ექვსი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადის პირველივე დღეს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობისას მეზობლები ნაკლებად მტრულად ექცევიან ერთმანეთს.
საქართველოს მთავრობა ცდილობს $45 მილიარდიანი ზამთრის ოლიმპიადა რუსეთთან კავშირის აღსადგენად გამოიყენოს. 7 თებერვლის გახსნის ცერემონიალიდან 4 დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ჩრდილოელ მეზობელთან პირდაპირი დიალოგისათვის. სოჭი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული იმ რეგიონებიდან, რომელმაც 2008 წლის ომი გამოიწვია.
"სოჭი იდეალური შესაძლებლობაა ჩვენი მთავრობისათვის, რათა დაამტკიცოს, რომ ჩვენი მისწრაფებები - გავაუმჯობესოთ და დავასტაბილუროთ რუსეთთან ურთიერთობა, ლიტონი სიტყვები როდია", გვითხრა ტელეფონში პაატა ზაქარეიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - "საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ოლიმპიადის მშვიდობიანად და წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფაში."
მეტი ინფორმაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების შესახებ
ოლიმპიადის მისამართით მუსლიმი მეამბოხეების ტერორისტული მუქარების ფონზე, ეს ორი ქვეყანა თავიანთ საზღვრებზე უსაფრთხოების და წესრიგის კონტროლს აძლიერებს. რეგიონში მომხდარი ორი ომის შემდეგ, რუსეთმა და საქართველომ საერთო ინტერესებს აქ მიაკვლიეს, ასევე მეტნაკლებად "იხსნება" ვაჭრობისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროც.
როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გვატყობინებს, 21 წლის თბილისელი ნინო წიკლაური ხვალ სამთო-სათხილამურო დისციპლინაში მოსინჯავს ბედს და ის სოჭის ოლიმპიადაზე გამოსული პირველი ქართველი იქნება.
ივანიშვილის შემოსვლა
ყინულის დნობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დაიწყო, რომლის ქონებაც „ბლუმბერგის“ მილიარდელების რეიტინგში 5.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა, პირობა დადო, რომ რუსეთთან კავშირებს აღადგენდა.
2013 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე (რაც ქვეყნის ორ ყველაზე პოპულარულ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს) შვიდწლიანი ემბარგო მოხსნა. აგვისტოში საავტომობილო კავშირიც აღდგა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ავიახაზებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი 450 კილომეტრიანი (280 მილი) თბილისი-სოჭის რეისი განახორციელა. ოლიმპიადის განმავლობაში ამ მარშრუტს 6 ჩარტერული რეისი ემსახურება.
გარდა ამისა, რუსეთმა და საქართველომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრისათვის (რომელიც ოლიმპიადის ბოლო დღეს 26 თებერვალს იმართება) ჯგუფში ერთად თამაშის შესაძლებლობაც დაუშვეს.
პუტინის "პრერეკვიზიტები"
როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, 10 თებერვლის შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს, რაც ერთ-ერთი "პრერეკვიზიტია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის საკითხში."
„ძალიან მინდა, რომ გარდასული წლების ტრაგედიები რაც შეიძლება მალე მიეცეს დავიწყებას", განაცხადა პუტინმა - "ჩვენ გვესმის, რომ ეს იოლი პროცესი ვერ იქნება, მაგრამ რუსეთის მთავრობა მიესალმება საქართველოსთან კავშირის აღსადგენად განხორციელებულ პოზიტიური ცვლილებებს".
2008 წლის პეკინის ოლიმპიადის დაწყებისას, პუტინმა, რომელსაც მაშინ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს აცნობა, რომ "ომი დაიწყო."
კრემლმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჯარი გააგზავნა, რომელსაც, მათი სიტყვებით, ქართული სეპარატისტული რესპუბლიკები სამთავრობო ჯარებისაგან უნდა დაეცვა. ზავის მომენტისათვის, ქართული ჯარი უკვე განდევნილი იყო ორივე ტერიტორიიდან, ხოლო რუსეთს ფოთის პორტი და ქალაქი გორი ჰქონდა ოკუპირებული.
2008 წლის დასასრულს რუსეთმა ორივე ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათ საზღვრებთან ჯარი განათავსა.
სააკაშვილის მუქარა
2010 წელს, სააკაშვილის პრეზიდენტობისას, საქართველო რუსული ჯარის მიერ სეპარატისტული რეგიონებიდან არგასვლის შემთხვევაში სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტით დაიმუქრა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოლიმპიადაზე ქართველების გამგზავრების გაპროტესტების ფონზე თამაშებზე ოთხი ქართველი იასპარეზებს: სამი მოთხილამურე და ერთი მოციგურავე. სამთავრობო დელეგაცია ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.
პუტინმა დეკემბერში განაცხადა, რომ "მისი პირადი დამოკიდებულება საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ შეიცვალა" და რომ რუსეთი უვიზო რეჟიმის აღდგენაზე იფიქრებდა. საქართველომ ომის შემდეგ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
"ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რომელსაც საქართველოს ახალი მთავრობა გვიგზავნის" - განაცხადა პუტინმა.
ივანიშვილის მიერ (რომელიც ერთი წელიწადი იყო პრემიერ-მინისტრი) დანიშნულმა ღარიბაშვილმა 11 თებერვალს ტელეარხ „იმედზე“ განაცხადა, რომ "მზადაა" რუსეთის მმართველებთან დიალოგის დასაწყებად. 12 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რუსი და ქართველი დიპლომატები მომავალი თვის დასაწყისში ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას განიხილავენ.
დამოუკიდებელი სახელმწიფო?
წინა თვეში საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში არ აურევდა. მან აღნიშნა, რომ არანაირ საპროტესტო ქმედებებს არ გეგმავდა რუსული მედიისა და მთავრობის წინააღმდეგ მათ მიერ აფხაზეთის (რომლის საზღვარიც მხოლოდ 10 კილომეტრშია დაშორებული ადლერს, ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ადგილს) დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების გამო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ქართულმა მხარემ საზღვრები აღადგინა და ოლიმპიადის მსვლელობისას საზოგადო თავშეყრის ადგილების მონიტორინგს ახდენს.
საქართველომ დაიჩივლა, რომ რუსეთი "უკანონოდ" აფართოებდა უსაფრთხოების ზონას ოლიმპიური მშენებლობების გარშემო და საზღვრებს უფრო ღრმად სწევდა აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით. რუსეთი იმ ერთი მუჭა ქვეყნების ჩამონათვალში შედის, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას", განაცხადა ღარიბაშვილმა 23 თებერვალს დავოსში - "ბაზრის გახსნის შემდეგ ექსპორტი გასამმაგდა. ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უამრავი სირთულისა და პროვოკაციის დაძლევა გვიწევს საზღვრებთან მიმართებაში."
რთული არჩევანი
რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს, მისი პრეზიდენტი იმ 40 ლიდერთა შორის გახლდათ, ვინც ოლიმპიადის გახსნა დაესწრო.
ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 3 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოჭში სპორტსმენების გაგზავნით საქართველოს მთავრობამ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა რა ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.
ოპოზიციის ლიდერებისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას აზრით, მთავრობამ ნაციონალური პრიორიტეტების დანახვის უნარი დაკარგა.
"როგორც ვხედავთ, საქართველოს ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას", განაცხადა ბოკერიამ, "რუსეთის პოლიტიკა ნათლად ჩანს სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში და ის უცვლელია: აღადგინონ და გააძლიერონ გავლენა ამ ქვეყნებზე, დაასუსტონ ისინი და გაანადგურონ მათი სახელმწიფოებრიობა."
იმის მიუხედავად, შეცვლის თუ არა შერიგებისაკენ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობას ამ ორ მეზობელს შორის, ამ ნაბიჯებს ემხრობა მილიარდერი ივანიშვილიც, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შესვლასაც მიესალმება.
"საქართველოს ევროკავშირისაკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და ოლიმპიადა საუკეთესო გზაა ამისათვის", განაცხადა ივანიშვილმა 4 თებერვალს, "ოლიმპიადის დროს ომები ჩერდებოდა ხოლმე - ეს ურთიერთობების აღდგენის კარგი საშუალებაა."
foreignpress.ge