„ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა“, - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და დასძენს, რომ რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა.
მთავრობის მეთაურის აზრით, ის ქმედებები, რასაც ოპოზიციონრები ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, მათ უფრო ასუსტებს. შესაბამისად, მათი დასუსტება კარგია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ საუბრობდა ცალკეული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, თუკი ისინი ქვეყნისთვის მავნებლურად გააგრძელებდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. ირაკლი კობახიძის თქმით, მთლიანად ოპოზიცია ცდილობდა, წასულიყო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს იყო ძალიან უსუსური მცდელობა, იმდენად დასუსტებული იყო ოპოზიცია, რომ შეიძლებოდა ამკრძალავი ზომების მიღება აღარც გამხდარიყო საჭირო, თუმცა მათი აკრძალვა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანის სტაბილური განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ამბობდა, რომ დამნაშავე პარტიების აკრძალვა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა იყო, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებდა ისეთი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, როგორიც საქართველოში „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ქუჩაში მკვლელობებით დაწყებული, აგვისტოს ომით დამთავრებული. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე ასკვნიდა, როგორ შეიძლება განვითარებულიყო პოლიტიკური სისტემა იმ პირობებში, როდესაც ასეთი დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტია დღემდე იწოდებოდა ოპოზიციად?!
როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკური ველის გათავისუფლებას ქვეყნის დამაპაუზებელი პოლიტიკოსებისგან. ირაკლი კობახიძე უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას და ის უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას იზიარებს მოსაზრებას, რომ ქვეყნის აყირავების მოსურნე პარტიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდნენ ქართული პოლიტიკიდან. მოსალოდნელი არაა, კოლექტიური კუბილიუსები ამას შეეწინააღმდეგონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კუბილიუსების ადგილი დასავლეთში ვაკანტური გახდა.
„როდესაც ჩვენი ოპოზიციონრები კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გადიან და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიდიან, ეს უკვე დანაშაულია, რაც მათ არაერთხელ ჩაიდინეს. ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი, 7-8 მარტის ამბები და სხვადასხვა მოვლენები, გადატრიალებების პირდაპირი მცდელობა, ამიტომ არ შეიძლება თავის ნებაზე მათი მიშვება და ლოიალობა, ესენი ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. არა მარტო მათი პარტიები, არამედ პიროვნულად მათ ლიდერებს და მათ აქტიურ აგრესიულ წევრებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა. პოლიტიკა ისეთი რამეა, ვაკუუმს ვერ აიტანს და მათ ადგილას მოვლენ ის პარტიები, რომლებიც იქნებიან ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულნი“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას საქართველოში ოპოზიციური პარტიების თვითლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთში „როთები და ძმანი მისნი“ წარსულს არიან ჩაბარებულნი, ასევე, კუბილიუსები, ფოტიგები წარსულის გადმონაშთად გვევლინებიან... ფონ ლაიენებს და მის მსგავსებს კი, სავარაუდოდ, ციხეში უკრავენ თავს. ამიტომ ძალიან მშვიდად შეიძლება შევხვდეთ აგრესიული ოპოზიციური პარტიების თვითლიკვიდაციის ფაქტს. ქართველებს უთქვამთ, „რაც არ უნდა თქვანო, წისქვილმა კი ფქვასო“. მთავარია, ვაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი საქმე, ხოლო სახელმწიფოებრივი საქმეა, რომ ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს როგორც პარტიულად, ისე პიროვნულად უნდა აეკრძალოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის ეს ნანატრი ოპოზიციაა, რომელიც წარმატებას ვერც ერთ ფრონტზე ვერ აღწევს. ანალიტიკოსი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ ერთ დროს გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით იხუმრა, „მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალეო“. იმ პერიოდში გიორგი ვაშაძის „ვაჟკაცობის“ საფუძველი მართლაც არსებობდა, რადგან მაშინ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო.
„ოცნებასაც“ ხომ სჭირდება ოპოზიცია?! ესენი რომ გააუქმდნენ, სად იშოვის მმართველი გუნდი უკეთეს ოპოზიციას, რომელიც ვერც საპროტესტო ტალღას აჩენს, ვერც არჩევნებს იგებს?! ეს ოპოზიცია „ნანატრი“ ოპოზიციაა. სანამ ახალი პარტიები არ გამოჩნდება, მანამ მათი გაუქმება „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.