„ოპოზიციის მცდელობა, რომ მხარდაჭერა გარედან მიიღოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ფუჭია“

„ოპოზიციის მცდელობა, რომ მხარდაჭერა გარედან მიიღოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ფუჭია“

შანტაჟი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წელია გრძელდება - ქართული დელეგაცია სტრასბურგში გადაწყვეტილების მოლოდინშია. თეა წულუკიანის თქმით, დელეგაცია მათ ხელთარსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ ასამბლეას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს.

სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ ქართველი ოპოზიციონერებიც. საგანგებოდ გაგზავნილი წერილის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე პირადად დააყენა ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ იმას, რასაც ახლა ევროპარლამენტში თვალს ვადევნებთ, ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ღალატია. მამრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რისთვისაც ევროსტრუქტურებს იყენებს. თუმცა ერთ რამეში ცდებიან, ამით ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენენ.

ოპოზიცია ცდილობს ევროსაბჭოში საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია არალეგიტიმურად გამოაცხადოს და მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ. სტრასბურგში იმყოფებიან თეა წულუკიანის მეთაურობით „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ცდილობენ ოპოზიციის მცდელობა ჩააგდონ. ოპოზიციის ქმედება რამდენად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს?

- ეს ადამიანები იყვნენ და არიან ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ნებისმიერ ფასად ცდილობენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები. სხვათა შორის ამის ყველაზე პათოლოგიური  მაგალითია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ დროებით უფლებამოსილება შეჩერდეს და გაიყინოს, თუმცა საქართველო ევროსაბჭოდან რომ გარიცხონ, ნაკლებად მოსალოდნელია. იმედი მაქვს, რომ იქაც მიხვდებიან ვისთან აქვთ საქმე. საქმე კი გვაქვს საქართველოს მტრებთან და სახელმწიფოს გამყიდველებთან. ამ ფაქტმა ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა.

ჩვენ ოპოზიცის მავნებლობის პროცესი უკვე ვნახეთ და დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ევროკავშირმა ეს ხელშეკრულება საქართველოსთან 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დადო, მაშინ, როცა ქვეყანაში წარმოუდგენელი ტერორი მიდიოდა. მიუხედავად ამისა, არც სანქციები და არც სხვა რაიმე სადამსჯელო მეთოდი სააკაშვილის რეჟიმის წიანაღმდეგ არ განუხორციელებიათ. რა არის ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილის მწამებლური რეჟიმის და ტერორის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ძალიან ცნობილი ექსპერტები და სპეციალისტები ღიად წერდნენ, რაც ხდებოდა. სასამართლო და ყველა ინსტიტუტი რომ სააკაშვილის ჯიბეში იყო მოქცეული, ხდებოდა ბიზმესმენების დატერორება, ქონების წართმევა, ხალხის დაპატიმრება და არნახული, გაუგონარი წამება, არცერთ ევროსტრუქტურაში მყოფ ამ ევროპელ ჩინოვნიკებს არ გაუპროსტესტებია. ახლა კი, ვხედავთ, როგორი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ. 2008 წელს რომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები მიიტაცა, ეს ხომ ბრიუსელშიც მშვენივრად იცოდნენ. მაშ, როგორ აღიარეს ის ლეგიტიმურ ხელისუფლებად? ამის მიზეზი ის იყო, რომ სააკაშვილი ატარებდა მათ აგენტურულ ინტერესებს და ქართველი ხალხი არავის ადარდებდა. ახლა კი ვითომ ხალხის ჯავრი აქვთ, ამ მოღალატეობრივ ოპოზიციას უსმენენ, რომელსაც ძალაუფლებაში მოსვლა ყველაფრის ფასად უნდა.

ეს არის „ოცნების“ დასჯის ოპერაცია, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ღიად დაიწერა. იქ ვკითხულობთ, რომ თუკი „ოცნება“ ხელისუფლებაში ისევ მესამე ვადით მობრუნდა, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ოპოზიციას და ენჯეოსექტორს დაეხმარონ, რათა ხელისუფლების ცვლილება მოხდეს.

რა სახის ზეგავლენას ახდენს ევროსტრუქტურების მიერ ასეთი სადამსჯელო გადაწყვეტილებები და რაზეა ეს გათვლილი?

- ოპოზიციასაც და მათ მოკავშირე ევროპელ ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ „ოცნებას“ ამით ნერვები უმტყუნებს. გარდა ამისა, ჩვენი ოპოზიცია თავიანთ პატრონებთან ერთად ჩიხშია. ამიტომ სანამ ფული აქვთ, ამას გააგრძელებენ. მათ ამერიკული ფულის გარდა, ევროპული ფულიც აქვთ. დააკვირდით, ყველა მარშის დროს როგორ კარგად დაგეგმილი და გაწერილი მოქმედებენ. ერთი დღე გამოდიან საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენელები - რამდენიმე ასეული ადამიანი, მეორე დღეს სხვა პროფესიის რამდენიმე ასეული ადამიანი. შემდეგ დღეს თეატრის წარმომადგენლები გამოდიან. მეოთხე დღეს კი სხვა პატარა ჯგუფი. ამით ქმნიან სურათს, თითქოს მთელი საქართველოს მოსახლეობა და ფენა ამ მარშებში მონაწილეობს. სინამდვილეში, ეს ძალიან ცოტა პროცენტია და ქალაქისთვის ეს ნულია.

ამ სურათს დასავლეთისთვის ქმნის ოპოზიცია, რომელიც თავად დამალულია და საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ გამოჰყავს ქუჩაში?

- დიახ ნამდვილად ასეა. ეს სურათი იქმნება დასავლეთისთვის. გახსოვთ, ალბათ, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობების და მათი მაყურებლების მარში. ერთხელ თუ იყო ამომრჩევლის მარში და ამ ხნის მანძილზე თავად ამ 4-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ თუ შეძლო საკუთარი მხარდამჭერების გამოყვანა? ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ უცხოელი ტექნოლოგებიც კარგად ხვდებიან უკვე, რომ ამ პოლიტიკოსების წინ წამოწევა წამგებიანია.

შესაძლოა, ოპოზიცია ფიქრობს, რადგან ამერიკაში ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ჯერჯერობით არ არის მათი მხრიდან პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, ბრძოლის ეპიცენტრი ბრიუსელში გადაიტანონ, რათა სათქმელი ჰქონდეთ, რაღაცას მაინც მივაღწიეთო?

- რა თქმა უნდა, მათ ამ ეტაპზე ჯერ არ იციან ტრამპის ადმინისტრაცია რა პოზიციას დაიკავებს „ოცნებასთან“ დაკავშირებით. უფორ მეტიც, მათში დაბნეულობა შეიმჩნევა. ვნახეთ ტრამპა რომ თქვა, მხოლოდ ორი სქესი არსებობსო და ამათმა გადააკეთეს, თითქოს გენდერია ბევრი და ტრამპის ეს განცხადება მათთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ტრამპს ახლა სენატში ყველა ხმა სჭირდება. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით. ძლივს დაამტკიცეს და ამაში ტრამპს ვიცე-პრეზიდენტი დაეხმარა. სენატორმა რიშმა და შაჰინა თუ მიაღწიეს იმას, რომ ხმას მოგცემთ და საქართველოზე რაღაცა თქვიო, ეს არ არის გამორიცხული.

იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. გახარიამ ხომ თქვა, რომ მერე ძალიან რთული იქნება რაღაცის მიღწევაო. თუმცა წავიდა ის დრო, როცა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებდა განცხადებას და ამის გამო საქართველო  უნდა დანგრეულიყო. ტრამპმა რაიმე კრიტიკულიც რომ თქვას, ამის გამო ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვა. ლეგიტიმურობას ხელისუფლებას ქართველი ხალხი ანიჭებს. ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ მხარდაჭერა გარედან მიიღოს და ამით ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ფუჭია. ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ ვიღაცის განცახდების გამო ხალხი ქუჩაში არ იხუვლებს. ჩვენს მოსახლეობას უკვე კარგი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, ვინ რას და რის გამო აკეთებს.

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი ოპოზიციური გაერთიანება მოხდეს და მის ლიდერად სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებს. როგორც მან თქვა, ეს დაკვეთა ამერიკიდანაც მოდის და ამაზე ოპოზიციამ უნდა იფიქროს. არის ეს მოწოდება რეალისტური და ასეც რომ მოხდეს, არსებული პოლიტიკური მოცემულება ქვეყანაში შეიცვლება?

- ეს არ არის რეალისტური და არ მგონია ეს ოპოზიციამ მოახერხოს. ფორმალურად ბევრი რამ შეიძლება, მაგალითად, როგორიც იყო ე.წ. ქართული ქარტია, რომელიც ზურაბიშვილმა შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სრულიად არარეალური რამ, მას ტაშს მაინც უკრავდნენ. ასეთი რაღაც შეიძლება და არ გამოვრიცხავ. თუმცა რეალური პოლიტიკური გაერთიანება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ვერ იქნება გამაერთიანებელი ლიდერი. ამ ქალმა ამ ხნის განმავლობაში საკუთარი პარტია ვერ შექმნა, რა ოპოზიციის ლიდერობასა და გაერთიანებაზეა საუბარი?!