"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ ეს ქართველების წინააღმდეგ ნაომარი ადამიანი, ანტიქართული "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" ერთი-ერთი ხელმძღვანელი იბრაჰიმ იაგანოვი ყოფილ პრეზიდენტს ამერიკაში რატომ შეხვდა? სააკაშვილმა წამოიწყო სახიფათო თამაში. საქართველოს ჰყავს მოქმედი ხელისუფლება და თუკი შეხვედრაა გასამართი, ამ შეხვედრას გამართავენ ოფიციალური პირები. გარდა ამისა, იაგანოვი ცხოვრობს რუსეთში, ის აშშ-ში ჩავიდა, უკან უნდა დაბრუნდეს და ექნება სერიოზული პრობლემები, თუ ეს შეთანხმებული არ არის რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ან სპეცსამსახურებთან. და თუ მათთან შეთანხმებულია ეს ყველაფერი, მით უმეტეს საფრთხის შემცველია", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისთვის შეხვდა სააკაშვილი ამერიკაში ქართველების მკვლელს?
"ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ამ შეხვედრას. ამერიკაშიც, ევროპაშიც და აზიაშიც ძალიან ბევრი კავკასიელია უფრო ავტორიტეტული, უფრი ჭკვიანი და უფრო გავლენიანი, ვისთანაც მოლაპარაკებები ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა ქვეყნის მომავალსა და ჩრდილოკავკასიელებთან სამომავლო ურთიერთობებზე, ვიდრე იაგანოვთან შეხვედრა. სააკაშვილმა წამოიწყო ახალი პოლიტიკური თამაში, რომელსაც აქვს ორი მიზანი. პირველი, ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად გახდებოდა ცნობილი და მისი მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობაზე შთაბეჭდილების მოხდენა, რაც პიარის ნაწილია. მეორე მხრივ, სააკაშვილი, როგორც ჩანს, თავის ყოფილ პატრონებს ახალი თემების წამოწევით აწონებს თავს და ცდილობს, დატვირთვა მიიღოს, ახალი ფუნქცია შეიძინოს კავკასიაში. სურს მშვიდობისა და სტაბილურობის ავანგარდი გახდეს. ეს სახიფათო თამაშია, ვინაოდან მას რეალური მექანიზმი არ გააჩნია, რომ კავკასიაში პროცესების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს. თუკი სააკაშვილს მიიღებენ და აღიქვამენ ახალ ამპლუაში, ის შეეცდება სცენარს გაჰყვეს და გარკვეული ძალების ინტერესებით იმოქმედოს და კავკასიელების ინტერესებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"მას შემდეგ, რაც მერაბიშვილს პატიმრობა მიესაჯა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მუქარებაც ეჭვის საფუძველია - სააკაშვილი აიმედებს თავის თანაგუნდელებს და რამდენიმეხნიანი ტაიმ-აუტის შემდეგ გააქტიურებას ჰპირდება. ეს კარგი არ იქნება ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ ამის ძალა და უნარი შესწევდეთ. უფრო მეტ უბედურებაში გაეხვევიან, ვიდრე ლაფანყურის ოპერაცია იყო. რუსეთის სპეცსამსახურები "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" გააქტიურებას ცდილობენ. მთელ კავკასიაში ანტიქართული განწყობით, სწორედ ეს ორგანიზაცია იყო. მის გარდა პრორუსული ორიენტაციის კავკასიური ორგანიზაციებიც კი საქართველოს მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი, არაფერს ვამბობ პროდასავლური ორიენტაციის კავკასიელებზე, რომლებისთვისაც ეს ორიენტაცია საქართველოზე გადის. რატომ მაინდამაინც ანტიქართული განწყობის წარმომადგლებს შეხვდა სააკაშვილი და რატომ არ შეხვდა იმ სხვა კავკასიელებს, რომლებიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ საერთაშორისო სამართლის საკითხებზე კავკასიისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ?" - განაგრძობს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე
"შემთხვევით არაფერი ხდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილისა და იაგანოვის შეხვედრა შეხვედრისთვის იყო, ძალიან ცდება. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. იაგანოვისნაირი ადამიანი ასეთ ფუჭ რისკებს არ გასწევდა ყოფილებთან შესახვედრად. ძალიან საეჭვო და სახიფათოა სააკაშვილის იმ კაცთან შეხვედრა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ანტიქართულ კამპანიაზე მუშაობდა კავკასიაში", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუ გაქვთ ინფორმაცია, ამჟამად რას საქმიანობს იაგანოვი, რა ძალებთან ერთად მუშაობს და ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში?" - პასუხობს:
"იაგანოვი და "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" ყოფილი ლიდერები "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ინტერესების მიღმა არიან. ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არც მეგობრობენ და არც კონტაქტობენ. ჩვენი ლიდერები არ კონტაქტობენ მათთან, ამდენად არ ვიცი, ეს კაცი საიდან ამოქექეს და ვინ გააქტიურა. ჩვენთვის უცნობია ადგილი, სად შეხვდა სააკაშვილი იაგანოვს, მაგრამ ერთი რამ გავარკვიეთ, სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები არა მხოლოდ ახლა, ერთი თვის წინ დაჟინებით ეძებდნენ ჩრდილოკავკასიელ მორალურ ავტორიტეტებთან კონტაქტებს. თუ რა მიზნით, ამის გარკვევაზე ვმუშაობთ. სააკაშვილს სურს ახალი დატვირთვა, ახალი ფუნქცია შეიძინოს - კავკასიისთვის მებრძოლის, თუმცა ეს ძალიან სარისკო თამაშია".