„თუკი ვაშაძე ზურაბიშვილის ფიგურას ივანიშვილისას ადრის, ეს პოლიტიკური უმეცრებაა - 2012 წელს ივანიშვილის ფიგურა იყო განმსაზღვრელი“

„თუკი ვაშაძე ზურაბიშვილის ფიგურას ივანიშვილისას ადრის, ეს პოლიტიკური უმეცრებაა - 2012 წელს ივანიშვილის ფიგურა იყო განმსაზღვრელი“

პოლიტიკურ კრიზისიში მყოფი ოპოზიცია გამოსავლის ძიებაშია. ამ კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაასახელა. მისი შეთავაზებაა, რომ პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს და ახალ სწორედ ამის დროა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდ გაერთიანებას ამერიკაშიც ელოდებიან.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილსაც უნდა ესმოდეს, რომ როცა ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვიან, იმის გარჩევის დრო აღარ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის.

ოპოზიციაში ვაშაძის ამ განცახდებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა ამბობს: „სალომე ზურაბიშვილი გახლავთ გამაერთიანებელი ფიგურა, როგორც ქვეყნის შიგნით ხალხის, ოპოზიციური ძალების, ასევე ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს საუკეთესოდ საერთაშორისო არენაზე“.

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის  გაერთიანების იდეა სწორია, უბრალოდ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ყველა ეს პარტია არის ბელადის პარტია და ყველა პარტიას თავისი ეგო აქვს, ყველას პირველობა უნდა.

„ვერ თანხმდებიან, ვინ იქნება პირველი“, - ამბობს ის.

რაქვიაშვილის თქმით, „ნაცებს“ თუ გამოუვათ „ნაცური“ დიდი კოალიციის შექმნა, ქვეყანაში ბევრად გასაგები პოლიტიკური ლანდშაფტი იქნება“.

ხელისუფლების აზრით, ოპოზიციას სინამდვილეში ერთადერთი გეგმა აქვს და ეს თვითლიკვიდაციაა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა.

„რეალურად, იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სანამ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მთელი ოპოზიცია არ გააერთიანა, მანამდე ვერაფერს მიაღწიეს. ხოლო მათი კოალიციიდან გამოყოფის შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ვაშაძე ზურაბიშვილის ფიგურას ივანიშვილისას ადრის, პოლიტიკური უმეცრობაა, სხვა თუ არაფერი. ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ნაცების წინააღმდეგ პრეზიდენტად დიდი ძალისხმევით გაიყავნეს.

„იმ გამარჯვებაში, რომელიც 2012 წელს ოპოზიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ მოიპოვა, ივანიშვილის ფიგურა იყო განმსაზღვრელი. რომ გაერთიანებულიყო ალასანია და რესპუბლიკელები ივანიშვილის ფიგურის გარეშე, ისინი ხომ არაფრის მომტანი იყვნენ, ისევე, როგორც ცალ-ცალკე. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არ არის ის ლიდერი, რომელიც ივანიშვილს კონკურენციას გაუწევს და ვის გამოც ივანიშვილს და მის გუნდს ხალხი ხელისუფლებიდან ჩამოაშორებს. გვახსოვს ბილბორდებზეც კი ივანიშვილის სურათი იყო გამოსახული, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. მან იმ ხალხის მხარდაჭერაც დაკარგა, რომელიც 2018 წელს ჰქონდა. რა რეიტინგი აქვს ახლა, რა გააკეთა? ოპოზიციურ ფლანგზეც არ ჰყავს მხარდამჭერები. მით უმეტეს ის მთელი ერის გაერთიანებას ვერ შეძლებს. თან ესენი გაერთიანებას არითმეტიკულად ანგარიშობენ. ოპოზიციურ ფლანგზე ზურაბიშვილის ფიგურა ვისაც არ მოსწონს, შესაძლოა ნაციონალები მოსწონდეს. ან ივანიშვილი ვისაც უნდა, იმას ნაციონალები არ უნდოდეს და ა.შ. ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუყენოს ისეთი ლიდერი, პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მას გადაწონის და ახალ არჩევნებში დაამარცხებს. ეს არის მთელი ჩვენი პოლიტიკის ანი და ბანი“,-ამბობს საყვარელიძე.

რა პოლიტიკური დანიშნულება აქვს ზურაბიშვილის დასავლეთში აქტიურობას და ოპოზიცია ხომ არ ცდილობს ის როგორც ლიდერი დასავლეთთან შუამავლად ჰყავდეს, ამ კითხვაზე ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნამდვილად ასეა და ოპოზიცია, რადგან მას ისევ პრეზიდენტად ასაღებს, სურს, რომ დასავლეთშიც ვისაც ამის დაჯერება უნდა, მასთან შუამავლად ჰყავდეს.

„კი ბატონო, ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის დასავლეთთან ურთიერთობისთვის მშვენიერი კანდიდატურაა. თან მათ დააყენეს საკითხი ასე, რომ, რადგან არჩევნები გაყალბდა, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია. დასავლეთში ვისაც საქართველოს დაბეჩავება აწყობს, ის ამას თანხმდება და გვიბედავს. ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს იმ ლოგიკაზე, თუ რატომ სჭირდება დასავლეთის ქვეყნებს საქართველო კეთროვნად აქციონ. ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან აქტიურობენ. მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. იციან, რომ საქართველოში თუკი ანაკლიის პორტი გაკეთდა, მათი პორტები მხოლოდ შიდა მოხმარებისღა იქნება. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში მიმდინარე ომი მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, საქართველოშიც გადმოვიდა. ჩვენ ქვეყანაც ამ დაპირისპირებაშია ჩართული. ჩვენმა ხელისუფლებამ მკვეთრად მემარჯვენე პოზიცია დაიკავა, რის გამოც ის აითვალწუნეს. ეს ძალები ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის გარეშე არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ დაიწყეს ისევ ფიქრი ოპოზიციის გაერთიანებაზე და იმაზე თუ ვინ იქნება ლიდერი. რა თქმა უნდა, დასავლეთში ზურაბიშვილზე უფრო მეტ ფსონს დადებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზე“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ვაშაძის განცახდება საგულისხმოა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაშიც ელიან დიდ ოპოზიციურ გარეთიანებას და ეს შეთავაზება პირდაპირ იქიდანაც მოდის.

„ 2012 წელს მიუხედავად ივანიშვილის გამარჯვებისა, ამერიკაში ის კონგრესმენები და სენატორები არსად წასულან, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ. მით უმეტეს კონსერვატორებშიც არიან „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ მყოფი სენატორები, რომლებიც ივანიშვილს კი არა ტრამპსაც ებრძვიან. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იქაც მიხვდნენ ქართველი ხალხის გარეშე არაფერი გამოსდით და გამოსავლის გზებს ეძებენ“, - ამბობს საყვარელიძე.