გიორგი ცაგარეიშვილი: „ეტყობა, ბატონ კაკოს თვალში ვეპატარავები“

გიორგი ცაგარეიშვილი: „ეტყობა, ბატონ კაკოს თვალში ვეპატარავები“

აკაკი ბობოხიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე იჩხუბეს. კანონმდებლებს შორის დაწყებული შელაპარაკება, სიტყვიერი შეურაცხყოფით გაგრძელდა და ბოთლის სროლით დასრულდა.

დეპუტატები  ერთმანეთს „საარჩევნო კოდექსის“ განხილვისას დაუპირისპირდნენ და კამათის დროს ერთმანეთს  „დუქნის ლომი“, „არაკაცი“ და „ცუგა“ უწოდეს.

სხდომაზე ცაგარეიშვილის გაღიზიანება ბობოხიძის შემდეგმა რეპლიკამ გამოიწვია -„ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება და თუ მას ადრე ცრემლი მოსდიოდა, ახლა უცრემლოდ ლაპარაკობს“.

რეპლიკის პასუხად გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  ბობოხიძისთვის ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა. ცაგარეიშვილს ტრიბუნასთან მისვლის საშუალება თანაგუნდელებმა არ მისცეს, რის გამოც, მან ბობოხიძეს ბოთლი ესროლა, ოპოზიციონერმა კი, სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.

„1995 წელსაც კაცი იყავი, როცა იმ ხელისუფლებას ემსახურებოდი? რომ აგყვე, მაგრად მაინტერესებს, მერე რას აპირებ - შე დუქნის ლომო“, - მიმართა ცაგარეიშვილს ბობოხიძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გამოურთო და სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარები ჟურნალისტებთან გააკეთეს. აკაკი ბობოხიძემ ცაგარეიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ტონი ამჯერადაც შეინარჩუნა,  გიორგი ცაგარეიშვილმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირად შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

 „ცაგარეიშვილს მე მივაყენე შეურაცხყოფა? პირიქით, ვთქვი, რომ ცაგარეიშვილი თვალსა და ხელსშუა კაცდება და მომსწრე ვართ, ძალიან ნორმალური პროცესის. ის რაც გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, ახლა ხდება და ცაგარეიშვილი დაკაცდა. მას ხმაში რიხი მოემატა და უფრო შემართებული და თამამია“, - დასძინა ბობოხიძემ,  for.ge-ს კითხვაზე, რატომ ხდება, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბში ის თითქმის ყოველთვის მონაწილეობს და უკვე მეოთხე შემთხვევაა, ბობოხიძე პასუხობს, რომ არც ერთი ჩხუბის მოთავე არ ყოფილა.

საზოგადოებას კი კარგად ახსოვს, რომ  წინა მოწვევის პარლამენტში, აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს სილა გააწნა და ჯონდი ბაღათურიას მიმართ საცემად გაიწია, მოქმედ პარლამენტში კი ლევან იზორიას დაუპირისპირდა, რის გამოც, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მას  „ნაძირალა“ უწოდა.

ბობოხიძისგან განსხვავებით, ცაგარეიშვილმა, ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 „საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიპატიებია, რადგან ჯერ  ადამიანად გავჩნდი და შემდეგ პოლიტიკოსად ჩამოვყალიბდი. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი აქვს და ბობოხიძისნაირი კაცები ჭკუას არ უნდა გვარიგებდნენ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მკვლელს და არაკაცს ხელს აფარებენ. ბობოხიძე სხდომათა დარბაზში ადამიანების ცემას შეეჩვია, მაგრამ მათ ჭკუა უნდა ისწავლონ! ეს ვაჟბატონი ქუჩურ გარჩევებს არის მიჩვეული და ეტყობა, ბატონ კაკოს თვალში ვეპატარავები“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

ამ დროისთვის, ცაგარეიშვილ-ბობოხიძეს შორის ინციდენტი ამოწურულია. 2014 წელს, პარლამენტში დეპუტატებს შორის რიგით მეორე ჩხუბი მოხდა. იანვარში ერთმანეთს გიორგი ბარამიძე და სოსო ჯაჭვლიანი დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის არსებული კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებით და ჯაჭვლიანის მიმართვით - „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“ - დასრულდა.