ინა გუდავაძე პოლიტიკაში მოდის - განსვენებული ბიზნესმენის მეგობრის სკანდალური ინტერვიუ

ინა გუდავაძე პოლიტიკაში მოდის - განსვენებული ბიზნესმენის მეგობრის სკანდალური ინტერვიუ

13 თებერვალს, ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. “ვერსიის’‘ ინფორმაციით, განსვენებულის მოსაგონარ საღამოზე, აქტიური მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა, სამაგიეროდ, მოწვეულ სტუმართა შორის ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა აღმოჩნდნენ. რატომ დაუპირისპირდა პატარკაციშვილების ოჯახი ბიძინა ივანიშვილს, ვის ამზადებენ თბილისის მერობის კანდიდატად და რა მიზნით აშანტაჟებს ინა გუდავაძის პარტნიორი ირაკლი ღარიბაშვილს? - “ვერსიას’‘ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი ესაუბრა, რომელიც განსვენებულის ოჯახისგან სახელფასო ანაზღაურებას ითხოვს.

- 13 თებერვალს შტაბის წევრები შევიკრიბეთ და ბადრი პატარკაციშვილი კიდევ ერთხელ მოვიგონეთ. სამწუხაროდ, გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტი არ გვაქვს. არადა, მათთან კომუნიკაცია არაერთხელ ვცადე - საზღვარგარეთ ყოფნისას წერილები გავუგზავნე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ადამიანები, რომლებსაც ბადრის სიცოცხლეში ჩემი პიროვნების მიმართ უკმაყოფილება არასოდეს გამოუხატავთ, მისი გარდაცვალების შემდეგ, საოცრად აგრესიულები გახდნენ. 

ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი იყავით, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მის შტაბში გაწეული სამუშაოსთვის სახელფასო დავალიანების დაფარვა მოითხოვეთ. არ ფიქრობთ, რომ გარდაცვლილისგან ფულის მოთხოვნა ამორალურია და თქვენი ქმედება პატარკაციშვილის ოჯახის წევრებშიც აგრესიას ობიექტურად იწვევს

- სანამ თავად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების ამორალურ ქმედებებზე ვისაუბრებ, ჩემს მოთხოვნას დავასაბუთებ: ჯერ კიდევ 2007 წელს, დეკემბერში, შტაბის წევრებისა და აქტივისტების სახელფასო ანაზღაურებისთვის “სტანდარტ ბანკში’‘ ბადრი პატარკაციშვილის ანგარიშიდან 8 მილიონი ჩაირიცხა. 2008 წლის არჩევნებში 40 ათასზე მეტი აქტივისტი გვყავდა და საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უჯრედს ვფარავდით. აქტივისტების მესამედი საარჩევნო კომისიებშიც დარეგისტრირებული იყო და პატარკაციშვილის სასარგებლოდ საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ. მახსოვს, მაშინ ბადრის ვუთხარი, პატარკაციშვილის ნაცვლად, ნათელაშვილი რომ იყო, არჩევნები ბევრად ნაკლები დაგიჯდებოდა, მაგრამ ახლა შენგან ყველა ფულს ელის და ხალხიც დიდი რაოდენობით მოვა- მეთქი. ასე რომ, ოფშორული ანგარიშიდან ბადრიმ აქტივისტებისთვის თანხა ბანკში გადარიცხა, თუმცა, მეორე დღესვე, პროკურატურამ ყადაღა დაადო და ფულიც მიზნობრივად ვერ განაწილდა. ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრებმა აქტივისტებს უთხრეს, როცა სასამართლო პროცესები დასრულდება, ვალს დაგიფარავთო.      
სანამ ფულს საჯაროდ მოითხოვდით, ამ საკითხზე განსვენებულის ოჯახის წევრებთან არ გისაუბრიათ

- ვადასტურებ, ასეთი საუბარი ჩვენ შორის შედგა - როცა საქართველოში დავბრუნდი, ბადრი პატარკაციშვილის დედას შევხვდი. საკმაოდ გულისხმიერი ქალბატონია და პირდაპირ ვუთხარი, ნუ მიგვიყვან იქამდე, რომ მორალურ ფარგლებს გავცდეთ, ყველა პრობლემა დახურულ რეჟიმში მოვაგვაროთ, აქტივისტების სიას მოგაწვდით, რომელთანაც შეხება არ მაქვს და ეს ხალხი იქნებ დააკმაყოფილოთ, თორემ შტაბის ხელმძღვანელებს გვაწუხებენ და საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვართ-მეთქი... აქტივისტები, განსაკუთრებით, აგრესიულები მას შემდეგ გახდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მათი ხელფასისთვის დარიცხული 8 მილიონი ლარი პატარკაციშვილების ოჯახმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქ საქმე მხოლოდ ფულში არაა... უამრავი ადამიანი ბადრის ინტერესების დაცვას შეეწირა. მაგალითად, მცხეთაში მამა- შვილი ერთ დღეს გარდაიცვალა. შტაბის აქტიური მხარდამჭერი მამაკაცი პროკურატურაში წაიყვანეს და ბადრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, მაგრამ უარი რომ თქვა, აწამეს და ცემის დროს შემოაკვდათ; შემდეგ მის შვილს დაუძახეს და როცა მამამისი გარდაცვლილი ანახეს, მასაც გული გაუსკდა. ერთ დღეში ოჯახი სრულიად განადგურდა, მაგრამ მათ პანაშვიდზე ყვავილიც კი არავის მიუტანია. როცა ამ ტრაგედიის შესახებ ბადრის ოჯახს შევატყობინეთ, ერთ-ერთმა მათგანმა დამცინავად გვითხრა, ერთი ტომარა ფქვილი მიუტანეთო... 40-მდე ადამიანი დააპატიმრეს, რამდენიმე ასეულს კი ქონება წაართვეს. დეპუტატი გურგენ ცანავა პროკურატურაში იმდენჯერ დაიბარეს, გულის შეტევით გარდაიცვალა. უამრავმა ადამიანმა კი თავს გაქცევით უშველა. სწორედ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ბადრის ოჯახის წევრებმა, თურმე, წარმოუდგენელი სიხარბე გამოიჩინეს და პირადი ფინანსური ინტერესების დასაცავად მაშინდელ ხელისუფლებასთან გარიგდნენ. ასე რომ, ეს ადამიანები მორალზე ნუ დაგველაპარაკებიან. პირველ რიგში, მათ დაივიწყეს ბადრი და მისი სახელით სპეკულაცია დაიწყეს. მაშინდელ მმართველ გუნდთან დადებული ხელშეკრულებაც სწორედ ამას მოწმობს. 

ბატონო ვალერი, ხელშეკრულების დადება იმ პირობებში იქნებ, ერთადერთი გამოსავალი იყო ან პატარკაციშვილების ოჯახის წევრები ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ? 
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები არავის დაუშინებია - მათ დოკუმენტს ხელი ლონდონში მოაწერეს. მეტიც, “იმედთან’‘ დაკავშირებით ყველაფერი ასე მოხდა: მაშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, თუმცა ტერიტორია, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, გარდაცვლილის მეგობრის, ჯაოშვილის კომპანიის საკუთრება იყო. როცა ტელევიზიის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალადობა დაიწყო, ჯაოშვილმა საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მინდობილობა ინა გუდავაძეს გადასცა - ჩემი სახელით, ბადრის ინტერესები ლონდონისა და პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში დაიცავითო. ინა გუდავაძემ კი, ჯაოშვილის მინდობილობის საფუძველზე, ხელისუფლებას “იმედის’‘ გადაფორმება მოსთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველა სასამართლო დავა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდებოდა, ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდებოდა ანუ მაშინდელმა მთავრობამ ინა გუდავაძეს ღიად უთხრა, მე ვარ სასამართლოცა და სახელმწიფოცო. მან კი, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილე თინათინ ბურჯალიანთან ერთად, დოკუმენტს ხელი ყოველგვარი პროტესტის გარეშე მოაწერა. არადა, გუდავაძეს ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატი ვოლ სმიტი იცავს, რომელსაც მილიონებს უხდის. მეტიც, აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემთხვევაში, გუდავაძემ ვალდებულება აიღო, ტყუილს იტყვის და განაცხადებს, რომ დოკუმენტის შესახებ არაფერი სმენია. 

თუმცა, პატარკაციშვილის ოჯახმა თავად მოითხოვა, დოკუმენტს გრიფისაიდუმლო’‘ მოხსნოდა... 
- ფაქტია, პატარკაციშვილის ოჯახმა ბადრის ღირსება მიაჩუმათა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, პატარკაციშვილის საქმეზე სისხლის სამართლის დევნას შეწყვეტდა. ხელშეკრულებაში ისიცაა ნათქვამი, რომ თუ დოკუმენტში მითითებული რომელიმე პირობა არ შესრულდებოდა, მისი გასაჩივრების უფლება ინა გუდავაძეს ორი კვირის განმავლობაში, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში შეეძლო. ორი კვირაც გავიდა და ექვსი წელიც, ბადრის კი დღემდე დამნაშავის სტატუსი აქვს. მის ოჯახს არაფერი გაუსაჩივრებია. ის 400 მილიონი კი, რომლის კომპენსირების ვალდებულება წინა ხელისუფლებამ აიღო, “ქართული ოცნების’‘ გადასახდელია. ისე, დღემდე მაინტერესებს, რატომ აიღო 400 მილიონის გადახდის ვალდებულება სახელმწიფომ, როცა დაზარალებული ქონების ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს?! 

ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას რით ხსნით, ივანიშვილი პატარკაციშვილების ოჯახს დაუპირისპირდა?
- ბადრის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან, დიდი ხანია, არ მეგობრობს. მეტიც, ინა გუდავაძის პარტნიორი ირაკლი რუხაძე პრემიერ- მინისტრთან მივიდა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მათ მფლობელობაში გადაცემა მოსთხოვა. ჩემი ინფორმაციით, მან ღარიბაშვილის დაშანტაჟებაც სცადა - თუ ქარხანა არ დაგვიბრუნდება, პარიზის სასამართლოში 400 მილიონი ლარის კომპენსაციაც მოვითხოვთო. 

ეს მუქარა დღემდე ძალაშია? 
- ვერ გეტყვით, თუმცა დაპირისპირებაზე ისიც მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდიდან განსვენებულის ოჯახის წევრები მალევე გამოვიდნენ. მათი გადაწყვეტილება სწორედ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდებოდა. ულტიმატუმი, შანტაჟი, გაუგებარი პრეტენზიები _ ეს ამ ადამიანების ტექნოლოგიაა, ყველაფრის უკან კი ოჯახის მრჩეველი გია ხუხაშვილი დგას! 

მეტალურგიულ ქარხანაზე შეუთანხმებლობის გამო დაუპირისპირდა ტელეკომპანიაიმედი’‘ ივანიშვილს?
- ბადრის ოჯახს დიდი ხანია, “იმედის’‘ გაყიდვა უნდა, თუმცა მრჩევლების დამსახურებით, ტელეკომპანია ჯერ კიდევ მათ საკუთრებაშია. კარგად იციან, რომ “იმედი’‘ ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული ინსტრუმენტია, რაც ამ ტელეკომპანიამ ბადრის სიცოცხლეშიც დაამტკიცა. კულუარული ინფორმაციით, ინა გუდავაძე, არაპირდაპირი ფორმით, პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად ემზადება. 

ესეც ხუხაშვილის ინიციატივაა?
- რა თქმა უნდა - ხუხაშვილი ინა გუდავაძეს, როგორც თბილისში, ისე ლონდონში არაერთხელ შეხვდა. იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს თბილისის არჩევნებში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს. მის პიარს კი ტელეკომპანია “იმედი’‘ მოემსახურება, შესაბამისად, ტელევიზია ხელისუფლების კრიტიკას უფრო გააძლიერებს. სამწუხაროდ, ბადრის საყვარელი ტელეკომპანია ამჟამინდელ მფლობელებს ჩიხში შეჰყავთ, პოლიტიკურ მხარედ აყალიბებენ და ეს “იმედს’‘ უკვე დაეტყო.