„ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ, ჩვენი დელეგაცია აღარ მიიღებს მონაწილეობას ევროსაბჭოს პარლამენტში. ამას წინ უძღოდა ულტიმატუმის შინაარსის მქონე რეზოლუცია, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ - აბსურდის თეატრში არიან და აგრძელებენ ბაიდენის ადმინისტრაციის ხაზს. ცდილობენ, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და დაწყებული რაც ჰქონდათ, მიიყვანონ ბოლომდე“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. როგორ შეაფასებთ ევროსაბჭოს რეზოლუციას და მასზე ქართული დელეგაციის რეაქციას?
- ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ, ჩვენი დელეგაცია აღარ მიიღებს მონაწილეობას ევროსაბჭოს პარლამენტში. ამას წინ უძღოდა ულტიმატუმის შინაარსის მქონე რეზოლუცია, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ - ამით ის საქართველოს ეუბნება, თუ ორ თვეში არ ჩაატარებთ არჩევნებს, შეგიწყვიტავთ დელეგაციის მანდატს. თუ არ დატოვებდნენ, ორ თვეში მაინც შეუწყვეტდნენ და რა მნიშვნელობა აქვს?! ეს იყო ულტიმატუმი: არჩეულ ხელისუფლებას ვერ უმტკიცებენ არჩევნების გაყალბებას, რომელი არჩევნებიც ევროპის სადამკვირვებლო მისიამ სცნო, თვითონ ევროპა არ ენდობა მისსავე სადამკვირვებლო მისია?! - აბსურდის თეატრში არიან და აგრძელებენ ბაიდენის ადმინისტრაციის ხაზს და ცდილობენ, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და დაწყებული რაც ჰქონდათ, მიიყვანონ ბოლომდე - ეს არის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით გაკეთებული.
რამდენად არის შესაძლებელი „ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობაზე წამოვიდეს და თუნდაც, ის ადამიანები, ვინც მიმდინარე აქციების პერიოდში იყვნენ დაკავებულნი, გამოუშვას ციხიდან?
- ჩვენს ოპოზიციას ეს ხალხი აწყობს ციხეში, რომ შემდეგ ეს ჰქონდეთ სალაპარაკო თემად. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი, რაც ბოლოს ევროპარლამენტმა მიიღო, ეხება სააკაშვილის გამოშვებას, მეორე - ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და ა.შ. ისეთ პუნქტებს ახვედრებენ ერთამენთთან, რომლებიც საერთოდ არაა კავშირში საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან. ახლაც, შეიძლება ერთად იქნას განხილული არჩევნების ლეგიტიმაცია და აქციებზე დაკავებულების გამოშვება? - აქციებზე დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით ელაპარაკე ცალკე, თუ მათი გამოშვება გინდა. თუმცა, შენ თუ აქ ხელისუფლების შეცვლა გინდა, მაშინ უკვე ულტიმატუმს უყენებ, რომ ჩაატარონ არჩევნები. რატომ უნდა ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, რადგან ოპოზიცია აპროტესტებს?! - ასე ყველა ქვეყანაში, ყველა ოპოზიცია აპროტესტებს და არ ცნობს არჩევნებს.
რაც შეეხება ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას?
- მთავარი მსაჯი ასეთ დროს არის სადამკვირვებლო მისიები - ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, თუ ამას არ ცნობ, რაღა აზრი აქვს არჩევნებს?! აპრილში იქნება, ოქტომბერში თუ 4 წლის შემდეგ. დავუშვათ და ჩაატარა არჩევნები ხელისუფლებამ აპრილში, წავიდა ამ დათმობაზე, ვისი მისია განახორციელებს დაკვირვებას? - ისევ ეუთო/ოდირი. ახლა არ ენდობიან და აპრილში ნდობას მოიპოვებს ეუთო/ოდირის შეფასება თუ „ოცნების“ წაგებამდე უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები?! - სწორედ აქ იკვეთება, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები.
უნდა ველოდოთ თუ არა აპრილამდე, საქართველოსა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გადატვირთვას?
- მხოლოდ ჩვენს ინტერესებში არაა ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, ამერიკის ინტერესებშიც უნდა იყოს. ტრამპი უყურებს გლობალურ საკითხებს: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და ა.შ. საქართველოსთვის არ სცხელა. ეს რეგიონი უნდა აინტერესებდეს, მაგრამ როდის მოიცლის ტრამპი ამ საკითხებისთვის, ამის თქმა რთულია. არავის უნდა მოხდეს ახალი გადანაწილება და ამ გადანაწილებაში ჩვენ აღმოვჩნდეთ სხვა სფეროში, ჩვენგან დამოუკიდებლად.
რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა, დონალდ ტრამპისთვის „წითელი ხაზი“ აღმოჩნდეს?
- ტრამპი თვითონ აქებს ჩინეთის პირველ პირს და დავალაგებთ ურთიერთობებსო. ამის ფონზე, რატომ უნდა იყოს პატარა საქართველოს დაახლოება ჩინეთთან ტრამპისთვის წითელი ხაზი? - მაშინ თვითონაც შეწყვიტონ ურთიერთობები. თუ სატრანზიტო ფუნქციაზე უარი უნდა ვთქვათ, მაშინ ჩაგვინაცვლონ ეს რაღაც ისეთით, რომელიც აანაზღაურებს ეკონომიკურად ჩვენს დანაკარგებს. ეს იქნება უსამართლო დამოკიდებულება, თვითონ დაიწყებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან და ჩვენ მოგვთხოვს ურთიერთობის გაწყვეტას?
დაბოლოს, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რა პერსპექტივა აქვს ამ აქციებს, რომელიც უკვე ორ თვეა გრძელდება?
- ამ აქციების უპირესპექტივობის მიზეზი არის ოპოზიციის მარგინალიზაციაში. თუ სურთ რაიმე წარმატების მიღწევა, ჯერ უნდა დაიწყონ ოპოზიციის გაჯანსაღება. ყველამ იცის, რომ საზოგადოებაში არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიუღებლობა - რა სახელებს დაირქმევენ, არ აქვს მნიშვნელობა. „ნაცმოძრაობაში“ იქნები თუ გვარამიას პარტიაში, რა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანისთვის, ვის წინააღმდეგაც შენ დანაშაულები გაქვს ჩადენილი?! სანამ ამ ხალხს არ მოიშორებენ, წარსულს არ დაგმობენ, აგრესიულ რიტორიკას და ძალადობას არ შეწყვეტენ, მათ მიმართ საზოგადოების უმეტესობას არ ექნება ნდობა და კეთილი განწყობა. როგორც კი გაჯანსაღდება ოპოზიცია, ხელისუფლებას გაუჩნდება კონკურენტი.