პარლამენტი პრეზიდენტის სტუმრობის მოლოდინშია. პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს 21 თებერვალს ეწვევა და დეპუტატების წინაშე 40-წუთიანი მოხსენებით წარსდგება, თუმცა, მასთან ერთად უწყებას მინისტრები არ ეწვევიან.
მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პარლამენტში მისვლას და პრეზიდენტის წლიური მოხსენების მოსმენას რეგლამენტი არ ავალდებულებს, თუმცა, წინა მოწვევის პარლამენტებში არსებული ტრადიციით, ქვეყნის პირველ პირთან ერთად უწყებაში მინისტრებიც ცხადდებოდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების სტუმრობის საკითხით for.ge დაინტერესდა და უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა კონსტიტუციის ახალი მოდელი მოიშველია, თუმცა, ამავდროულად, მათ შორის აზრთასხვადსხვაობა წარმოიშვა საკითხზე - უნდა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტის სტუმრობისას მინისტრები პარლამენტში.
მმართველი ძალის ლიდერთა ნაწილი თვლის, რომ მინისტრების ნება-სურვილზეა დამოკიდებული გამოცხადდებიან თუ არა პარლამენტში. ერთ-ერთმა ლიდერმა კი, for.ge-სთან კულუარულ საუბარში გულახდილად თქვა, რომ პრეზიდენტთან ერთად მინისტრების პარლამენტში სტუმრობის საკითხი დღის წესრიგში არავის დაუსვამს.
„მართალი გითხრათ, ეს საკითხი არავის გახსენებია და არც დღის წესრიგში დაუსვამს“, - დასძინა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის გადასაწყვეტია, დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას.
„საქართელოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და არა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. შესაბამისად, პარლამენტში მისი გამოსვლა პრინციპულად სხვა თემატიკის იქნება, ვიდრე იყო მისი წინამორბედების. გნებავთ - სააკაშვილის, გნებავთ - შევარდნაძის. ანგარიშის წარდგენისას, მთავრობის ყოფნა სავალდებულო ნამდვილად არ არის, მაგრამ მთავრობის გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა პარლამენტში“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად, კონსტიტუციურ ნორმებზე აპელირებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც.
ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტს პარლამენტში მინისტრები არ მიჰყვებიან.
„ეს ლოგიკურია, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის. როცა იყო, მაშინ მოდიოდნენ. პრეზიდენტის განცხადება გახსოვთ, რომ მისი გამოსვლა თვისობრივად სხვა იქნება, რადგან კონსტიტუციური ნორმები სხვაა. გუნდური პრინციპებიდან გამომდინარე კი, ჩვენ სულ ერთად ვართ“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.
თანაგუნდელების მსგავსად, კონსტიტუციურ ნორმებზე აქცენტირებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტს პარლამენტი სრული შემადგენლობით დახვდება, გულდასმით მოუსმენს და ღირსეულად უმასპინძლებს.
„ახალი მოდელით, მთავრობის წევრები ვადლდებულები არ არიან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ. გიორგი მარგველაშვილი ზეპარტიულია და არ მგონია, რომ პრეზიდენტს გამოსვლას მინისტრები უნდა ესწრებოდნენ. ზოგადად კი, პრეზიდენტის ანგარიში განსხვავებული იქნება, რადგან საქართველოს არ ჰყავს ეგზალტირებული პრეზიდენტი, რომელიც ოპონენტებს ტალახში „დაზელვით“ და ცემით ემუქრება. მავანთა ყიჟინის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა ფარდულ-ფარდულ იაროს და ლენტები ჭრას, გიორგი მარგველაშვილი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებშია მოქცეული და კონსტიტუციურ ნორმებში მოქმედებს. გიორგი მარგველაშვილი პატიოსანი, მშვიდი, განათლებული და გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც ყიამყრალ სააკაშვილს არ ჰგავს, რომლმაც თავი 7 ნოემბრით და 26 მაისითაც დაგვამახსოვრა“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა, რომლის მსგავსად, განსხვავებულ ფორმატზე აპელირებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილის ცნობით, განსხვავებული იქნება როგორც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შინაარსი, ასევე ღონისძიების ფორმატი.
„უწინ, პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტი სტუმრობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა მინისტრის საქმიანობაზე. მისი მოხსენება, ბუნებრივია, ყველა იმ საკითხს უნდა შეხებოდა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება აგვარებს. წელს კი, საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება როგორც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის ხელმძღვანელი არ არის და შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ წარმატებებზე თუ კითხვებზე, რაც შეიძლება მთავრობის მიმართ იყოს“, - განმარტავს უსუფაშვილი, რომლისგან განსხვავებით, პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია.
უმცირესობა აცხადებს, რომ სხდომაზე გამოჩნდება თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ პრეზიდენტის მიმართ როგორც მინისტრებს, ასევე დეპუტატებს.
პავლე კუბლაშვილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსიტიტუციით ნაკლები უფლებამოსილებები აქვს, ეს ინსტიტუტი ყველას მხრიდან პატივისცემას ითვალისწინებს.
„აქედან გამომდინარე, განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილზე დიდი წარმოდგენა არ გვაქვს. რაც შეეხება მინისტრების პარლამენტში სტუმრობას, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, გამოჩნდება როგორი დამოკიდებულება აქვს მთავრობას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.
თუ რა ფორმატში წარიმართება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ამ საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ, თუმცა, ფორმატს რეგლამენტის მე-200 მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს. რეგლამენტით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს 2 საათისა და შესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ან შეიძლება გაიმართოს დებატები.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 2013 წლის ანგარიშის წარდგენა მოუწევს, თუმცა, კანონმდებლებს არც 2012 წლის ანგარიში მოუსმენიათ. გასული წლის 8 თებერვალს, უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის უფლება არ მისცა. 2011 წლის ანგარიშის მოსმენისას კი, მიხეილ სააკაშვილი ჯონდი ბაღათურიას ტალახში „დაზელვით“ დაემუქრა და პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა. რაც შეეხება მინისტრების სტუმრობას, საკანონმდებლო ორგანოს ძალოვანი მინისტრები არ სწყალობდნენ.