ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, მიმდინარე სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს.
„მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული „რეპრესიები“, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირობებს.
შესაბამისად, კომიტეტს სურს, ხელისუფლებისგან მიიღოს მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები. ამავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომელიც აქამდე არ აღმოუფხვრია ხელისუფლებას, ასამბლეამ უნდა შეაჩეროს საქართველოს დელეგაციის რამდენიმე უფლება“, - ნათქვამია კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში.
აღსანიშნავია, რომ 27-31 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც მაღალი ტრიბუნიდან მყარი არგუმენტებით დეზინფორმაციაში და ტყუილში ამხილა რადიკალური ოპოზიცია. გარდა ამისა, წულუკიანმა ევროპელ დეპუტატებს ყველა იმ პოლიციელის ფოტოები წარუდგინა, რომლებსაც სხეულის სხვდასხვა სახის დაზიანება რადიკალმა მომიტინგეებმა მიაყენეს. მისივე თქმით, მომხსენებლებმა თავიანთ მოხსენებაში პოლიციელების დაზიანების საკითხი მორიდებულად ახსენეს და უფრო მეტი დრო დაუთმეს იმას, რომ დემონსტრანტები არიან დაზიანებულები.
„მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ორმა მონიტორმა, მომხსენებელმა საქართველოდან ჩამოიტანა ამბავი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ბოლომდე ეთანამშრომლა. ამ ნაწილში მაღალი დონის პატიოსნება გამოიჩინეს და თქვეს სიმართლე, მათ დღეს ეს ყველა ფორმატში აღნიშნეს და არიან კმაყოფილნი, რომ ყველასთან და ყველგან დაშვება ჰქონდათ. ამიტომ, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს, მთავრობას, სხვადასხვა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ვიზიტის სწორად ორგანიზებაზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხსენებლებმა თქვეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მონიტორინგის კომისიას შეუქმნას მუშაობის კარგი პირობებიო. ეს რომ სხვანაირად ეთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე იქნებოდა უფრო რთულად. რაც შეეხება დანარჩენს, მათ თავიანთ პოლიტიკურ მოკავშირეებს გარკვეული კოჭები უგორეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, უფრო ნაკლებად გამოიყენეს ის მტკიცებულებები, რაც ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მათ მიაწოდეს, რის გამოც მე მქონდა საპასუხო პოზიცია დახურულ სხდომაზე.
ევროპელ დეპუტატებს ვაჩვენე ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმას და მათი უფლებების ხელყოფას თვალსაჩინოს ხდიდა და ამ მხრივ, ეს რაღაცნაირად გამოვასწორეთ, მაგრამ მომხსენებლებმა ეს მორიდებულად ახსენეს, სამწუხაროდ, მხოლოდ თავიანთ მოხსენებაში. უფრო მეტი დრო დაუთმეს იმას, რომ დემონსტრანტები არიან დაზიანებულები, რაც, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ სამართლიანობას უნდა ჰქონდეს თავისი ფასი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთან პარტნიორობა შესაძლებელია სამართლიანი ურთიერთობის და არა - ცინიკური დამოკიდებულების ფონზე.
„ეს არის კიდევ ერთი პასუხი იმ საკითხზე, თუ რატომ არ ატარებდა რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას. მათ შესაბამისი პირობა ჰქონდათ მიღებული კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკებისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდებოდა, „დიფ სთეითი“, მათი მხარდამჭერები, ასევე ამ საკითხზე მომუშავე კონკრეტული ჩინოვნიკები ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ეიძულებინათ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო.
ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ყველასთვის გასაგები კანონები, საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს საკუთარი პოლიტიკით შეერთებული შტატების მხრიდან. სწორედ ეს მოუდეს შარად ჩვენს ქვეყანას, რათა კონკრეტული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ. ამ ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. პარტნიორობა შესაძლებელია სწორედ სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა იმ ცინიკური დამოკიდებულებით, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ნათქვამია, „ოცნებას კაცი არ მოუკლავსო“ და სწორედ ასეა ოპოზიციის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დელეგაციას მანდატები არ შეუჩერეს, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ სტრასბურგში გაიმარჯვა მებრძოლმა ქართულმა დემოკრატიამ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს დელეგაცია აღიარებული იქნას მხოლოდ იმ პირობით, რომ აპრილამდე დაინიშნება ახალი არჩევნები, გათავისუფლდება აქციებზე დაკავებული პოლიტპატიმრები და გამოძიებული იქნება რეპრესიული აპარატის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება. ეს არის ყველა იმ მშვიდობიანი მოქალაქის მიღწევა, ვინც სამოც დღეზე მეტია დაუღალავად იცავს სამშობლოს.
უპირველეს ყოვლისა, ეს რეჟიმის ტყვეების მიღწევაა, ვისაც მალე გავათავისუფლებთ. „ქართული ოცნების“ წარუმატებელ, უუნარო და უფლებაშეზღუდულ დელეგაციას ვუსურვებ სტრასბურგიდან პირდაპირ თეირანში გაემგზავროს, რადგან მათი კუთვნილი ადგილი „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ გვერდითაა და არა ევროსაბჭოში, რომელმაც რუსულ ბანდ-ფორმირებას ცხვირწინ მოუჯახუნა კარი“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უკანასკნელ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა არა იმისთვის, რომ ხელისუფლების პოლიტიკა კვლავ ყოფილიყო იმაზე დამოკიდებული, რას იტყვის სტრასბურგი, შეშფოთებული მეთიუ მილერი თუ აღშფოთებული ბლინკენი, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.
„ამიტომ თუ ვინმე დამარწმუნებს, რომ სტრასბურგში რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი სტაბილურობა და ჩვენი უსაფრთხოება, უბრალოდ, ძალიან მდაბიო წარმოდგენა მექნება ამ ადამიანზე და იმ ძალებზე, რომლებიც ამ ნარატივით მიმართავენ დღეს ჩვენს საზოგადოებას. ნურას უკაცრავად! დღეს მიდის კუდის უკანასკნელი მოქნევა სტრასბურგის და ევროკავშირის ველზე. იქ, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეაღწია იმის გააზრებამ, ვინ აირჩია ამერიკის მოსახლეობამ, რა გზავნილები აქვს ამერიკის 47-ე პრეზიდენტს, რას ნიშნავს მის მიერ გაცხადებული განცხადებები - „დიფ სთეითი“ სულ რომ ვერ მოსპოს, მნიშვნელოვნად უნდა დაასუსტოს და, რომ „დიფ სთეითის“ მძევლობაში ჯერ კიდევ იმყოფება ბრიუსელიც, სტრასბურგიც და ეს ევრობიუროკრატია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ამის გააზრება იქ, სტრასბურგში ჯერ ვერ მოხდა, მაგრამ მოხდება ძალიან მალე. ყოველ შემთხვევაში, იმის პარალელურად, რა პროცესებიც განვითარდება ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, რომელსაც 2025 წელს 16 ქვეყანაში უწევს ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რამაც შეიძლება შეცვალოს ეს კონფიგურაცია და დაასუსტოს „დიფ სთეითის“ მძევლობაში არსებული ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ სტრასბურგში, თუ ბრიუსელში აყალიბებენ დღის წესრიგს.
„მათი დასუსტება არის გარდაუვალი პროცესი. პრინციპში, დაწყებულია, უბრალოდ, ჩვენ მოთმინება გვმართებს. ჩვენ შეიძლება ძალიან საინტერესო პროცესებს მოვესწროთ ახლო ხანში. თუ საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოს ტრიბუნას წაართმევენ, ეს არის ჩვენი საქართველოს და ხელისუფლების ძალის აღიარება, ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ.
ეშინიათ იმის, რომ ჩვენმა დელეგაციამ, სახელისუფლებო გუნდმა ეს ტრიბუნაც გამოიყენოს იმისთვის, რომ ევროპის მოსახლეობას, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს და მათ პოლიტიკურ ელიტებს აუხსნას, რომ ის პოზიცია და ის პოლიტიკა, რომელსაც უკანასკნელ 4 წელიწადში აწარმოებდა საქართველო, როდესაც წინ აღუდგა ამ გლობალური ომის პარტიას, ბაიდენის ადმინისტრაციას, სტრასბურგის ევრობიუროკრატიას და ფაქტობრივად, თუ ვერ მოუგო, მნიშვნელოვანწილად დაამარცხა ისინი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. თუ პატარა საქართველოს გამოუვიდა ამის გაკეთება, აუცილებლად გამოუვა გერმანიას, ესპანეთს, პოლონეთს, საფრანგეთს და ა.შ. სწორედ, ამ გარე გზავნილების ეშინიათ ბრიუსელში და სტრასბურგში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი ადგილობრივი აგენტების და ლაქიების ხელით კეთდება ის საბოტაჟი და დივერსია, გრძელდება ის დესტრუქციული პოლიტიკა ჩვენთან მიმართებით, რომელსაც ფაქტობრივად მიჩვეულები ვართ ამ 4 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
მარცხი მოღალატეებს.
ეს ის ასაბლეაა, რომელმაც 2008 წლის ოქტომბერში კანდელასის, გაბაშვილის, თარგამაძის და სხვა მეცოცხეების მონაწილეობით მიიღო რეზოლუცია, რომ რუსეთის საქართველოში შემჭრა ქართული ჯარის ბრალი იყო!!!