მარტოხელა მკვლელების ხელწერა, თუ სერიოზულად მომზადებული ტერორისტული აქტი-შესაძლოა, ამერიკის ისტორიის დაფარული ფურცლები სააშკარაოზე გამოვიდეს და გაირკვეს, რა ძალებმა ჩამოიცილეს აშშ-ის არაერთი პრეზიდენტი, თუ სამოქალაქო აქტივისტი და რა წილი ჰქონდა ამ საქმეში „დიფ სთეითს“.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ისტორიულ განკარგულებას, რომელიც ჯონ და რობერტ კენედების, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, ფედერალურმა მთავრობამ ჯერ კიდევ არ გაასაჯაროვა ყველა დოკუმენტური ჩანაწერი, რომელთა ცოდნის უფლებაც გარდაცვლილთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს აქვს.
სავარაუდოდ, ტრამპს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა გასული წლის 13 ივლისს მასზე განხორციელებულმა თავდასხმამ, როცა თავდამსხმელის მიერ ნასროლ ტყვიას შემთხვევით გადაურჩა და მხოლოდ ყურის ნიჟარა დაუზიანდა. მაშინაც ეჭვი გაჩნდა, რომ ეს „დიფ სთეითის“ ხელწერა იყო.
ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის ოთხი პრეზიდენტი, ერთი ამდენი კი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის, რეიგანი, რომელსაც 6 ტყვია ესროლეს, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდა. უფრო ადრე კი სიკვდილს გადაურჩა აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომლისთვისაც ნასროლი ტყვია შეანელა გულის ჯიბეში შენახულმა სათვალის ლითონის ყუთმა და წარმოსათქმელი სიტყვის 50-ფურცლიანმა შეკვრამ. „არც ისე იოლია ხარ-ირმის მოკვლა“, - ამ სიტყვებით წარდგა საზოგადოების წინაშე დაჭრილი რუზველტი, რომელმაც დაჭრის შემდეგ დახმარებაზე უარი თქვა და 90-წუთიანი სიტყვით მიმართა აუდიტორიას. ტყვიას იგი სიცოცხლის ბოლომდე სხეულით ატარებდა, რადგან მისი ამოღება საშიში იყო.
ასევე, ტყვიამ იმსხვერპლა პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ისტორიული ფიგურა ამერიკაში. იგი 1865 წელს ვაშინგტონში ფორდის თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა სამხრეთელების მომხრე მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა. დამნაშავემ ყველაფერი გააზრებულად დაგეგმა, საპრეზიდენტო ლოჟაში შევიდა და ყველაზე სასაცილო სცენის დროს ესროლა ლინკოლნს იმ იმედით, რომ რევოლვერის ხმას სიცილი გადაფარავდა, თანაც, მკვლელობის წინ ლინკოლნს მიმართა-„ასეთია ტირანების ბედი“. ლინკოლნი თეატრიდან გადაიყვანეს იქვე მდებარე სახლში, სადაც გარდაიცვალა. ბუტმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მოგვიანებით დაპატიმრებისას ისიც მოკლეს. აღმოჩნდა, რომ ბუტი კონფედერაციის საიდუმლო აგენტი იყო, შეთქმულები გეგმავდნენ ლინკოლნის და მისი მთავრობის წევრების გატაცებას და მათ მკვლელობას, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო აფრო ამერიკელების ინტეგრაცია ამერიკულ საზოგადოებაში.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულ სამ ადამიანს, რომლებსაც არ გაუმართლათ და ნასროლ ტყვიას შეეწირნენ, ამერიკელების უმრავლესობას არ სჯერა მათი მკვლელობების ოფიციალური ვერსიის. ერთ-ერთია ამერიკაში ძალზე პოპულარული 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი, რომელიც გარკვეულმა ძალებმა მოიშორეს 43 წლის ასაკში. არა მხოლოდ ჯონ კენედის პერსონა, მისი საინაუგურაციო სიტყვაც კი ისტორიაში შევიდა - „ნუ იკითხავთ, რისი გაკეთება შეუძლია თქვენთვის თქვენს ქვეყანას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის“.
ეს ქარიზმატული წყვილი - ჯონ და ჟაკლინ კენედები ლიმუზინით გადაადგილდებოდნენ დალასში, როცა შენობაში ჩასაფრებული სნაიპერის ტყვიით თავსა და კისერში დაჭრილი ჯონ კენედი სულ მალე გარდაიცვალა. კენედის მკვლელობის დამკვეთად ვის აღარ განიხილავდნენ - მაფიას, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, საბჭოთა კგბ-ს, ფიდელ კასტროს, ვიცე-პრეზიდენტ ჯონსონს, მაგრამ ეს საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. კენედის მკვლელობის საქმეზე ფედერალურმა ბიურომ 25 000 მოწმე დაკითხა და დაასკვნა, რომ მკვლელი ლი ჰარვ ოსვალდი მარტო მოქმედებდა, მაგრამ დღემდე საეჭვო გარემოებად რჩება ფაქტები, მათ შორის, რა უნდოდა მკვლელობის ადგილას „ქოლგიან კაცს“ და იდუმალ ქალს, ანუ რუსული ჩაცმულობის მქონე თავშალშემოხვეულ ე.წ. „ქალბატონ ბაბუშკას“, რომელიც თითქოს გასროლას ელოდებოდა და გარეულიც იყო მკვლელობაში. ყოველ შემთხვევაში, ეს ქალი მკვლელობის კადრებს იღებდა და მის სახეს ფოტოკამერა ფარავდა. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერის ანალიზმა დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, თავდასხმა ორი შეიარაღებული პირის მიერ მომზადდა.
საეჭვოდ განვითარდა მოვლენები ჯონ კენედის მკვლელთან დაკავშირებითაც. დამნაშავე პირი ქალაქის ციხიდან მთავარ ციხეში უნდა გადაეყვანათ, როცა პოლიციის სარდაფში მას ესროლა დალასის ღამის კლუბის მეპატრონემ და საავადმყოფოში გადაყვანისას კენედის მკვლელიც მალევე დაიღუპა.
ტრამპის მიერ დასახელებული კიდევ ერთი მოკლული რობერტ კენედია, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმა, სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიისას კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ მოკლეს. მკვლელის თქმით, მკვლელობა შურისძიების გამო ჩაიდინა, რადგან კენედი მხარს უჭერდა ისრაელისთვის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას.
ასევე, ტრაგიკული აღმოჩნდა ამერიკელი ორატორის და სამოქალაქო უფლებების დამცველის მარტინ ლუთერ კინგის აღსასრულიც, რომლის ფინალის გასაჯაროებაც ტრამპმა მოითხოვა. ეს პიროვნება შთაგონებული იყო ქრისტიანული რწმენით და მაჰათმა განდის არაძალადობრივი აქტივიზმით. სიცოცხლის განმავლობაში კინგი 29-ჯერ დააპატიმრეს, მის სახლში ბომბიც შეაგდეს, მაგრამ „შავი რევოლუციის“ ავტორი მუდამ აგრძელებდა ნეგროიდული რასის უფლებებისთვის ბრძოლას. „თუ კაცს არ მიუგნია ისეთი რამისთვის, რისი გულისთვისაც შეუძლია მოკვდეს, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს“, - ეს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია. როდესაც მარტინ ლუთერ კინგი მოტელის აივანზე იდგა, იგი მოკლეს. მისი მკვლელობისათვის გაასამართლეს თეთრკანიანი სეგრეგატისტი.
რას გაიგებს ახალს მსოფლიო საზოგადოება აშშ-ის სამი ცნობილი ადამიანის მკვლელობის შესახებ?
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპმა როგორი დოკუმენტებიც არ უნდა გამოაქვეყნოს, აშშ-ის ცნობილი ადამიანების მკვლელობის საიდუმლოება მაინც საიდუმლოებად დარჩება ისტორიისთვის. უამრავი ისტორიული მკვლელობაა გაუხსნელი, რომელიც არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხება.
„ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, აქ მარტოხელა მკვლელებიც არიან, ჰეროსტრატეს მსგავსი ტიპებიც, რომელთაც უნდათ, სახელი გაითქვან. უფრო ხშირი კი არის დაგეგმილი მკვლელობები, რომელთა უკანაც ორგანიზაციები და შეთქმულები დგანან. ვინმეს შეუძლია ზუსტად თქვას, ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე? დღესაც უამრავი წიგნია გამოცემული ილიას მკვლელობაზე, მაგრამ პასუხი ბოლომდე გაცემული არ არის. რამდენიმე წლის წინ შესანიშნავი წიგნი გამოსცა თელაველმა მკვლევარმა, პროფესორმა - თენგიზ სიმაშვილმა და თითქოს გასცა პასუხი (ყოველ შემთხვევაში, მე ვეთანხმები მის დასკვნებს) და პიროვნებაც დაასახელა, რომ ილიას მკვლელი უნდა ყოფილიყო ილიკო იმერლიშვილი, ცნობილი წითელი ტერორისტი. იგი მიეკუთვნებოდა სოციალ-დემოკრატიულ ტერორისტულ ჯგუფს, ოღონდ ეს ტერორისტული ჯგუფი იყო ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფი. საბოლოოდ მაინც ძნელია თქმა, ვინ მოკლა ილია. საკითხი ასეთნაირად დგას, ილია მოკლეს სოციალ-დემოკრატმა ტერორისტებმა, თუ ამ მკვლელობის უკან მეფის „ოხრანკა“ იდგა, მეფის სპეცსამსახურები. მე თვითონ მაქვს ნანახი საქმეები, ერთი ასეთი საქმეც არსებობს, რომ ჟანდარმერიას მოახსენებენ დაბლა მდგომი ორგანოები, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოს რომელიღაც მაზრიდან ილიას მკვლელობისთვის გამოემართა ვინმე მარანელი, თითქოს ასეთი ტერორისტი არსებობდა. ამდენად, რაღაც მინიშნებები არის. ამერიკას რომ დავუბრუნდეთ, თავისუფლად შეიძლება პრეზიდენტზე თავდამსხმელი ინდივიდუალური მკვლელი ყოფილიყო, მაგრამ ამდენივე პროცენტი გააჩნია იმ ვერსიას, რომელიც ამბობს, რომ მის უკან მთელი დაჯგუფება იდგა, ან რაღაც ორგანიზაცია“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე.
ისტორიკოსი იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა გამოაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს და თქვა კიდეც, ან „დიფ სთეითი“ აჯობებს ამერიკას, ან ამერიკა დაამარცხებს „დიფ სთეითს“.
დიმიტრი შველიძის აზრით, შესაძლოა, ამ ისტორიული მკვლელობების უკან მართლაც იდგა „დიფ სთეითი“ და ტრამპის სურვილია, კენედების, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა ამ კუთხით გამოვლინდეს, დამტკიცდეს და ამით ტრამპმა აჯობოს თავის მოწინააღმდეგეებს.
„დიფ სთეითი“ არის შემთხვევა, როცა არარჩეული ძალა აკონტროლებს არჩევნებით მოსულ სახელმწიფო სტრუქტურებს. „დიფ სთეითი“ - ეს ტერმინი 2014 წლიდანაა ბრუნვაში, თორემ ე.წ. დიფ სთეითები, ანუ შიდა სახელმწიფოები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ისტორიულად ცნობილია, რომ კარდინალი რიშელიე მართავდა ქვეყანას და არა ლუი მეცამეტე. კარდინალს რატომ უნდა ემართა სახელმწიფო, როცა ქვეყანას ჰყავდა თავისი მეფე?! ანუ რიშელიე თავისებური „შიდა სახელმწიფო“ გამოდის, სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც თავისი უზომო ძალაუფლებით მოქმედებდა მეფეზე. არადა, ფეოდალურ სახელმწიფოში კანონიერი მეფე ითვლებოდა უმაღლეს მმართველად. ასეთი შიდა სამსახურები და შიდა პიროვნებები ყოველთვის იყო შუასაუკუნეების თითქმის ყველა სახელმწიფოში. გასაკვირი არც ისაა, რომ ლინკოლნს ესროლეს, რადგან მან გაბედა მონობის გაუქმება, რაზედაც იდგა მთელი სამხრეთ ამერიკის მეურნეობა. მონებზე იყო დაყრდნობილი უზარმაზარი პლანტაციები, რომელსაც უამრავი შემოსავალი მოჰქონდა. წარმოიდგინეთ, ეს შემოსავალი მოუსპეს მონათმფლობელურ სამხრეთს და რა ზარალში ჩაცვივდნენ მაშინდელი მონათმფლობელები, პლანტატატორები“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.
ამდენად, ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ტრამპის დავალებით როგორი ისტორიული არქივებიც არ უნდა ქექონ, ეს ან ერთ, ან მეორე ვერსიას გააძლიერებს, მაგრამ საბოლოოდ პასუხი მაინც არ გაეცემა. თუ საბოლოო პასუხი გასაცემი იყო, აქამდე უნდა გაცემულიყო. თუმცა მაინც სასარგებლო საქმეა, რასაც ტრამპი აკეთებს და ხელი უნდა მოემართოს ამ საქმეში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის აზრით, თავისთავად ის ფაქტი, რომ ტრამპმა მოხსნა ამ საეჭვო მკვლელობებს გრიფი „საიდუმლო“, ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იდგა ამ ყველაფრის უკან.
„სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ იდგა ამის უკან, სხვა რამე რომ მდგარიყო, რა ინტერესი ჰქონდა ტრამპს, მოეხსნა საიდუმლო გრიფი?! ტრამპმა ომი გამოუცხადა „დიფ სთეითს“ და იწყებს სწორედ ასეთი ისტორიებიდან, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს მკვლელობები. ძალიან ბევრი საიდუმლო პროცესი ამოტივტივდება. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გაცნობიერებულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, შესაბამისად, სწორედ გაცნობიერებულ საზოგადოებას ექნება საშუალება, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით გააცნობიეროს, რა ხდებოდა აშშ-ის წინა პრეზიდენტების დროს და რა ძალაა „დიფ სთეითი“. ეს ძალა უნდა დამარცხდეს იმისთვის, რომ მსოფლიოში გაიმარჯვოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამ პროცესში ქართველებმა ჩვენი წილი მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.