თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ხელმძღვანელს სალემ ჰუმეიდ ალ შამსის და აღმასრულებელ დირექტორს მარია სანჩესს შეხვდა.
მხარეებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციის და ავარიული კორპუსების ე.წ. "ხრუშჩოვკების’’ დემონტაჟისა და მათ ადგილას თანამედროვე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე ისაუბრეს.
ირაკლი შიხიაშვილმა შეხვედრის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისელებისთვის ახალი, კომფორტული სახლების მშენებლობისთვის 600მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო.
"ე.წ. "ხრუშჩოვკების’’ ადგილას ახალი, კომფორტული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის 600 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის მოსაზიდად მალე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ვფიქრობ, ზაფხულისთვის მშენებლობი დაწყება უკვე რეალურად იქნება შესაძლებელი.
ჩვენ მუშაობის დაწყებას ძველი თბილისის იერ-სახის შენარჩუნების მიმართულებითაც ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის სილამაზის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ’’,-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
"ჩვენ გვინდა 600 მილიონი დოლარი უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში დავაბანდოთ.
ეს იქნება ძალიან მაღალი ტექნოლოგიით აშენებული სახლები. აღნიშნული ტექნოლოგია მაღალსართულიანი კორპუსების გაცილებით მოკლე ხანში აშენების საშუალებას იძლევა.
ჩვენ ბიზნესტურიზმზე ვართ ორიენტირებულნი. ვფიქრობთ, ეს მომავლის საქმეა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება, ხოლო ღარიბ ადამინებს დასაქმების საშუალებას მისცემს’’,-განაცხადა სალემ ჰუმეიდ ალ შამსიმ და თბილისის მთავრობასთან და კერძოდ კი ირაკლი შიხიაშვილთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.