკრაინიდან გასვლით იმუქრება, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული რაზმები ნიშანს ელოდებიან, რომ შეცვივდნენ დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში პროკურატურა დაარბიეს, იარაღი გაიტაცეს, დასავლეთ უკრაინაში ხელახლა დაიწყეს შეიარაღებულმა პირებმა შენობების დაკავება.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სოსო ცინცაძე უკეთესად მიიჩნევს, იანუკოვიჩი დარჩეს პრეზიდენტად, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და შეთანხმებას მიაღწიოს ოპოზიციასთან. მით უფრო, რომ თვითონ ოპოზიციაშიც არ არის დალაგებული სიტუაცია და სახიფათოა, რომ თვითონვე არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ძალზე ნაცნობი და მტკივნეული სცენები ვიხილეთ კიევში. ოპოზიციას საქართველოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დააბრალეს, კიევში კი რეალური მოლოტოვის კოქტეილები და მსხვერპლი იყო, მათ შორის, დაიღუპნენ სამართალდამცავებიც. ექსპერტის თქმით, რა თქმა უნდა, იანუკოვიჩის ხელისუფლება ყველა დემოკრატიულ ზღვარს გასცდა, მაგრამ ის, რა მეთოდითაც იმართება დღეს მაიდანი, შორს არის მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესისგან.
„მეჩვენება, რომ ოპოზიციის ლიდერებმა უკვე დაკარგეს კომუნიკაცია ე.წ. მაიდანთან. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსს არ შეიძლება აწყობდეს ის, რაც ხდება მაიდანზე. ისინი აღარ არიან რეალური ლიდერები და ყველაფერი სტიქიურ ხასიათს იძენს. უკრაინის შიგნით აღარ წყდება ქვეყნის ბედი. უკრაინის ორ ნაწილად გახლეჩვის რისკი ძალზე მაღალია. მე ვფიქრობ, დასავლეთი თავშეკავებულია ზუსტად იმიტომ, რომ ხედავს ორმხრივ აგრესიას. პირველ ეტაპზე, როცა ყველაფერი მშვიდობიანად იყო, პრინციპული პოზიცია ჰქონდა დასავლეთს, მაგრამ ახლა სიტუაცია კონტროლიდან გამოსულია, ამიტომ დასავლეთი უკვე აკრიტიკებს ორივე მხარეს, რაც შემაშფოთებელი სიგნალია უკრაინული ოპოზიციისთვის. არ ვისურვებდი, შეთანხმება მოხდეს უკრაინის საზღვრებს გარეთ, რისი შანსიც დღეს მაღალია, რომ გლობალურ მოთამაშეებს შორის ამ ქვეყნის შეთანხმებულად გაყოფა მოხდება. ამას უკრაინის ყველა პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი არველაძის განცხადებებს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არის უტიფარი კომენტარები უტიფარი ადამიანების მხრიდან. მას ახსოვს, როდის და როგორ გადადგა მიხეილ სააკაშვილი, რა სისასტიკე უძღოდა ამ ყველაფერს და ამ ე.წ. გადადგომით როგორ გაიხანგრძლივა თავისი პრეზიდენტობა.
„ის თავის სტილშია. 8 ნოემბერს რომ გადამდგარიყო, კი ბატონო, კიდევ დავიჯერებდით, რომ თურმე ხელისუფლებას არ ებღაუჭებოდა, მაგრამ იგი 8 ნოემბერს არ გადამდგარა“, -აცხადებს გია ხუხაშვილი.