კორუფციული სამკუთხედი - რა კავშირი აქვთ რუსთაველ ნაციონალებსა და ,,ოცნებელებს’‘ ,,ყვითელი მარშუტკების’‘ ბიზნესთან

კორუფციული სამკუთხედი - რა კავშირი აქვთ რუსთაველ ნაციონალებსა და ,,ოცნებელებს’‘ ,,ყვითელი მარშუტკების’‘ ბიზნესთან

საქართველოს მასშტაბით, ყველა რაიონისა თუ ქალაქის საკრებულოში დაძაბულობაა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, რომლებმაც იციან, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ბოლო დღეებს ითვლიან, მაქსიმალურად ცდილობენ, ბოლო მსუყე ლუკმა წაგლიჯონ აქეთ ბიუჯეტს და იქით მოსახლეობას. მეტიც ამ თვეში, მარტსა და აპრილში არაერთი ისეთი რამ იგეგმება, რის გამოსწორებასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება. გამონაკლისი არც რუსთავია და, დიდი ალბათობით, მეტალურგთა ქალაქი მალე უპრეცედენტო გაფიცვის მომსწრე გახდება.

როგორც გაირკვა, რუსთავის საკრებულო და მერია ტენდერის გამოცხადებას აპირებენ _ დეტალები უკვე დაზუსტებულია და ტენდერი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. საჯილდაო ქვად რუსთავი- თბილისის სამარშრუტო ხაზია. რუსთავიდან დედაქალაქში, ამ ეტაპზე, 400-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს და მათი ჩანაცვლება ე.წ. ყვითელი მარშუტკებით იგეგმება. ,,ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზვიად ძიძიგურთანაც ვიყავით და სავარაუდოდ, მას კიდევ შევხვდებით. ჯერჯერობით ვერც ის გვეხმარება. გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენ ის მძღოლები ვართ, რომლებმაც 2012 წელს ,,ქართული ოცნების’‘ აქტივისტებს ქალაქიდან ქალაქში მხოლოდ საწვავის ფასად დავატარებდით. ის მძღოლები ვართ, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები მანქანებს ართმევდნენ, საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ, ავზს ქვიშით გვივსებდნენ და მერე, მანქანის გაკეთება და ძრავის შეცვლა ათას დოლარზე მეტი ჯდებოდა. ახლა აღარ ვჭირდებით? ისევ ნაციონალური მოძრაობა გვებრძვის. ისევ ისინი ცდილობენ, ჩვენზე შური იძიონ და ტენდერს ატარებენ. ჩვენ ტენდერის არ გვეშინია, ამისთვის მზად ვიყავით და ამიტომ ყველამ გავიჭირვეთ, ბინები ბანკებში ჩავდეთ და ე.წ. სპრინტერები შევიძინეთ. კომფორტით ეს მანქანები მსოფლიოში საუკეთესოა და რაც მთავარია, იმ ყვითელ ,,მარშუტკებს’‘ ათი თავით სჯობს. რომ მიხვდნენ, ტენდერში გავიმარჯვებდით, სატენდერო პირობები შეცვალეს და ჩაწერეს, რომ ხაზზე გასული სამარშრუტო ტაქსი, მინიმუმ, 2012 წელს უნდა იყოს გამოშვებული. ჩვენს მიერ ნაყიდი ,,სპრინტერები’‘ კი ძირითადად 2006-2007 წლებშია გამოშვებული. ამის მიუხედავად, კატეგორიულად მოვითხოვთ, ნებისმიერმა კომისიამ შეამოწმოს და, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მანქანები ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ორჯერ და სამჯერ არ სჯობია, გავჩუმდებით... თუ, მაინცდამაინც, წლოვანებაა ავტომობილის განმსაზღვრელი, მოგვცენ გონივრული, 2-3-თვიანი ვადა, ამ მანქანებს გავყიდით და ახლებს ვიყიდით. ერთი დღე გამოვიდნენ ყვითელი ,,მარშუტკები’‘ და იმუშავეს. ისინი 16-ადგილიანია, რაც ნიშნავს, რომ მგზავრობის ღირებულება, რომელიც ახლა 1.30 თეთრია, უნდა გაიზარდოს და 2 ლარი გახდეს. მთელი სტუდენტობა ჩვენ დაგვყავს, მათ ჯიბეს ეს მწარედ დაარტყამს და აქციაზე ისინიც ჩვენთან ერთად დადგებიან. 400 ,,მარშუტკის’‘ უკან 400 ოჯახი დგას, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ოჯახებთან ერთად შიმშილობას დავიწყებთ და პასუხს მოვითხოვთ, ასე რატომ გვექცევიან?!’‘ - ამბობენ მძღოლები.

რუსთავის მერია, ამ საკითხთან დაკავშირებით, დუმს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ტენდერი აუცილებლად ჩატარდება და რომელი კომპანიაც გაიმარჯვებს, ხალხსაც ის ატარებს. მერია კატეგორიულად უარყოფს მგზავრობის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებას, თუმცა ,,ვერსიამ’‘ მოიპოვა სატენდერო პირობების ასლი, სადაც გარკვევით წერია, რომ თუ გამარჯვებული კომპანია მოინდომებს ფასის გაზრდას, ეს მგზავრებს ერთი თვით ადრე უნდა ამცნოს, რის შემდეგაც უფლება ექნება, ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ დაარეგულიროს. ამჟამად, მოძრავი სამარშრუტო ტაქსები 24-ადგილიანია და, როგორც მძღოლები ამბობენ, თითო რეისიდან, მაქსიმუმ, 10 ლარი რჩებათ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები კი 16-ადგილიანია ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც საწვავის ხარჯსა და მანქანის ნაწილების ცვეთას ესაჭიროება. იმაზე ფიქრი, რომ გამარჯვებული კომპანია ხალხზე ზრუნვაში დააღამებს და, პრაქტიკულად, მოგების გარეშე იმუშავებს, სისულელეა. ესე იგი, მგზავრობა ყველა ვარიანტში გაძვირდება. და კიდევ ერთი: სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ღიად აფიქსირებენ, რომ უახლოეს მომავალში, დოკუმენტურად დაამტკიცებენ, ნაციონალური მოძრაობის რომელი წევრები დგანან ამ ტენდერის უკან და რა გარიგებაში არიან ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემომყვან კომპანიასთან. ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა, ანალოგიური ინფორმაცია მძღოლებს ,,ქართული ოცნების’‘ რამდენიმე წარმომადგენელზეც აქვთ და მათი გვარების დასახელებასაც აპირებენ. მძღოლების თქმითვე, რუსთავი- თბილისის სამარშრუტო ხაზს საქალაქთაშორისო სტატუსი ჩამოერთვა და შიდასაქალაქო მარშრუტად გაფრომდა, რაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანას გააიოლებს. მძღოლებს აინტერესებთ, რის საფუძველზე მოხდა რუსთავი- თბილისის ხაზის შიდასაქალაქო ხაზად დარეგისტრირება.