ვაზელინიადა ანუ პოლიტიკა და სექსი

ვაზელინიადა ანუ პოლიტიკა და სექსი

ქართული იგავია: ძაღლები ლეშს ჭამენ და ერთმანეთს უღრენენ. რამდენჯერაც მგელი გამოჩნდება, ძაღლები იმდენჯერ თავს ანებებენ ლეშს და მგელს ერთად იგერიებენ. მგელი გაოცებულია, ერთმანეთს გასაგლეჯად იმეტებენ, როგორც კი მე გამოვჩნდები, ერთიანდებიანო...   

საქართველოში, ოდითგანვე, ასეთი ტენდენციაა: თუ მმართველი პარტია მარცხდებოდა, ისე ქრებოდა პოლიტიკური სივრციდან, თითქოს, არც არსებულა. ჯერ პოლიტიკურ ლეშად იქცეოდა, მერე ყარდა და ხან გაერთიანებული ძაღლები გლეჯდნენ, ხანაც ლეშის სუნით შეწუხებული ხალხი ისროდა პოლიტიკურ სანაგვეზე. ასე დაემართა კომუნისტურ პარტიას, მერე ,,მრგვალ მაგიდას’‘, მერე მოქალაქეთა კავშირს და აგერ, ნაციონალური მოძრაობის რიგიც მოვიდა. წინა სახელისუფლებო პარტიებისგან განსხვავებით, ნაცმოძრაობა კბილებით იბრძვის და იმის მიუხედავად, რომ ჩასაძირად განწირული ნაციონალური გემიდან ბევრი გადახტა (და როცა გემი იძირება, რომელი სულიერი ტოვებს პირველი, შეხსენება არ გჭირდებათ), მაინც ჯიუტად ეძებენ მაშველ რგოლს. პრინციპში, რაღა ეძებენ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა თქვა, ჩვენ ძალიან გვინდოდა, ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო ხელისუფლების შემდგომი პარტია, მაგრამ ამ შანსს ხელიდან უშვებსო. ვერ გეტყვით, რატომ არის ლევან ბერძენიშვილის გადასაწყვეტი, ვინ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების შემდგომი პარტია, მაგრამ, ფაქტია - ნაციონალური მოძრაობა შანსს, მართლაც, ხელიდან უშვებს.

პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი რჩება, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას გიგი უგულავა აპირებს, დაანონსებული ახალი სახეები კი კვლავ არ ჩანან, რაც, მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ ნაციონალებს ახალი სახეები, უბრალოდ, არ ჰყავთ ანუ, მათთან ერთად, ჩაძირვის მსურველი ცოტაა და ის ცოტაც ისეთი, გამოსაჩენად რომ არ ღირს. ისევ მიმდინარე პროცესებს დავუბრუნდეთ. პოლიტიკურ აკვარიუმში ტივტივს ერთი ნავიდან მეორეში გადასული პოლიტიკოსებიც აპირებენ. ზოგადად, საქართველო პარადოქსების ქვეყანაა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბევრი მათგანი ამას მოახერხებს და თან ისე, შუბლზე ძარღვიც არ აუტოკდება (რაც არ არის, ის არც ტოკავს). პარადოქსია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაზელინის სუნი დგას, მაგრამ ეს მალამო მაინც დეფიციტშია.

როგორც ჩანს, გვარიანად მომარაგებული ჰქონიათ და ისე აქტიურად იყენებენ, თავებს პრიალი გაუდის. და მაინც, რას უნდა ველოდეთ ამ დაპირისპირებიდან? პირველ რიგში იმას, რომ სანახაობას მონატრებული ხალხი აშკარად გაერთობა და რაც უფრო ხშირად იქნება გაწევ- გამოწევა, მით დიდი რეიტინგი ექნება გადაცემასა თუ პარლამენტის სხდომებს. სოსო ჯაჭვლიანის მიერ გიორგი ბარამიძის მიჯირყვნას უფრო მეტი ,,ნახვა’‘ ჰქონდა სოციალურ ქსელებში, ვიდრე _ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპულ ვიზიტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს, ევროპაზე მეტად, ნაცემი ნაცები აინტერესებს ანუ როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა, ქაჯობამ გვაჯობა. პრინციპში, ჯერ ბოლომდე არ უჯობნია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სალომე ზურაბიშვილის უკვდავი ფრაზის _ ,,ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან’‘ პერიფრაზი მოგვიწევს. აქ წერტილის დასმაც შეიძლებოდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში წერტილს არავინ სვამს, ძირითადად, მძიმეებზე ვართ ორიენტირებულნი და წინ კიდევ არაერთი მძიმე კვირა თუ თვე გველის. მანამდე კი, სანახაობით ისიამოვნეთ, პურის გემო ხადურს ჰკითხეთ, ხუდონის ამბები _ ლევან პირველს, პუტინთან შეხვედრის პერსპექტივები კი _ მიხეილ ხუბუტიას. ადრე საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა თქვა, ფეხბურთი სექსი არ არის, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩესო... არც პოლიტიკაა სექსი, ბატონებო და მუდმივ კმაყოფილებას ნუ მოინდომებთ. 

P.s. ცნობისთვის, ძაღლი ადამიანის მეგობარია.