აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი თავისი ღირებულებების გატარებას აქტიურად შეუდგა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი სვლა ეს იყო ბაიდენის 78 აღმასრულებელი განკარგულების გაუქმება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ღირებულებებთან, ამდენად, იმედოვნებენ, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას შეძლებენ.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს, ეს არის ეროვნული ღირებულებების წინ წამოწევა, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, უკრაინაში ომის დასრულება, ლგბტ თემის უფლებების შეზღუდვა და მათი დროშის ჩამოხსნა სახელმწიფო შენობებიდან, „დიფ სტეიტთან“ ომის გამოცხადება, ჩინეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, არასამთავრობოების დაფინანსების 90 დღით შეჩერება.
ტრამპი იმდენად კატეგორიულია ლგბტ თემის მიმართ, რომ ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს უფლის სახელით ლგბტქ თემისა და მიგრანტების მიმართ მოწყალებას ითხოვდა მისგან.
„ე.წ. ეპისკოპოსი, რომელმაც სამშაბათ დილას ისაუბრა ქადაგების დროს, იყო რადიკალი მემარცხენე და ტრამპის მოძულე. მან თავისი ეკლესია პოლიტიკის სამყაროში გარია ძალიან არაკეთილსინდისიერი გზით. მისი ტონი საზიზღარი იყო. მან არ ახსენა არალეგალი მიგრანტების დიდი რაოდენობა, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მოკლეს ხალხი. მან და მისმა ეკლესიამ ბოდიში უნდა მოიხადონ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკელი ეპისკოპოსისგან განსხვავებით, ტრამპის რიტორიკას და მის ღირებულებებს იწონებს ქართული ეკლესია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წერილობით მიმართავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის მისწრაფება, დაიცვას ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროს ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.
პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია დონალდ ტრამპის პირველ ნაბიჯებს მიესალმება. ის აცხადებს, რომ ყველა ჯანსაღი ადამიანის პოზიცია ასეთია, თუმცა არიან ლიბერფაშისტებიც, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ.
გიორგი გამსახურდიას თქმით, ტრამპის, ანუ „ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით დასრულდა მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა.. . ომი ჯვართან ჯერ არავის მოუგია“. ამ შემთხვევაში, საუბარია ტრამპის ახალ მითითებაზე, რომელიც გენდერული იდეოლოგიის გასავრცელებლად საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას კრძალავს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისობრივად გადაიტვირთება.
„ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საქართველოს ხელისუფლებას სურს სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ექსპერტი გია ნოდია ამბობს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ტრამპს ჩვენს „ქოცებს“ ადარებს, რაც პოლიტიკურად არაპროდუქტიულია, რადგან „ქოცებს“ უნდათ ტრამპის თანამოაზრეებად წარმოაჩინონ თავი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპის ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის ღირებულებებთან, რომელმაც ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს განაცხადა თავისი პრიორიტეტების შესახებ.
„სრულ აბსურდშია ბატონი გია ნოდია, რომელიც ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ტრამპის თანამოაზრედ წარმოაჩინოს თავი. ნოდია ახლა გაოგნებულია, მისთვის მთავარია ის გრანტები, რომელ გრანტებსაც იგი 30 წლის მანძილზე იღებდა და იყენებდა საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს გრანტები 90 დღის განმავლობაში გადაიკეტა და მერეც გადაკეტილი იქნება. ვურჩევ ნოდიას და მის მსგავს უსამშობლოებს, გადაახვიონ და ნახონ 21 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ „იმედის“ არხზე. ფაქტობრივად, რაც თქვა ახლა ტრამპმა და რა ბრძანებულებებსაც ხელი მოაწერა, 21 ოქტომბერს ეს უკვე ნათქვამი აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამდენად, ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციასაც გააჩნია. სწორედ ამ ღირებულებებით არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვობაში ჩვენ გავიზარდეთ სენტ- ეგზიუპერის ბრწყინვალე ზღაპარ „პატარა უფლისწულზე“. იქ არის ერთ-ერთი პერსონაჟი მეფე, რომელიც დაჯდება სკამზე და მზეს ეუბნება, ამოდიო და მზეც ამოდის. შეატრიალებს სკამს, დაჯდება მეორე მხარეს, მზეს ეუბნება, ჩადიო და მზეც ჩადის. ეს არის „ქართული ოცნება“. მან კარგად იცის, საიდან ამოდის მზე და „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩეველსაც სჯერა, რომ ივანიშვილმა რომ უთხრა მზეს, ამოდიო, მზეც ამოვიდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, ტრამპი ვინაა, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით, რადგან ტრამპი ერთხელ უკვე იყო პრეზიდენტი, ამიტომ ისინი იქცევიან სენტ-ეგზიუპერის მეფესავით, წინასწარ აცხადებენ იმას, რაც ტრამპმა უკვე გამოაცხადა - „მე ხვალ ამას გავაკეთებ“. რას იტყვის და როგორია ჩვენი ოპოზიცია, ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ხელისუფლების პოზიციას, რომელიც ქვეყანას ან ააშენებს, ან დააქცევს. ოპოზიციას თავისი გასჭირვებია. ტრამპს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას „ქართული ოცნება“ კი არა, ევროპა და ჩინეთიც ფეხებზე ჰკიდია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.