მომავალ კვირას მმართველი გუნდი პარლამეტში საგამოძიებო კომისიის ინიციატივას დაარეგისტრირებს. კომისიის მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება 2008 წლის ომი, ადამიანის უფლებები, მედიასთან ურთიერთობა, ბიზნესის რეკეტი და ციხეებში არსებული მდომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისთვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვაჩვენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება.
„ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს იყო ადამიანების მკვლელობა - 150 ადამიანი, ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს. ეს იყო ადამიანების წამება - ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ციხეებში რა ხდებოდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით. ბიზნესის რეკეტი - ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება - თქვენ გახსოვთ რა მოხდა ტელეკომპანია „იმედთან“და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, ამასთან, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით.
მედიის სფეროში ტოტალური მონოპოლია დაამყარეს. ეს არის ხელის გულზე არსებული დანაშაულები. მთავარი დანაშაული მაინც არის 2008 წლის ომი, რის შედეგადაც, საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის. 30 000 ადამიანი დევნილად იქცა და 400-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას და მით უფრო თანამშრომლობას არ აპირებს რადიკალური ოპოზიცია. თინა ბოკუჩავა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად დაანონსებულ საგამოძიებო კომისიას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და ამბობს, რომ ამით, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული „სანახაობით“ მისი არალეგიტიმურობის ფაქტს ვერ გადაფარავს და მოუწევს, ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.
„მეცამეტე წელია, არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი პოზირებს საქართველოს ხელისუფლებად და მეცამეტე წელს კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ. ეს, რა თქმა უნდა, მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ სანახაობით და მორიგი საცირკო წარმოდგენით, რომლის დადგმასაც ახლა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პარლამენტში გეგმავს, გადაფაროს საკუთარი დანაშაულები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ის, რომ საგამოძიებო კომისია არ არის საცირკო წარმოდგენა ამის შესახებ საუბრობს უფლებადამცველი, აგვისტოს ომის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისათვის ეროვნულ დონეზე სამართლებრივი შეუფასებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
მისი თქმით, გასაგებია და გაგებით ეკიდება ქართული საზოგადოება იმ გარემოებას, რომ გლობალური დასავლეთის პერმანენტული დიდი ზეწოლის შედეგად ხელისუფლება ვერ ახერხებდა, რომ ეს საკითხი გამოეტანა სამსჯავროზე, მაგრამ დღეს, როდესაც სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ძალიან მაღალ ნიშნულზეა განსაზღვრული, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების აღსრულება არის აუცილებელი და ამავე დროს საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ გააგრძელოს თავისი არსებობა სამართლებრივ და პოლიტიკურ სიბრტყეში.
„ამ კომისიისგან ველოდები ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მე, მზად ვარ, როგორც 2008 წელს შექმნილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი კომისიის წევრი, რომელმაც განსაკუთრებული მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო თავდაცვის წინაშე არსებული ამ ამოცანების გადაწყვეტის საკითხთან მიღებულ იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, მონაწილეობა მივიღო ამ კომისიის მუშაობაში ნებისმიერი სტატუსით. იქნება ეს მოწმის სტატუსი, გამოსაკითხ პირთა სტატუსი, ექსპერტის თუ დამხმარე პირის სტატუსი, რომელიც დასჭირდება დროის მოცემულ მომენტში კომისიას.
ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, რომლისთვისაც შეფასება აუცილებელია გაკეთდეს საზოგადოების უკლებლივ ყველა წრეში. რაც 2008 წელს მოხდა და რის შედეგადაც ჩვენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ერთ 1/5-ს ვეღარ ვაკონტროლებთ, ბუნებრივია, ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ - რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად შეუქცევადი პროცესების წინაშე ვდგავართ და შეიძლება თუ არა ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომში მოჰყვეს ისეთი პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილებები, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ დონზე, რომლის ძალითაც ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას?“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება ომის დანაშულის მოქმედ პირებს და ვის წინაღმდეგ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პირველ რიგში, აქცენტს აკეთებს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელმაც შემდგომში ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაზიდული გარკვეული რესურსების გამოყენების გზით მიაღწია იმას, რომ გახდა ოფიციალური მილიარდერი.
„ბუნებრივია, ისმის კითხვა - ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა არაფრით და ომის დასრულების შემდეგ გახდა მილიარდერი, კი, მაგრამ - როგორ? ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა მივიღოთ? რატომ მოხდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი იმ დროს განისაზღვრებოდა მილიარდ ასი მილიონი ლარით და ასეთი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყანამ 5 დღეზე მეტი ვერ გაძლო და ფაქტობრივად, მთელი სამხედრო აქტივები ჩააბარა მოწინააღმდეგეს? თავდაცვის მინისტრი გაიქცა ქვეყნიდან, ისევე როგორც გაიქცნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის ბატონები: დიმიტრი შაშკინი, კობა ნაყოფია, მალხაზ აქიშბაია და ბევრი სხვა პირი. როგორ, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რატომ გარბოდნენ ეს ადამიანები ქვეყნიდან?“, - ამბობს საგამიძიებო კომისიის წევრი.
გაქცეულებს რომ თავი დავანებოთ, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც არის უმთავრესი სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მის მიმართ 2008 წელს შექმნილმა კომისიამ დადო დასკვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს უკანონო ევაკუაციასთან დაკავშირებით.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს სისხლის სამართლის საქმე მოიკითხოს გენერალურ პროკურატურაში. ამას მოითხოვდნენ ამერიკელები და რატომ, ბუნებრივია, რომ ეს ჩემთვის უცნობია. მაშინ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა უკანონო ევაკუაცია, მაშინ, როდესაც საევაკუაციო გეგმები არ შემოუთავაზებია მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელიც ჩატოვა, დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობაში. თუნდაც ეს ერთი მომენტი არის უზარმაზარი ინტერესი სახელმწიფოსთვის სამართლებრივი რეგულაციების კუთხით და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არა მარტო კეზერაშვილზეა, არამედ იმდროინდელ პრემიერ-მინისტრზე ვლადიმერ გურგენიძეზე, რომელსაც იმ კომისიაზე დავუსვი კითხვა - იცოდა თუ არა, რომ საომარი მოქმედების დაწყების მომენტში, საჭირო იყო შექმნილიყო საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო საბჭო, რასაც მოითხოვდა კანონი. ამასთან დაკავშირებით მას არ ჰქონია პასუხი გარდა ერთისა - არ ვიცოდი არაფერიო. ეს ყველაფერი საოქმო ჩანაწერებში დევს, რომელიც სამწუხაროდ პარლამენტის ვებ-გვერდიდან არის გამქრალი, ეს კიდევ ცალკე ძიების საკითხია. ავიღოთ იგივე სახელმწიფო რწმუნებულები - ზაზა გოროზია და ვლადიმერ ვარძელაშვილი, რომლებიც ყურუმსღულად ემსახურებოდნენ რუს გენერლებს და, რომლებიც მითითებებს ღებულობდნენ საქართველოს ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.