„პორტირებული ნაციონალები“ და ფიზიკური განადგურების მუქარა გამგებელს

„პორტირებული ნაციონალები“ და ფიზიკური განადგურების მუქარა გამგებელს

გია ხუროშვილი შს სამინისტროსგან მის მიმართ პროვოკაციული სქემის მონაწილე პირების გამოვლენას ითხოვს. საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ უკვე ერთი თვეა მასზე, როგორც გამგებელზე მიმდინარეობს სისტემატიური ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით. მისივე თქმით, ამას მოჰყვა პირდაპირი ქურდული გარჩევის სერია ირაკლი შიხიაშვილთან, ეს უკვე გაგრძელდა დაუფარავი მუქარით და უკანონო ფარული თვალთვალით, რასაც მოჰყვა ფიზიკური განადგურებისა და ანგარიშსწორების მუქარა. 

გია ხუროშვილმა For.ge-ს კითხვებს უპასუხა.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენი მისამართით ადგილი ჰქონდა ფიზიკური განადგურებისა და ანგარიშსწორების მუქარა. შეგიძლიათ დაასახელოთ ის პირები, ვისგანაც მომდინარეობდა ეს მუქარა?

- ინგა გრიგოლიას გადაცემის დასრულების შემდეგ, 00:36 საათზე ჩემთან შემოვიდა ზარი ტელეფონის ნომრიდან 595 01 01 71, უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდა დაუყოვნებლივ შევხვედროდი. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ზეწოლისა და მოთხოვნებისა, რომ უარი ვთქვა გამგებლების გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე.

ჩემთვის ცნობილია ვინ სარგებლობს აღნიშნული ნომრით, თუმცა გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, არ ვახმაურებ ამ ინფორმაციას. მე მივმართ შს სამინისტროს, რომ ჩემი საჯარო განცხადება მიიღოს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძვლად. მზად ვარ გამოძიებას ნებისმიერ დროს მივცე ჩვენება, რათა გაირკვეს თუ ვინ არის პროვოკაციული სქემის მონაწილე და გამოიკვეთოს რა დაინტერესება აქვს ამ ჯგუფს. 

თქვენთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა ვინ სარგებლობს ამ ნომრით?

-შს სამინისტროსგან ვითხოვ დაინტერესდეს უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რომელი უწყების ბალანსზე იმყოფებოდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობდა ამ ნომრით, ვინ განახორციელა მუქარის ზარი და რა სქემაა ჩართული ამ პროვიკაციების სერიაში. ამ ეტაპზე თავს ვიკავებ დავასახახელო, რადგან ეს არის გამოძიების საქმე.

ამიტომ მივმართე შს სამინისტროს, რომ ის დაინტერესდეს მთელი ამ პროვოკაციული სქემით, ვის სახელზეა რეგისტრირებული აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობს ამ ტელეფონის ნომერით და რა პროვოკაციული სქემის შემადგენელია ნაწილია ყოველივე ეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებ რომელიმე კონკრეტული პირების დასახელებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფაქტი გადაკვეთვს აქ ერთმანეთს და ძალიან ბევრი საკითხი ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი თავი შემეკავებინა და ის საქმე მეკეთებინა, რომელიც გამგებლის ფუნქციას შეეხება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს გამგეობა აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული სრუქტურაა. აქედან გამომდინარე, ვერ დავუშვებ ზეწოლის ვერც ფაქტს, როგორც გამგეობის თანამშრომლების მიმართ, ასევე ცალკეული პროვოკაციების მოწყობას. ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის პირადი ღირსების საკითხია გამოავლინონ ის პირები, რომლებიც მათ ზურგს უკან, მათივე სახელით ამ ტიპის უკანობებს სჩადიან და ახდენენ ახალი ხელისფუფლების დისკრედიტაციას. დარწმუნებული ვარ, რომ შს სამინისტრო ამაზე მიიღებს ადექვატურ რეაგირებას.

როგორც თქვენ ამბობთ, ადამიანი რომელმაც დაგირეკათ, დაუყოვნებლივ ითხოვდა თქვენთან შეხვედრას. შეხვდით მას?

- არა, რადგან ამას არ ვაქცევდი სატელევიზიო მასხარაობის საგნად. არ შევიდოდი იმ ამოცანებში, რომელიც მათ ამოძრავებთ. ეს არის პროვოკაციის მოწყობა და შემდგომ იმის გადმობრალება, რომ თურმე პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ისინი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოძიების პროცესში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოიკვეთება, რომელიც საზოგადოებისათვის სულ მალე გახდება ცნობილი.

ასევე ადგილი აქვს ფარულ თვალთვალს, რომელიც დღესაც გრძელდება. ფიზიკური ანგარისწორების მუქარა, რომელიც განხორციელდა მოცემული სატელეფონო ნომრიდან, არსებობს ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომლითაც ეს დასტურდება. როგორც იურისტი, ვპირდები ყველას, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ეს საქმე ძალიან მალე იქნება გახსნილი და დადგება კონკრეტული პირების პასუხსიმგებლობის საკითხი.

ეჭვი გაქვთ, რომ ამის უკან საკრებულოს უმრავლესობა დგას?

- დიახ, მე მაქვს ამის საფუძვლიანი ეჭვი. რადგან, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბატონმა შიხიაშვილმა მე მომიწყო „ქურდული სხადნიაკი“. დიხაც, ეს არის სწორედ მის კაბინეტში დაწყებული „ქურდული სხადნიაკის“ გაგრძლება. პირველი ეტაპი იყო საქმის ქურდული გარჩევა, მეორე ეს მუქარა და მესამე ეტაპიც, ალბათ, აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ეს ეტაპი აღარ განხორციელდება, ამის სრულ გარანტიას ვაძლევ ბატონ შიხიაშვილს. ურჩევნია, რომ დროულად გადაიმალოს და თავი დაანებოს თავისი კრიმინალური ქმედებების განხორციელებას.

თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ იყო პოლიტიკური ზეწოლა და მოთხოვნები, რომ უარი გეთქვა გამგებლების გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე. კონკრეტულად ვინ გთავაზაობდათ ამას, შეგიძლიათ დაასახელოთ?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოთხოვნები მოდიოდა საკრებულოდან. ეს ადამიანები სწორედ საკრებულოს სახელით საუბრობდნენ. მათ შემოთავაზებაში ძალიან ბევრი რამე შედიოდა, მათ შორის ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამეღო შვებულება, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა კომისიებში. წავსულვიყავი მივლინებებში ისე, რომ არანაირი შეხება არ მქონოდა საბურთალოს რაიონთან; არ შემესრულებინა ჩემი, როგორც გამგებლის მოვალეობა და ამ ფორმით შემეწყო ხელი მათი პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის უკან დგას თანამდებობის დაუფლების სურვილზე მორგებული ადამიანის კონკრეტული ინტერესები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც პრემიერ-მინისტრის და არც შს მინისტრის დავალებას ისინი არ ასრულებდნენ. თუმცა, ამაზე პასუხი იქნება, მათი მხრიდან ჩატარებული ეფექტური გამოძიება. ამ გამოძიებისათვის ბევრ საინტერესო კითხვაზე მე მაქვს კონკრეტული მტკიცებულება და ინფორმაცია, რასაც ეს ადამიანები დაუყონებლივ მიიღებენ პირველივე ჩვენების დროს.

ბატონო გია, ვინ არის ადამიანი რომელიც თქვენ ამ ყველაფერს გთავაზობდათ, რომელიც თქვენი აზრით საკრებულოს პოზიციას აფიქსირებდა?

- მესმის თქვენი, მაგრამ მომიტევოს საზოგადოებამ, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებ, რადგან მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება. ამის უკან დგას საკრებულო და ამის კონკრეტული მტკიცებულება მაქვს. ამ პროცესებს მართავენ ის „პორტირებული ნაციონალები“ რომლებიც დღეს საკრებულოში თავის გადასარჩენად იბრძვიან.