100 ქართველი ჯარისკაცი ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება

100 ქართველი ჯარისკაცი ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება

ევროკავშირის შეთავაზებას, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით, ქართული მხარე განიხილავს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ირაკლი ალასანიას განხადებით, ქართული მხარე ამ წინადადების განხილვის სტადიაშია.

საქართველომ ამ მისიაში, შეიძლება, დაახლოებით, 100 ჯარისკაცი გაგზავნოს, მაშინ, როდესაც თურქეთის პოტენციური კონტრიბუცია უფრო მოკრძალებულია. ამ ეტაპზე საფრანგეთი 1 600 ჯარისკაცითაა ჩართული მისიაში, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მისიის ლოგისტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს, ხოლო ესტონეთმა სულ ახლახანს გამოთქვა მზადყოფნა 55 ჯარისკაცით მონაწილეობაზე. მისია 6 თვიანი მანდატითაა დამტკიცებული და ამ ეტაპზე სხვა ქვეყნების მონაწილეობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველო არა მარტო ევროპული უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ მისიაში ევროკავშირის ეგიდით ერთვება. იცით, რომ ვილნიუსის სამიტის დროს, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან კრიზისების მექანიზმებში ჩართვას. საქართველო არამარტო ევროპული უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურ უსაფრთხოების სისტემაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ქართველ სამხედროებს შეუძლიათ ნატოს მიერ მართული სამშვიდობო ოპერაციების გარდა, მონაწილეობა ევროკავშირის ოპერაციებშიც მიიღონ. როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი ჯარისკაცები შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

„ქართველი სამხედროები ამჟამად ბევრად მაღალ დონეზე არიან და მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, მაგალითად ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში. ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც შეიძლება მათ წინაშე იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

ამასთან, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და გაწეული ღვაწლის გამო შეერთებული შტატები მას აფასებს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც საქართველომ გამოავლინა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით გაცხადებული სურვილის ფარგლებში, გახლავთ საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში ნატოს მისიაში.

საქართველომ დაადასტურა თავისი ერთგულება, რომ დარჩება სამშვიდობო მისიაში ვიდრე შეერთებული შტატები მიიღებს მონაწილეობას მის განხორციელებაში. საქართველომ ამ პროცესში განიცადა დიდი დანაკლისი, დაჭრილი თუ დაღუპული სამხედროების სახით. ჩვენ დიდად ვაფასებთ მის მიერ გაწეულს ღვაწლს“, - განმარტა რიჩარდ ნორლანდმა.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ქართული მხარე საერთაშორისო ოპერაციებით ორი მიზეზის გამო არის დაინტერესებული. ჩვენ თანასწორი კონტრიბუტორები ვართ საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისა და ასევე ვიღებთ უდიდეს სამხედრო გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. 

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია თვლის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ახლახანს მოეწერა ხელი, უსაფრთხოების კომპონენტში თანამშრომლობასაც მოიცავს და ევროკავშირის ეგიდით მოქმედ კრიზისების მართვის ოპერაციაში შესაძლო ჩართულობასაც. მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპზე არის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ნატოს პარტნიორი. ამასთან 2015 წლიდან კი ქვეყანა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ერთი ასეულით იქნება ჩართული.

„რაც შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შესთავაზა ევროკავშირს უსაფრთხოების კომპონენტში თანამშრომლობა. გასულ წელს განიხილებოდა მალის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამასთან დაკავშირებით უცნობია.

„ევრაზიანეტის“ სტატიის თანახმად ევროკავშირი გამოხატავს სურვილს თურქეთის და საქართველოს ჩართულობის ამ მისიაში. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა სახით იქნება ჩართული ამ მისიაში ქვეყანა, რა საფრთხეებია ჩვენი მისიაში მონაწილეობის კუთხით, რას მოგვცემს ეს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივით.

რაც მთავარია უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, მისიის გაგზავნას პარლამენტი უყრის კენჭს, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის ინფორმირება, თუ რას მოუტანს ეს ქვეყანას და რატომ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების კომპონენტში ევროკავშირთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.

გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ეს არის ულატერნატივო და სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერც ერთ არგუმენტს რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყანამ მსგავსი ტიპის ოპერაციებში.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვართ ამ სივრცის ნაწილი, მაშინ უნდა ვიყოთ ამ სივრცის ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ ამ უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი და მომთხოვნელი, არამედ ჩვენ შევძლოთ სერიოზული წვლილის შეტანა ამაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც საფრთხე არაა ჩაკეტილი მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებში. შეიძლება სადღაცას წარმოშობილი საფრთხე გავრცელდეს და გადმოდინება მოხდეს ჩვენს რეგიონზე.

ამიტომ, ისეთ საერთაშორისო პრობლემებთან ბრძოლა, როგორიც არის ტერორიზმი, მეკობრეობა, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ სივრცის უსაფრთხოებას, რომელ სივრცეშიც ჩვენ გვინდა, რომ განვვითარდეთ. 21-ე საუკუნეში ეროვნული უსაფრთხოება შეიძლება დაიცვა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ დაიცვა ქვეყნის გარეთაც. მისიებში ჩვენი მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“, - აცხადებს ფხალაძე.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო მისიაში, ეს ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოები მას განიხილავენ როგორც იმ სანდო პარტნიორს, რომელსაც შეიძლება გაუზიარონ საკუთარი უსაფრთხოება.

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას და ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას. რაც მთავარია, სრული თავსებადობის მიღწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავსებადობას ვგულისხმობ ორივე მიმართულებით, როგორც ნატო-ს, ასევე ევროპული მიმართულებით. ამ მხრივ საკმაოდ დიდი და პოზიტიური ნაბიჯებია. ასევე, მიღებულია თანხმობა, რომ საქართველო 2015 წელს ჩაერთვება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

ეს ყველაფრი ხაზს უსვამს, რაოდენ მაღალია საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი. პასუხი თქვენს შეკითხვაზე, რამდენად მზად არის ქვეყანა? - პასუხი თავისთავად იგულისხმება იმ თანხმობაში, რომელიც მოვიდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ისინი თანხმობას აძლევენ იმ სახელმწიფოს, რომელსაც აღიქვამენ, რომ არის პარტიორი და იმ სახელმწიფოს შეუძლია აღებული ვალდებულების შესრულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ