„ევროკავშირში ვერ დადგება საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხი, რადგან ლეგიტიმურობას ხელისუფლებას ანიჭებს მისი ამომრჩეველი და არა სხვა ვინმე“

„ევროკავშირში ვერ დადგება საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხი, რადგან ლეგიტიმურობას ხელისუფლებას ანიჭებს მისი ამომრჩეველი და არა სხვა ვინმე“

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობას ქართველი ამომრჩეველი ანიჭებს და ევროკავშირის მიერ ქართული ოცნების ლეგიტიმურობას არცნობა, არასამართლიანი იქნება. მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის აღნიშნული ისეთი დარღვევების შესახებ, რაც მიღებულ შედეგებს რადიკალურად შეცვლიდა და ქართული ოცნების ხელისუფლების აღიარებას ეჭვქვეშ დააყენებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია და აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმჯელებენ. ხოლო, მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. სცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირი ქართული ოცნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, დაბალია, თუმცა - არც გამორიცხული.

ევროკავშირში ვერ დადგება საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხი, რადგან ლეგიტიმურობას ხელისუფლებას ანიჭებს მისი ამომრჩეველი და არა სხვა ვინმე. ამასთან, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში არ არის ცალსახად მითითებული ის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და იმ დაღვევებს, რაც აღმოაჩინა ეუთო/ოდირის კომისიამ, შეეძლო შეეცვალა არჩევნების შედეგები და სხვა პოლიტიკური კონფიგურაცია მიგვეღო საქართველოში. შესაბამისად, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას საფუძველი არ აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ევროკავშირი ბევრ ისეთ რამეზე წავიდა, რაზეც ადრე არ წავიდოდა - ამიტომაც, არაფერია ბოლომდე გამორიცხული, თუმცა, ალბათობა იმისა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადონ, დაბალია, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანჯაფარიძის შეფასებით, პერსპექტივა იმისა, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა შეიცვლება და უკეთესი გახდება, ამ ეტაპზე არ არსებობს. მისი განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დამოკიდებულება ექნება აშშ- ახალ ადმინისტრაციას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში:

სამწუხაროდ, ვერ ვხედავ რაიმე დამაიმედებელ პერსპექტივას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დათბეს, რადგან ევროკავშირს ცალსახად არ მოეწონა ის, რომ ამ არჩევნების შედეგად, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩა, რადგან ისინი ამ არჩევნების შედეგად ელოდებოდნენ, რომ ჩამოყალიბდებოდა პროევროპული კოალიციური მთავრობა. ეს რადგან არ მოხდა, მათი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ იყო ნეგატიური. ამას დაემატა მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პირის, სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა, რამაც ხელი შეუწყო ამ განცდების გაღრმავებას და იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ცოტა რამ გააკეთა იმისათვის, რომ სათანადოდ ემუშავა ევროსტრუქტურებში, სამაგიეროდ, საკმარისზე მეტი გააკეთა, ოპოზიციამ - ამ კუთხით, მათ გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს, რადგან უფრო მეტი ცუდი იწერება ევროპაში ქართულ ოცნებაზე, ვიდრე დადებითი, მოწინააღმდეგეები უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრეები.

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში და ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ დაუბრუნდეს პროევროპულ ტრაექტორიას. არ გამოვრიცხავ, 3 თებერვლის შეხვედრაზეც, გარკვეული რეკომენდაცია მომზადდეს იმისათვის, რომ დამატებით, რაღაც დამსჯელი ღონისძიებები იყოს განხორციელებული.

ქართული ოცნება ელოდება იმას, თუ რა რეაქცია ექნება აშშ- ახალ ადმინისტრაციას საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან - ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ აეწყობა ურთიერთიბები ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. თუ ეს ურთიერთობები წავიდა დადებითი მიმართულებით, შესაძლოა ევროპაშიც მოხდეს გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით. ახლა დასავლეთის დამოკიდებულება ცალსახად არის ნეგატიური, მაგრამ თუ ამერიკიდან წამოვიდა გარკვეული სიგნალები იმისა, რომ ისინი მზად არიან იქონიონ ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, ევროკავშირის დედაქალაქებშიც შეიძლება გარკველი ძვრები მოხდეს, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სტან ინტერვიუში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გახადა. საკითხს 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა.

საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - განაცხადა ბორიანა ობერგმა.