როდის და რა ფორმით დაინტერესდება ტრამპი საქართველოთი?

როდის და რა ფორმით დაინტერესდება ტრამპი საქართველოთი?

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობას და მის პოლიტიკას საქართველოში დიდი იმედებით ელიან. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება. ხელისუფლება აცხდებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავენ. ოპოზიციას კი ამაში ეჭვი ეპარება და მიაჩნია, რომ სანქციების რეჟიმი „ოცნების“ ხელისუფლებაზე გაგრძელდება. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოსთან დაკავშირებით განცახდება არც ტრამპს და არც მის ახალ ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. სახელმწიფო მიდვანი მარკო რუბიო, რომელიც საქართველოს და მის პოლიტიკას კარგად იცნობს, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის მიმართ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს. მხოლოდ ისევ კონგრესმენი ჯო უილსონი აქტიურობს, რომელიც მმართველი გუნდის თქმით, არც ტრამპის გუნდს წარმოადგენს და არც რაიმე გავლენა აქვს ახალ ადმინისტრაციაზე. ის მხოლოდ დაქირავებული ლობისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ლანძღვაში ფულს იღებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ ტრამპის საქართველოთი დაინტერესების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. მისი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, თუმცა აქაც ბოლომდე არ არის დარწმუნებული. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ შესაძლოა, რუბიომ ჩათვალოს საჭიროდ თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა მიაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი, მით უმეტეს თუ თბილისში სიტუაცია ძალიან არ გამწვავდება და ქუჩებში დაპირისპირება არ დაიწყება.

„ძალიან ბევრი ადამიანი იმედით შეჰყურებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას და პირველ რიგში, ეს იმედები არის დაკავშირებული დონალდ ტრამპის ძალიან ამბიციურ განაცხადთან, რომელიც უკავშირდება „დიფ სთეითის“ დამარცხებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ეს ასე მოხდება, ეს პირდაპირ დაეტყობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ვინაიდან დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღნიშნულ ურთიერთობებში იყო „დიფ სთეითი“.

„დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენს ურთიერთობებში იყო „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები, გლობალური ომის პარტია. თუ გლობალური ომის პარტია დამარცხდება, „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ვართ იმედიანად განწყობილნი, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველიც, ასე ვფიქრობ, იმედია, გამართლდება ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჯიპას“ პროფესორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საქართველო ვერ ვიტყვით, რომ ტრამპის დღის წესრიგში ნომერ პირველი იქნება. თუმცა ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მისი დაინტერესება არცთუ დიდი იყოს და საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკა მაინც კონგრესმენებზე და სენატორებზე იყოს დამოკიდებული. ეს კი ცუდია, რადგან „ოცნების“ მიმართ ამერიკის ელიტაში არცთუ კარგი დამოკიდებულება იკვეთება.

„შესაძლოა პირადად ტრამპი ამ დეტალებში ჩახედული არ იყოს, თუმცა იქ არიან ადამიანები, მათ შორის მარკო რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივანი გახდა, საქართველოს კარგად იცნობს. ამერიკაში გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ ინკლუზიურია. ამ პროცესებში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი, არამედ ჩართულნი არიან სენატორები და კონგრესმენები. სამწუხაროდ განწყობები საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცით, როგორიც არის. ნამდვილად არ ველოდები იმას, რომ რაღაცა გადატვირთვა დღეს და ხვალ მოხდება. ან ტრამპი გამოვა და რაღაცა მკვეთრ განცახდებებს გააკეთებს. არ ვიცი როდის და რა მოცემულობაში იქნება საქართველოს თემა ტრამპის მიერ გნხილული. დიდი ალბათობით, რეგიონალურ კონტექსტში განიხილავენ.

ეს კი უკვე საქართველოზე იქნება დამოკიდებული. კი ბატონო, ტრამპი თავად აპირებს ჩინეთთან თანამშრომლობას. მასკმაც ირანზე გააკეთა განცხადება, მაგრამ ამ პოლიტიკას საქართველოს რამდენად მოუწონებენ, ეს იქნება მნიშვნელოვანი. ამიტომ მე მაინც ასე ძალიან დიდ იმედებს არ დავამყარებდი არცერთის მხრიდან, არც ოპოზიციის და რაც ხელისუფლების. იმედი იმის, რომ ის ხვალ გამოვა და რაღაცა ისეთს იტყვის, რაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს შეცვლის, არა მაქვს. მის დღის წესრიგში საქართველო მაინც, როგორც ვთქვი, რეგიონალურ კონტექსტში იქნება განხილული და ვინ რა ინფორმაციას მიაწვდის, როგორი იქნება „ოცნების“ მცდელობაც და კომუნიკაცია, ბევრი რამ ამაზეც იქნება დამოკიდებული“, - ამბობს ფხალაძე.

ანალიტიკოს პეტრე მამარაძეს კი იმედი აქვს, რომ „ოცნება“ შეძლებს და დიპლომატიური თუ სხვა წყაროების საშუალებით, ტრამპს და მის ადმინისტრაციას მიაწვდის რეალურ ინფორმაციას, საქართველოსთან დაკავშირებით რა ხდება. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან დიდი და შრომატევადი სამუშაო, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან გეგმაზომიერი მოქმედება სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველაფრის ფასად ეცდება, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ჰქონდეს კომუნიკაცია და სენატორების: რიშის, შაჰინის, უილსონის და ა.შ. მეშვეობით, ტრამპის ახალ ადმინისტრაციას მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც თავად სურთ. სამწუხაროდ, ახლა ტრამპი არ არის მარტივ სიტუაციაში. მას ყველა მხრიდან უტევენ, იქნება ეს „დიფ სთეითი“ და მისი გავლენები თუ სენატორები, რომლებიც მას კანდიდატურებს უბლოკავენ. ღმერთმა არ ქნას, რომელიმე სენატორმა შესთვაზოს, რომ ხმის სანაცვლოდ საქართველოზე რამე თქვას. თუმცა ამის მოლოდინი ნაკლებად მაქვს, მაგრამ ყევლაფერი შეიძლება დავუშვათ. მე ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ, დაამყაროს პირდაპირი კავშირი ტრამპის შვილთან, ტრამპ უმცროსთან და ასევე, მის სიძესთან, კუშნერთან.

ტრამპი ოჯახის და გარემოცვის რჩევებს ძალიან დიდი გულისყურით უსმენს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ინტერესი იქნება დადებითი და არა ისეთი, როგორის იმედიც ოპოზიციას აქვს. მე მაგალითად „ოცნებას“ ვაკრიტიკებ იმაში, რომ სენატორები შაჰინი და რიში არ უნდა დაეკარგა. ხელიდან მათი გაშვება არ შეიძლებოდა. თუმცა ყველაფრის გამოსწორება შესაძებელია ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად. რა თქმა უნდა, უნგრეთის პრემიერის ახლო მეგობრობაც ტრამპთან გამოსაყენებელია და რაც უფრო მალე მოხდება ეს, უფრო კარგია. შესაძლოა, ამაზე მუშაობა მიდის კიდევაც და დაველოდოთ, ჩვენ ყველაფერი მალე გვინდა, მაგრამ ჯერ ტრამპს ამისთვის არ სცალია. მას ძალიან დიდი მადა აქვს გახსნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და უკრაინის ომის დასრულება მის იდეაფიქსად იქცა. ამიტომ ვნახოთ, ამ პერიოდის მანძილზე რაღაცა კონტურები ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის უნდა გამოიკვეთოს“,-ამბობს მამარაძე.