„როცა ხალხის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, ჩვენი დელეგაციის ევროსაბჭოდან გამოძევება უნდათ, როგორ  დაიჯეროს ხალხმა, რომ ესენი ქვეყნის სასიკეთოდ იღწვიან?!“

„როცა ხალხის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, ჩვენი დელეგაციის ევროსაბჭოდან გამოძევება უნდათ, როგორ  დაიჯეროს ხალხმა, რომ ესენი ქვეყნის სასიკეთოდ იღწვიან?!“

ოპოზიციის მავნებლობა და მოღალატეობრივი ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგ - ასე აფასებს ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერონ. უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორი ევროპის სახალხო პარტიის წევრი, შვედი დეპუტატი ბორიანა აბერგია. საკითხის განხილვა ახლა მონიტორინგის კომიტეტს აქვს დავალებული, რომელმაც გადაწყვეტილება 29 იანვარს დაგეგმილი დებატების შემდეგ, კენჭისყრის გზით უნდა მიიღოს.

უფლებამოსილების არცნობის არგუმენტად პარლამენტის არალეგიტიმურობა სახელდება. ანალოგიური მოთხოვნით საპარლამენტო ასამბლეას ბარიერგადალახული ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიაც მიმართავს. მმართველ გუნდთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატების პროგნოზი ოპტიმისტურია, გასხვავებით ოპოზიციისგან. დღის წესრიგშია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვაც.

თუმცა ოპოზიციის ქმედებას უკვალოდ არ ჩაუვლია. უკვე ცნობილია, რომ ევროსაბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა - ინფორმაცია საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭოს განმარტავს, რომელ კატეგორიებს შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, შემდეგ კატეგორიებზე:

„საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.

საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.

„არის რისკი, რომ საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. იმედი გვაქვს, ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ამას, რადგან ეს დააზიანებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია, უკვე დიდი ხანია, ქცეულია შადიმანად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“, - ამბობს ის.

„ოპოზიცია მოქმედებს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ინტერესებს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ქცევის ახალი ფორმა არ არის და სწორედ ამას ახორციელებენ ევროსაბჭოში.

„ერთი რამ უნდა გავიგოთ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც ჩვენ ვეძახით ოპოზიციას, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის მათი ქცევის ახალი ფორმა, ისინი ამით არიან დაკავებული ძალიან ბევრი წელია და კიდევ ერთი გამოვლინებაა ევროსაბჭოში ებრძოლო ქართულ სახელმწიფოს და ებრძოლო საქართველოს ინტერესებს, რასაც ისინი ახორციელებენ ამ წუთას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროპულ საბჭოში მიმდინარე პროცესები ოპოზიციის იმ მოღალატეობრივი ქმედებების გაგრძელებაა, რასაც უკვე დიდი ხანია თავლს ვადევნებთ. კიკნაძე ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდის და უნდათ, რომ ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს.

„ეს არის ანტიქართული საქმე, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ვინ არის პროევროპული და ვინ არის სხვა ორიენტაციის, მშვენივრად ჩანს. ჯაფარიძე ამბობდა, კომპრომატებს ვაგროვებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ლეგიტიმაცია შეუწყდესო. თუმცა ამ ოპოზიციისგან არაფერი აღარ არის გასაკვირი. ხალხი, რომელიც ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ქვეყნის გადატრიალებაზეც კია წამსვლელი, მათი ქმედება გასაკვირც არ არის. ორჯონიკიძეები გვყავს ოპოზიციაში, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებიან და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმე გააკეთონ, მავნებლობით არიან დაკავებულები.

 ამით ხომ ქართველი ხალხის თვალში კიდევ უფრო კოტრდებიან და მათი პოლიტიკური ღირებულება ნულის ტოლია. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთვის ხალხის მხარდაჭერაა საჭირო და არა დასავლეთში, ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში ქვეყნის მავნებლური ქმედებები. როცა ხალხის სასიკეთო ერთ საქმეს არ აკეთებენ და პირიქით, ჩვენი დელეგაციის იქიდან გამოძევება უნდათ, როგორ უნდა დაიჯეროს ქართველმა ხალხმა, რომ ესენი ქვეყნის სასიკეთოდ იღწვიან?!“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ბრიუსელში მაღალი თანამდებობის ეშელონებში, ჯერ კიდევ „დიფ სტეიტის“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთა გავლენებიც დიდია. შესაბამისად, ტრამპის მოსვლა ჯერ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მით უმეტეს ასე სწრაფად ევროპაზე მისი გავლენა ვერ განხორციელდება. ამიტომ ოპოზიცია ცდილობს დრო მოიგოს და „ოცნებას“ დასავლეთში ყველა ევროპულ სტრუქტურაში ზიანი მიაყენოს.

„თანდათან ეს ტენდენცია შეიცვლება, რადგან ტრადიციული მემარჯვენე ძალები უფრო დიდი რაოდენობით მოვიდა ევროპარლამენტში. ამიტომ ცვლილებები დაიწყება, მაგრამ ნელ-ნელა. სამწუხაროდ, ბრიუსელში ჩინოვნიკები ისევ ის ხალხია, რომლებიც ადრეც იყვნენ და „დიფ სტეიტის“ გავლენის აგენტები არიან. სწორედ ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები, ამიტომ ბრიუსელში ეს ფესვები ძალიან ღრმად არის გადგმული. არადა ჩვენ ვიხილეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ოპოზიციას კონსტრუქციული ქმედებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა. მაშინვე მის წინააღმდეგ ჩივილი დაიწყეს.

ახლა კი საქართველოს დელეგაციის ამ სტრუქტურიდან გამოძევება უნდათ. ჩვენი ოპოზიცია დაკვეთების შემსრულებელია, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ოპოზიციამ ქართული საქმე რომ გააკეთოს, უკვე ის უნდა გაგვიკვირდეს. ოპოზიცია ერთ რამეს ვერ ხვდება, რომ საქართველოს ევროპამ სანქციები რომ დაუწესოს, დიდად არაფერს ცვლის. ჩვენ რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, ეს ხარაკირი იქნებოდა. რაც შეეხება ევროკავშირს, ეს არის ძირითადად დაფინანსებები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარიც კი თქვა. ძირითადად ეს მიდის ვითომ სიტყვის თავისუფლებაზე, ამით კი ფინანსდებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მედიები, რომლებიც ქვეყნისთვსი ძირგამომთხრელი საქმიანობით არიან დაკავებულები. მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თუკი ეს ძალები არ მიიღებენ დაფინანსებას, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამბობს კიკნაძე.

Aburjga Tasmanieli ბმული
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ბუნებაში ზოგიერთი პარაზიტიც ასრულებს გარკვეულ სასარგებლო როლს! ესენი ვინც სურათზეა და ვინც კიდევ მათი გულშემატკივარია მხოლოდ ანგრევენ, წერაქვით ხელში ანგრევენ მრავალტანჯულ საქართველოს!
1 დღის უკან