ბიზნესი პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდა - მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

ბიზნესი პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდა - მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

ეროვნული ვალუტი მცოცავი გაუფასურების გამო, ბიზნესის წარმომადგენლები პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, სხვები ფასების ზრდას არ ადასტურებენ, მაგრამ აშკარად მიუთითებენ, რომ დღევანდელი რეალობის შენარჩუნების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ლარის კურსის პროგნოზირება რთულია, თუმცა როგორც ფინანსისტები მიიჩნევენ, ბოლო დროს სიტუაცია უფრო ეროვნული ვალუტის გაუფასურებისკენ იხრება. „თბილისი ცენტრალის დირექტორის ლევან ყარაშვილის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.

შარშან უმნიშვნელო ცვლილება იყო, რაც ინფლაციასთან თანხვედრაში მოდიოდა, მაგრამ წლევანდელი წელი როგორი იქნება, ამას უფრო გაზაფხულზე ვიხილავთ. ძვირდება პროდუქცია, იზრდება წნეხი ბიზნესზე საგადასახადო კუთხით და პლუს დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაძვირება, ალბათ, გარდაუვალი იქნება საცალო სექტორშიც, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ყოველი მოქალაქის ჯიბეზე.

პროგნოზი ძალიან რთულია, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ლარის არსებული კურსის შენარჩუნება ძალიან გართულდება. თუკი ასე გაგრძელდა და სანქციები კიდევ უფრო გამწვავდა, ლარზე წნეხიც მეტად გაიზრდება. არ მგონია, რომ დღეს ქვეყანაში არსებობდეს საკმარისი რეზერვი, რომ კურსის შენარჩუნების საშუალება გვქონდეს. სამომხმარებლო ბაზარზე, საბოლოო ჯამში, დაიწყება ფასების ზრდის დინამიკა და აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - განუცხადა ყარალაშვილმაბიზნესპრესნიუსს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძეც ადასტურებს, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა პირდაპირ ზემოქმედებს საქონლის ღირებულებაზე, რომელიც შემდეგ მომხმარებლს ხვდება დახლებზე. ეს ტენდენცია უკვე წინა თვეში გამოჩნდა.

გაძვირების პროცესი, რა თქმა უნდა, დაწყებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კურსის მერყეობასა და გაუფასურებაზე, ეს არასასურველ ზეგავლენას ახდენს იმ ფასზე, რომლის ფორმულირებაშიც ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ფაქტორი არის გაცვლითი კურსი. გაძვირების ნიშნები უკვე წინა თვეებში გამოჩნდა, როდესაც ლარმა მერყეობა დაიწყო. ეს, გარკვეულწილად, ეტაპობრივად ისახებოდა ფასებზე. ყველა ცდილობს, რისკი, რაც მომდინარეობს კურსიდან, დააზღვიოს, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ

იმპორტიორებთან ერთად სტაბილურობის შეგრძნება არ აქვთ არც ადგილობრივ მწარმოებლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ნედლეული, რომელიც ადგილზე საქნლის დამზადებას უზრუნველყოფს, უცხოურია, ის კი ანდაან ძვირდება. შარშან ნედლეულის ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილია, თუმცა ბოლო 2 თვეში ლარის კურსის ცვლილებამ ფასზე მაინც იმოქმედა.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიანოვასდირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის ინფორმაციით, ნოვას ნედლეული სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს და ამიტომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ბიზნესზე დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ მცირედად მაინც აისახა. ქვეყანაში ფონია ისეთი, როდესაც მოსახლეობას და ბიზნესებს ინვესტიციების მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა უჭირს. ეს გარკვეულწილად, თუ ჯერ არა, მომავალში აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ჩვენს ბიზნესზე. სამშენებლო მასალების ბიზნესი მშენებლობის ბიზნესზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და თუ მშენებლობის მიმართულებით კრიზისი შეიქმნება და მოთხოვნა შემცირდება - ეს პროპორციულად აისახება ჩვენს ბიზნესზე, - განაცხადა ხიმშიაშვილმა.

ეკონომისტი ოთარ ანგურიძე კი დარწმუნებულია, რომ საგანგაშო არაფერი ხდება - ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება და ეს ბუნებრივი პროცესია.

რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია. ლარის კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გადაიხრება, ხან გადმოიხრება, რაც ამ ტიპის ვალუტებს ახასიათებთ. საგანგაშო არაფერი ხდება.

განსხვავდება იმისგან, რაც შემოდგომაზე, წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა, როდესაც მუდმივად გაუფასურების ტრენდი იყო. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე ჩარევა მოუწია იმისთვის, რომ ლარის კურსი დაესტაბილურებინა. როგორც კი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, როდესაც ცრუ მოლოდინებმა თავისი რესურსები ამოწურა, ლარმა გამყარება მაშინვე დაიწყო. შესაბამისად, თუ მაშინ ეროვნულ ბანკს უწევდა, რომ რეზერვები დაეხარჯა რათა ლარის კურსი დაესტაბილურებინა, უკვე ნოემბერ-დეკემბრის სტატისტიკაში გვაქვს მონაცემები, რომ, პირიქით, ეროვნულმა ბანკმა ეროვნული რეზერვების შევსება საკმაოდ დიდი რაოდენობით მოახდინა.

რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი პროცესია. ლარის კურსი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუ წინა კვირაში მცირედით გაუფასურება გვქონდა, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ვხედავთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავიდა, - განაცხადა ეკონომისტმა.