გაირკვა დეტალები თუ სად და რა ტიპის საინვესტიციო აქტივობას განახორციელებს არაბული „იგლ ჰილსი“ საქართველოში. მრავალმილიარდიანი ინვესტიცია სულაც არ მოიცავს ცათამბჯენების მშენებლობას და რეკრეაციულ ზონებში დასასვენებელი კომპლექსების ჩადგმას. საუბარია საშუალო და საშუალოზე მცირე სართულიანობის პროექტებზე, რომელიც ყველაზე მაღალი საფასო კატეგორიის მყიდველებისთვის იქნება გათვლილი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპმენტის კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში 6 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რისთვისაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის თანდასწრებით შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.
„იგლ ჰილსმა“ მილიარდიანი ინვესტიცია ფონიჭალასა და აღთაკლიაში უნდა განახორციელოს
არაბულმა კომპანიამ მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე. ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც „იგლ ჰილსმა“ გამოაქვეყნა. ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.
„იგლ ჰილსის“ მიერ გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, პროექტი არ მოიცავს მრავალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას და ის საშუალო ზომის ნაგებობებისგან და ვილებისგან იქნება შემდგარი. საუბარია საშუალო და საშუალოზე მცირე სართულიანობის პროექტებზე, რომელიც ყველაზე მაღალი საფასო კატეგორიის მყიდველებისთვის იქნება გათვლილი.
გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, გონიოში განსახორციელებელი პროექტი მაქსიმუმ 15-16-სართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, მას ასევე იახტკლუბი ექნება. ამასთან, რენდერებში არაა გათვალისწინებული, რომ გონიოს სანაპირო კენჭიანია და ის ქვიშით არის შეცვლილი.
რაც შეეხება თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტს, რენდერებზე მაღალი ინტენსივობის ნაგებობები არც ამ პროექტის შემთხვევაში არ ჩანს. ამასთან პროექტი მდინარე მტკვარზე მომრგვალებული ფორმის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტი ასევე მოიცავს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ახალი გამწვანებული ტერიტორიისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტი უმეტესწილად ვილებს დაეთმობა.
კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დაანონსებული 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება, ქართულ დეველოპერულ ბაზარს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კომპანიის შემოსვლა საერთაშორისო კლიენტების რაოდენობას, კონკურენციას და ფასებს გაზრდის წინაპირობა გახდება.
„დიდი კონკურენტი როცა შემოდის, კონკურენცია იზრდება და შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ხომ არ გადაყლაპავას ეს ადგილობრივ ბაზარს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ პირიქით მოხდება. კარგად ვიცნობ ამ ბაზარს და თავად კომპანიას. წლიურად 12-15 მლრდ დოლარის უძრავ ქონებას ყიდის და ეს ნიშნავს, რომ მისი უამრავი კლიენტი გადმოერთვება საქართველოში. რა თქმა, უნდა ლოკალური მომხმარებლებიც იყიდიან ბინებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი შემოსვლა ბევრ უცხოელ კლიენტს მოიზიდავს და ეს პოზიტიურ ეფექტის იქონიებს ადგილობრივ დეველოპერებზეც. სადაც შევიდა ყველგან ასე მოხდა, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასები გაიზარდა 2-3 წელიწადში. ასე რომ, მე იმას კი არ ველი, რომ ადგილობრივ ბაზარზე კანიბალიზაცია მოხდება, არამედ პირიქით გაიზრდება კლიენტების რაოდენობა, ტრანზაქციები და ფასები.
ჯერ ქვეყნისთვის რამხელა საქმეა რომ ასეთი ინვესტიცია იდება ასეთი კომპანიის მხრიდან, მსგავს მასშტაბის მე არ მახსენდება რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყო. საემიროების პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ჩართულია კომპანიის პრეზიდენტი, თვითონაც დიდი ენთუზიაზმით არიან გამსჭვალულები. აბა, ხომ არ მსახიობობენ? პირიქით, ამხელა ხალხია ჩართული, მემორანდუმი გვაქვს. მე მგონია, რომ ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ილია წულაიამ.
ამ მასშტაბის ინვესტიცია ბაზრის მკვლევარებისთვისაც პოზიტიური სიგნალია. გარდა იმისა, რომ მოხდება დეველოპერული დარგის განვითარება, საფინანსო სექტორიც მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
როგორ საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, როდესაც მშენებლობის პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, დამატებით, ყოველწლიურად, ქვეყნის ეკონომიკა 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
„მეორე ეფექტია უძრავი ქონების სტანდარტების თვისებრივი განვითარება, რაც ბოლო წლებში სახეზეა და ამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შესაძლებლობას მისცემს, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი ან ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის უძრავი ქონებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.